2013 წლის 26 მარტს, ინსტიტუტმა მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვა საჯარო ინფორმაცია 12 პუნქტად. კომისიამ 2013 წლის 05 აპრილის №6/06-18/58-770 წერილით უარი განაცხადა გაეცა ინფომაცია მოთხოვნის შემდეგ პუნქტებზე:
1-ლი – ინფორმაცია ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;
მე-2 – ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;
მე-3 – მოქმედი საშტატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით;
მე-10 – ინფორმაცია ხელმძღვანელის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ.
უარის მოტივად მითითებულ იქნა კონფიდენციალურობა.
2013 წლის 18 აპრილს, ინსტიტუტმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოთხოვნით ბათილად იქნეს ცნობილი შესაბამისი უარის აქტი და დაევალოს კომისიას ინსტიტუტისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ინსტიტუტს კომისიის უარი უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები კანონით ღიაა, ხოლო სხვა შემთხვევებში, მოთხოვნილი ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.
დღეის მდგომარეობით, ინსტიტუტი მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის მოლოდინშია. აქვე გვინდა დამატებით აღვნიშნოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უარს ეუბნება IDFI-ის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ანალოგიური შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2011 წელს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ინსტიტუტმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს კომისიამ არ გაითვალისწინა ომბუდსმენის მიერ მათზე გადაგზავნილი რეკომენდაციები, რაც შემდგომში აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც:
“საქართველოს სახალხო დამცველმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, გაეცა ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაცია: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლების სია, მოცემულ ორგანოში დასაქმებული პირების მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი და ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი, ასევე სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯები (კონკრეტულ პირთა ვინაობაზე მითითების გარეშე).”
საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გვ.99
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კვლავ აგრძელებს გაუმჭვირვალედ და არა ანგარიშვალდებულად საქმიანობას და არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.