საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირზე გოგაშვილის გაჟღერებული ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს

განცხადებები 15 სექტემბერი 2022

ვეხმიანებით 10 სექტემბერს, ტვ პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი საპატიმროდან საქართველოს ხელისუფლებასა და იმდროინდელ სუს-ის უფროსს და მოქმედ შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) პირდაპირ კავშირში სდებს ბრალს.

 

სიუჟეტში გოგაშვილი და სუს-ის იმდროინდელი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობენ. როგორც შაბათის ეთერში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, 2016 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა ვლადიკავკაზში შედგა. მისივე მტკიცებით, შეხვედრის მიზანი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კომუნიკაციის გამყარება, კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეების დახმარება, ასევე რუსეთისთვის ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა იყო. ამავე ინფორმაციით, შეხვედრიდან მალევე გომელაური რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდა რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელს. გოგაშვილის მტკიცებით, საქართველო აკრძალული რუსული ტვირთების  დერეფნად იქცა.

 

რამდენიმე დღით ადრე, გოგაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლება კოორდინაციაში იყო რუსეთის სპეც-სამსახურებთან ე.წ. „სკრიპალების საქმის” გამოსაქართველოდან რუსი დიპლომატების გაწვევის პროცესში. გოგაშვილის მტკიცებით, რუსეთის სპეცაგენტების 10 კაციანი სია მოსკოვთან შეთანხმდა.

 

გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა და „ტვ პირველის“ სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ან/და სამოხელეო დანაშაულზე, რუსეთთან ხელისუფლების მჭიდრო კავშირებსა და ანტიდასავლურ კურსზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. შესაბამისად, გაჟღერებული ინფორმაცია სრულყოფილ და სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს.

 

წლების განმავლობაში გახმაურებული საქმეების შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაცია აჩენს კითხვებს პროკურატურის არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ. შესაბამისად, საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას  დროებითი საგამოძიებო კომისია,[1] რომელიც სიუჟეტში აღწერილ გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

უფლებები საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

 

 

 


[1] პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე მუხლების თანახმად პარლამენტის 30 დეპუტატს შეუძლია დააინიციროს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი თუ არსებობს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ,რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024