მიმდინარე წლის 10 მაისს საინფორმაციო სააგენტოს “ექსპრესნიუსის” (ExpressNews) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: IDFI–ს ანგარიშს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ნაწილობრივ უარყოფს - რომელშიც სააგენტომ ინსტიტუტი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით IDFI -იმ გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა (იხილეთ ბმული).
დამატებით, ჩვენ ასევე გადავამოწმეთ ინფორმაცია განცხადებაში აღნიშნულ ორივე მხარესთან (ვფიქრობთ ინფორმაციის გადამოწმება მათ შორის საინფორმაციო სააგენტოებმაც უნდა გამოიყენონ საკუთარ საქმიანობაში).
როგორც, ექპრესნიუსის ჟურნალისტმა (სტატიის ავტორმა) ინსტიტუტს განუცხადა, მან საკუთარი დასკვნა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. IDFI დაუკავშირდა აგრეთვე სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა გულუას.
ეკა გულუა აცხადებს, რომ კომენტარისთვის მას სააგენტოდან არავინ დაკავშირებია და შესაბამისად მას მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, სააგენტოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია და კომენტარი თავად სააგენტოს ეკუთვნის და არა ეკა გულუას. „რეგიონში ვიყავი ღონისძიებაზე გასული, როცა მომივიდა შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინება - „დაახლოებით რამდენი დევნილია რეგისტრირებული სამინისტროში 2008 წლის ომის შემგედ. საუბარია ომის შედეგად დევნილებზე“. არც ეწერა ამ კითხვას ვინ გზავნიდა და არც ის, თუ ჟურნალისტი იყო და კომენტარი სჭირდებოდა. შესაბამისად, გავუგზავნე პასუხი: „23 000“. მე ვერ გავაკეთებდი ვერანაირ შეფასებას, რადგან რეგიონში ვიყავი და არც მქონდა ინფორმაცია, IDFI-მ რა ანგარიში გამოაქვეყნა - აცხადებს ეკა გულუა.
შესაბამისად, ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს ექსპრესნიუსის ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება.