ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

განცხადებები 3 აპრილი 2020

3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს,  მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე. 

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა იმავე დღის წესრიგით 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დანიშვნის პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.

 

 

- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

- კონსტიტუციის 42-ე მუხლი

- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

- კავშირი „საფარი“

- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

- თანასწორობის მოძრაობა

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024