21 თებერვალი, 2014 წელი
როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (Open Government Partnership - OGP), რომლის ინიციატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, მთავრობების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დღეის მდგომარეობით ჴგჵ აერთიანებს 60-ზე მეტ სახელმწიფოს.
2012 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ OGP-ის ფარგლებში წარმოადგინა 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს OGP-ში მონაწილოების კოორდინაცია დავალებული აქვს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს). საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ უმნიშვნელოვანესი სიახლეები დანერგა ღია მმართველობის, ინფორმაციის თავისუფლების, გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული მიღწევების თვალსაზრისით. სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების ფარგლებში მიღწეულ წარმატებად უნდა აღინიშნოს გაეროს საკმაოდ პრესტიჟული 3 პრიზი (იუსტიციის სახლის პროექტი, როგორც საჯარო მომსახურების გაუმჯობესების კატეგორია, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ პლატფორმა, როგორც კორუფციის პრევენციის მექანიზმი).
OGP-ის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ინფორმაციის თავისუფლების გაუმჯობესების ნაწილშიც, კერძოდ დაინერგა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტი და დაიწყო მათი პრაქტიკაში ამოქმედება. აღნიშნული ვალდებულების წარმატებით განხორციელების გამო, საქართველო დასახელდა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად და სამოქალაქო საზოგადოების ინიცირებით, საქართველომ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლონდონის 2013 წლის სამიტზე, როგორც OGP-ის „ნათელი წერტილის“ (Bright Spots) ფინალისტმა, წარმოადგინა ინფორმაციის თავისუფლებაში მიღწეული შედეგი, როგორც სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების საუკეთესო მაგალითი.
OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მან თავის განცხადებაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას, ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განიცადა. მიღწევებს შორის, როგორც საქართველოში დემოკრატიის განვითარების ინდიკატორი, დასახელდა საქართველოს მონაწილეობა „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP): „საქართველოს მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების კუთხით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა დაწინაურებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვით“.
საქართველოს მთავრობას, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, გაუჩნდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მართველ კომიტეტში მოხვედრის შანსი. ამასთან დაკავშირებით არის უკვე პირდაპირი გზავნილები ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოდან. ამ ეტაპზე, საქართველომ უნდა წარმოადგინოს OGP-ის სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტი, რომლმაც უნდა მოიცვას 2014-2015 წლების აქტივობები. იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინიციატივის ხელმძღვანელი მთავრობების სამდივნოში დაიკავოს საპატიო ადგილი, აუცილებელია, რომ OGP-ის საკითხებზე მუშაობაში, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პლატფორმაში, უშუალოდ ჩართული იყოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი.
ვფიქრობთ, რომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზე, პროცესის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ, იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე გამორჩეულად დააფიქსიროს OGP-ის პრიორიტეტულობა, უნდა აიღოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს გამოეხმაურება და დაკავშირებული იქნება OGP-ის დეკლარირებულ პრინციპებთან. აღნიშნულ პროცესში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.
ჩვენ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები, OGP-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ უკეთესი შედეგის მისაღწევად, უნდა შედგეს პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა თქვენთან, იმისთვის რომ უფრო დეტალურად გაგაცნოთ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი შეხვედრისას, მოვისმენთ თქვენგანაც, თუ როგორია საქართველოს მთავრობის ხედვები, გეგმები და სამომავლო პერსპექტივები OGP-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ფორუმის წევრი ორგანიზაციები: