ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის ისტორიის განსაკუთრებით მტკივნეულ თემას 1937-1938 წლების „დიდი ტერორი“ წარმოადგენს. საქართველოში, 30-იანი წლების სახელმწიფო რეპრესიები ათობით ათას ადამიანს შეეხო და ალბათ არ დარჩენილა ოჯახი, სადაც ამ ტრაგიკულ მოვლენას თავისი კვალი არ დაეტოვებინა. გასამართლებულთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის განაჩენის სისრულეში მოყვანა რამდენიმე ქალაქში ხდებოდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი) დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, ქ. თბილისში დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, თბილისიდან 18 კილომეტრში, სოფელ სოღანლუღთან, მისგან 8 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი დღესდღეობით მდებარეობს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე.
1953 წელს, ე.წ. „ბერიას ჯგუფის“ (ბერია, გოგლიძე, ქობულოვი და სხვანი) გასამართლების შემდეგ, დაიწყო 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეთა გადახედვა. 1954-1958 წლებში გადაიხედა საკმაოდ ბევრი სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა (რეაბილიტაცია მიიღო) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული „განსაკუთრებული სამეულის“ (Особая Тройка при НКВД ГССР), საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიის (Выездная Сессия Военной Коллегии Верховного Суда СССР), განსაკუთრებული სათათბიროს (Особое Совещание при НКВД СССР) და სხვა სასამართლო, თუ არასასამართლო ორგანოს მიერ რეპრესირებულმა ათასობით ადამიანმა.
საქართველოში 1955 წელს გაიმართა ღია სასამართლო პროცესი შინსახკომის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ (ე.წ. „წერეთელი, რაფავა, რუხაძის და სხვათა“ საქმე), სადაც ერთ-ერთ ძირითად ბრალდებად ფიგურირებდა 1937-1938 წელს დაპატიმრებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიცირება და ძიების უკანონო მეთოდების გამოყენება.
გარდა აღნიშნული პროცესისა, საქართველოში ამ პერიოდის განმავლობაში, ანალოგიური ბრალდებით, დაპატიმრებული იქნა და გასამართლდა 1937-1938 წლების რეპრესიების მონაწილე შინსახკომის არაერთი თანამშრომელი (გამომძიებელი).
ზუსტად ამ პერიოდში დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც უშუალოდ მოჰყავდათ სისრულეში დახვრეტის განაჩენები-გადაწყვეტილებები 1937-1938 წლებში.
მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში მოყვანილია ბევრი დეტალი, თუ როგორ, სად და რა მასშტაბებით ხდებოდა დახვრეტები გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდში. ერთ-ერთ ასეთ ჩვენებაში, მოცემულია ის ადგილი, სადაც ხორციელდებოდა მასობრივი დახვრეტები:
«После осуждения арестованных судом или «трокой» решения этих органов приводилось в исполнение»
Приговоренные к расстрелу, расстреливались в поле, в ночное время в 18 км. От Тбилиси, около села Соганлуги, в 8 км. от него. Расстреливал их начальник тюрьмы, дежурные по комендатуре . Расстреливали обычно, по 20, 40 человек, а иногда и 100. Некоторые арестованные кричали во время их расстрела «Да здравствует Ленин и Сталин», «Да здравствует коммунизм». Некоторые арестованные ругали следователей, проводивших расследование по их делу...»
საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალი“ წლების განმავლობაში აწყობდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიებს აღნიშნულ ადგილზე. „მემორიალთან“ ერთად, აღნიშნულ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
ინსტიტუტის მკვლევრები, გარდა არქივში ინფორმაციის მოპოვებისა, მასობრივი დახვრეტის ადგილების მომიჯნავე სოფლებში ვეძებთ ხანდაზმულ ადამიანებს, რომ არქივში ნაპოვნი ცნობები, თვითმხილველების გადმოცემებით დავადასტუროთ. აგრეთვე, ვაგროვებთ დახვრეტების თვითმხილველებისგან ზეპირ ისტორიებს.
