15 მაისს, ოთშაბათს, 18:30 საათზე dvv international-ის ოფისში (მის:ყიფშიძის ქ. 20) გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე "ვის იცავს შრომის კოდექსი". თქვენი თანამონაწილეობა დისკუსიაში საშუალებას მოგცემთ, პირადად მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე ამ სფეროს ექსპერტებისგან.
დისკუსიაში მომხსენებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ ბატონი ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველი და ვახტანგ ლეჟავა, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ღონიძიებაზე მოწვეული არიან აგრეთვე სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და დამსაქმებლები.
ახალი "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს მთელ რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც შეეხება ხელშეკრულებების დადების და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის წესებს, სამუშაო დროის ნორმირების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების და შრომისუუნარობის საკითხებს, გაერთიანების თავისუფლებას და გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებას და სხვა მრავალ თემებს. ექსპერტების აზრით, მიუხედავად უამრავი პოზიტიური ცვლილებებისა, კანონმდებლობაში არის კიდევ მრავალი პუნქტი, როგორებიცაა ზენორმატიული სამუშაო საათები, ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, დეკრეტული შვებულება, სამუშაოს უსაფრთხოების ნორმები და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ამ საკითხების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა.
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international), 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ“, რომლის მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში ყოველი თვის 15 რიცხვში ტარდება საჯარო დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.