ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტიდან მიიღო სრული ინფორმაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრების (დეპუტატების) და პარლამენტის აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შემოსავლების (თანამდებობრივი სარგო, პრემია, სახელფასო დანამატი) შესახებ. მიღებული დოკუმენტაცია საშუალებას გვაძლევს დეტალურად გავაანალიზოთ ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატთა და აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა შემოსავლები. 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის თვის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 702 646,84 ლარი. აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 389 ლარი. ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 938 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.
აღნიშნული თანხები თვეების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:
საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს. წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში აღნიშნულ თანხას ემატებოდა სახელფასო დანამატი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის, რომელიც განსაზღვრული იყო 2008 წლის 28 ივლისის საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით და პრემიები. წინა პარლამენტის მოწვევის პირობებში, 2012 წლის (იანვარ-ოქტომბერი) დეპუტატების მიერ მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:
2012 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი პარლამენტის მოწვევის პირობებში დეპუტატთა შრომის ანაზღაურება 2013 წლის იანვრის თვემდე განისაზღვრებოდა იგივე მეთოდით. პარლამენტის წევრები იღებდნენ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს 2000 ლარს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის სახელფასო დანამატს და პრემიას.
2012 წლის ნოემბრის თვიდან 2013 წლის იანვრის თვემდე დეპუტატების მიერ მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:
ზემოთ მოყვანილი მონაცემები, რომელიც მოიცავდა 2012 წლის იანვრიდან – 2013 წლის იანვრამდე პერიოდს და აჩვენებდა ახალი მოწვევის პარლამენტის წევრების გაზრდილ შემოსავლებს IDFI – ის მიერ გამოქვეყნებული იქნა ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში, რის საპასუხოდაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ პარლამენტის წევრების პრემიებით დაჯილდოების პრაქტიკა გაუქმდებოდა. როგორც საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა პრემიის გაცემის პრაქტიკა 2013 წლის იანვრის თვიდან მართლაც გაუქმებულია. თუმცა, აღნიშნულის კვალდაკვალ 2013 წლის 18 იანვარის საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით გაიზარდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არსებული სახელფასო დანამატები.
გაუქმებული პრემიების გაცემის პრაქტიკის და გაზრდილი სახელფასო დანამატების ფონზე 2013 წლის თებერვლის შემდგომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:
როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა 2012 წლის ოქტომბრის თვის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 3 თვის განმავლობაში დეპუტატებს გაეზარდათ საშუალო ყოველთვიური შემოსავალი პრემიების ხარჯზე წინა მოწვევის დეპუტატების შემოსავლებთან შედარებით, ხოლო 2013 წლის თებერვლის თვიდან პრემიების გაცემის ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდა, რამაც განაპირობა შემოსავლების კლება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პერიოდის შემდგომ დანამატები სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაიზარდა. პრემიების გაცემის ყოველთვიური პრაქტიკის გაუქმებით რეალურად ახალი მოწვევის პარლამენტის ჩვეულებრივი დეპუტატების შემოსავლები უნდა შემცირებულიყო 30%-ით წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავლებთან შედარებით, თუმცა სახელფასო დანამატების ზრდამ განაპირობა შემოსავლების მხოლოდ 5-პროცენტიანი შემცირება.
2013 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდა აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის სჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ოდენობები, რომლის მიხედვითაც თითოეული თანამშრომელი თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად მიიღებს ფიქსირებულ სახელფასო დანამატს. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ თანამდებობრივ სარგოებსა და დანამატებში, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული პოზიციისთვის დამტკიცებულ თანამდებობრივ სარგოს აღემატება ამავე პოზიციისთვის დამტკიცებული ფიქსირებული სახელფასო დანამატი. მაგალითად, აპარატის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1960 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი 2 020 ლარს.
საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებზე ფიქსირებული ყოველთვიური დანამატების დამტკიცების შემდგომ, თანამშრომლებზე ყოველთვიური პრემიის გაცემის პრაქტიკა გაუქმდა, თუმცა 2013 წლის მარტის თვეში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით კვლავ გაიცა 434 958 ლარი. დეტალურად 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მაისამდე აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.
ზემოთ მოყვანილი მონაცემები საშუალებას გვაძლევს გამოვიანგარიშოთ რეალურად შემცირდა, თუ მოიმატა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ აპარატის თანამშრომლებზე საშუალოდ ყოველთვიურად გაცემულმა პრემიების და დანამატების რაოდენობამ. როგორც მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით მიღებული მონაცემებით ირკვევა, 2012 წელს ნოემბრის თვემდე საშუალოდ აპარატის თანამშრომლებზე ყოველთვიურად გაცემული პრემიები და დანამატები ერთობლივად შეადგენს 370 765 ლარს, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ აღნიშნული თანხა გაორმაგებულია და საშუალოდ ყოველთვიურად შეადგენს 763 922 ლარს.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის და მისი მოადგილის მიერ საშუალოდ ყოველთვიურად მიღებულ პრემიებს და სახელფასო დანამატებს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ აპარატის თანამშრომლების მსგავსად მათ შემთხვევაშიც მზარდი ტენდენცია შეინიშნება.
ამრიგად, ზემოთ მოყვანილი მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის იანვრის თვის შემდგომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა პრემიებით დაჯილდოების პრაქტიკა გაუქმებულია, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ გაზრდილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის სახელფასო დანამატები. რაც შეეხება პარლამენტის აპარატს ამ შემთხვევაშიც დაწესებულია ყოველთვიური ფიქსირებული სახელფასო დანამატები, რომელთან ერთადაც დროგამოშვებით ვხვდებით თანამშრომელთა პრემიებით წახალისებას, რამაც განაპირობა აპარატის თანამშრომლების შემოსავლების ზრდა, საპარლამენტო არჩევნებამდელ პერიოდთან შედარებით.