ერთ-ერთი ასეთი მთხრობელი ჩავწერეთ სოფელ გაჩიანში. 100 წელს მიტანებულმა თალიბ ალიევმა არ დაიზარა და ყველაფერი გვიამბო. 1937-1938 წლებში,ზაფხულში, როდესაც ის, 25-26 წლის ახალგაზრდა მწყემსად მუშაობდა, წალკიდან ჩამოსულებს ცხვარი ამ ტერიტორიის მახლობლად ჰყავდათ გაჩერებული. ის რამდენჯერმე შეესწრო, რომ ღამით, ღრმად ამოთხრილ ორმოებთან მოდიოდა 10-12 სატვირთო მანქანა ე.წ „პოლუტორკა“, საიდანაც გადმოჰყავდათ ხელებგაკოჭილი ხალხი. ბატონი თალიბის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ სავარაუდოდ, დასახვრეტად გაყვანილ პირებს ინექციას უკეთებდნენ, იმისთვის რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ და არ გაქცეულიყვნენ. ამით აიხსნება, ალბათ, ის გარემოებაც, რომ მათ არ შეეძლოთ ხმის ამოღება და ყვირილი. სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევით, ხოლო ვინც გადარჩებოდა მათ ჯგუფიდან ერთ-ერთი (სავარაუდოდ ჯგუფის ხელმძღვანელი) პირადად სათითაოდ ესროდა იარაღს. შემდგომ, მიცვალებულებს ერთად ყრიდნენ წინასწარ ამოთხრილ ორმოებში და ტრაქტორებით ასწორებდნენ მიწას. დახვრეტილთა ტანსაცმელს კი იქვე წვავდნენ.
დახვრეტის ადგილზე მისულებს, როდესაც ყველაფერ ამას გვიყვებოდა, მძიმე მოგონებების გამო ჩვენს მხცოვან რესპონდენტს თვალზე ცრემლი მოადგა.
საარქივო დოკუმენტებით მიღებული ინფორმაციის გასამყარებლად, არქეოლოგიის ინსტიტუტში მოვიძიეთ აღნიშნული ადგილის 1952 წლის საიდუმლო აეროფოტოგადაღებების მასალები. შევეცადეთ, არქეოლოგებთან ერთად, ამ მასალების საშუალებით, დაგვედგინა დახვრეტილთა მასობრივი დაკრძალვის კონკრეტული ადგილები:
მოძიებული საარქივო მასალებიდან როგორც ირკვევა, დახვრეტები ხდებოდა საკმაოდ ხშირად, იხვრიტებოდა ხალხო დიდი ჯგუფებით, ხოლო ზოგიერთ პატიმარს დახვრეტაზე წაყვანამდე აღენიშნებოდა ცემის კვალი.
«Мне вменялось в обязанность участвовать в расстрелах осужденных. Во время расстрелов происходили сцены, от которых буквально леденела кровь. Во-первых, расстрелы происходили очень часто, причем расстреливались сразу большие группы осужденных, подчас свыше сотни человек. Некоторых арестованных увозили на расстрел со следами жестоких избиений.
Особенно жутким было то, что многие арестованные непосредственно перед расстрелом, находясь у могилы, ругали нас палачами и кричали: «Дa здравствует партия Ленина-Сталина! Мы погибаем напрасно!»
შინსახკომის ციხის ერთ-ერთი ზედამხედველის ცნობით, დასახვრეტად გამზადებულ პირებს, ხელებს უკრავდნენ და ისე მიჰყავდათ ქალაქგარეთ:
«... Эти же следователи иногда приходили в комендатуру, кода арестованных связывали, говорили на расстрел. Помню, что часто заключенные говорили этим следователям: «За что меня расстрел – вед- я не виноват. Операция по приведению приговоров-решений о расстреле были почти ежедневны, вывозили мы десятками, а то и около сотни человек. Приходилось наблюдать поведение приговоренных и сомневаться, виновен ли этот человек, так как при исполнении ряд лиц кричали «мы не виноваты, да здравствует Советский союз, и товарищ Сталин» Нередко вспоминали что либо о себе, говорили, что не виноваты и что партия разбирается, кто виноват...»
ასევე, საინტერესოა საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ციხის ექიმების მიერ მიცემული ჩვენებები, სადაც აღწერილია 1937-1938 წლებში სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის დეტალები. როგორც ერთ-ერთი ასეთი ჩვენებიდან ირკვევა, დახვრეტები, როგორც წესი, ხდებოდა ღამით, დახვრეტის ადგილები ნათდებოდა მანქანების საშუალებით. დასახვრეტად გაჰყავდათ ხალხი დიდი რაოდენობით, ხანდახან 300 ან 400 ადამიანი ერთად.
«...Мне приходилось выезжать на расстрелы осужденных. Расстрелы производились как правило ночью, место расстрела освещалось фарами автомобилей. На расстрелы вывозились большое количество людей иногда по 3 или 4 сотни. Я выезжала не для установления и регистрации смерти лиц, в отношении которых приговора приводились в исполнение, а на случай оказания помощи сотрудникам приводившим приговора в исполнение...»
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხის ერთ-ერთი ზედამხედველის ჩვენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოსაყვანადТითქმის ყოველდღიურად გაჰყავდათ ასობით ადამიანი და ბევრი მათგანი თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა, არც-ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამხვრეტ ჯგუფს სიკვდილმისჯილი უკან წაეყვანათ ციხეში იმის გასარკვევად, დამნაშავე იყო ის თუ არა.
«…Мы дежурили по суткам через двое суток, но в свободное время от дежурства в тюрьме использовались на операциях по расстрелам приговоренных. Бывали редкие дни, когда не вывозили на расстрел, а то возили десятками, до сотни и один раз при мне было вывезено ровно 300 человек. При подготовке к расстрелу и на месте расстрела нередко заключенные-приговоренные старались доказать, что ни в чем не виноваты. Некоторые кричали о невиновности и провозглашали «Да здравствует Родина, да здравствует Сталин» и другие такие возгласы, но не было случаев, чтобы ответственные за операции -когда либо возвратили кого либо из приговоренных в тюрьму, чтобы разобраться – виновен ли человек…»
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენთვის არის ცნობილი ის ზუსტი ადგილი, სადაც უნდა იყვნენ დამარხული გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებული ათასობით ადამიანი. ეს დასტურდება როგორც საარქივო დოკუმენტური მასალით, ასევე თვითმხილველთა ნაამბობით.
წლების განმავლობაში, ორგანიზაცია „მემორიალი“ ცდილობდა აღნიშნულ ადგილზე დახვრეტილთა აღმოსაჩენად შესაბამისი გათხრების განხორციელებას, რეპრესიების მსხვერპლთა უკვდავსაყოფად ტერიტორიის ტყე-პარკით განაშენიანებას, მემორიალური დაფების დადგმას. მომზადდა სპეციალური პროექტიც, შედგა ხარჯთაღრიცხვა. მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, დაფინანსების არქონის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა. საქართველოში არც მთავრობის ბიუჯეტში (საქართველოს პრეზიდენტისადმი და მთავრობისადმი არა ერთი მიმართვის მიუხედავად), არც კერძო სექტორში, შესაბამისი თანხა არ მოიძებნა იმისთვის, რომ ათიათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ბევრი სახელოვანი ჩვენი წინაპრისთვის, რომელიც საბჭოური პერიოდის სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ელემენტარული სასაფლაო ადგილი მაინც გაკეთებულიყო.
დახვრეტის ადგილზე ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მაისში, აღმოვაჩინეთ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნაყარი მიწა. თურმე, მომიჯნავე სასათბურე მეურნეობიდან შემოჰქონდათ სასუქით გამდიდრებული მიწის ნარჩენები და იქ ყრიდნენ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა. ამიტომაც სიტუაციის გარკვევა ზუსტად იქ ვცადეთ.
საპატრიარქოში, ჩვენთან საუბრის შემდეგ, დაუკავშირდნენ პასუხისმგებელ პირებს და აღმოჩნდა, რომ მიწის დაყრა ამ ნაკვეთზე გაუგებრობის შედეგი იყო. მიწა სხვა ნაკვეთზე უნდა მიეტანათ. შეგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში ნაყარ მიწას რეპრესირებულ პირთა ძვალთსაყუდელიდან გაიტანდნენ. ასევე, საპატრიარქოში დაგვპირდნენ მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენს საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნის და უკვდავყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველყოფას.
იმედს ვიტოვებთ, რომ შექმნილი სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება. ამ კუთხით აქტიურ მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ. ერთ კვირაში ისევ მივალთ ამ ადგილას და ვნახავთ, გაიწმინდა თუ არა ტერიტორია.
მომავალში დახვრეტილთა მასობრივი დამარხვის ადგილებზე ვაპირებთ მივიყვანოთ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს გათხრით სამუშაოებს დახვრეტილთა დამარხვის ზუსტი ადგილების აღმოსაჩენად.
კვლავ გრძელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და "მემორიალის" მიერ რეპრესირებულთა ხსოვნისა და უკვდავსაყოფად მიძღვნილი ტყე-პარკის და მემორიალის გასაკეთებლად დაფინანსების მოძიება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
10.05.2012