კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 აპრილი 2013


http://opendatablog.files.wordpress.com/2013/04/kultur.png

IDFI-მ, როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინა ბლოგ-პოსტებში აღვნიშნეთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიიღო 2012 წელს დაწყებული და ამ პერიოდისთვის დასრულებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები. ჩვენს ხელთ არსებული აუდიტის ანგარიშებიდან, უარყოფითი მოსაზრებების სიუხვით განსაკუთრებით გამორჩეულია 2013 წლის 21 თებერვლით დათარიღებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია მათ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უზუსტობები და ნაკლოვანებები. სამინისტროს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთხოვილია თანხები იმ პირობებში, როდესაც მათთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო  ღონისძიებებზე გასაწევი მთლიანი ხარჯების ოდენობა, ასევე სპონსორებიდან და ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელთა შორის სხვაობაც უნდა შეადგენდეს ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხის ოდენობას. ასეთი სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილია  1 368 100 ლარი. მათ შორის :

  • დაუსაბუთებლად მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია შპს „ისთერნ პრომოუშენისათვის“ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად 1 104 000 ლარი. შპს „ისთერნ პრომოუშენსის“ ცნობით სამინისტროსგან მიღებული თანხის გარდა აღნიშნული ღონისძიების შემოსავალმა შეადგინა 577 500 ლარი (სპონსორებისგან 164 100 ლარი, ბილეთების რეალიზაციით 413 400 ლარი). ჯაზფესტივალის დაფინანსებისას სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ და რა მოგება დარჩა ორგანიზატორს ღონისძიებიდან, რომლის ფაქტობრივი გენერალური სპონსორი თვითონ იყო. მიუხედავად ჯაზფესტივალის ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებისა (65%) შპს „ისთერნ პრომოუშენსმა“, შპს „ინტერნეიშენალ ივენთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ღონისძიების გენერალურ სპონსორად კანონდარღვევით (არასათანადო რეკლამის საშუალებით) გამოაცხადა სს „საქართველოს ბანკი“, რომლის წილიც ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 46 000 ლარს (2,7%).
  • არასრულყოფილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე თანადაფინანსების სახით მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია  შპს „ჰორიზონტ ტვ სტუდიისთვის“  24 000 ლარი ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკურად უზრუნველსაყოფად.
  • არასრულყოფილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე თანადაფინანსების სახით მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია სსიპ – „თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისთვის” 190 000 ლარი თეატრალური ფესტივალის ჩასატარებლად.
  • შპს „ ლაშა-2007“-თან გაფორმებული იქნა 31 ხელშეკრულება სატრანსპორტო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით. სულ გადახდილია 50 100 ლარი. აღსანიშნავია,  რომ არც ხელშეკრულებებში და არც მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მითითებული, თუ რა სახის სატრანსპორტო მომსახურებები იქნა გაწეული.

ანგარიშში წარმოდგენილია ფაქტები, როდესაც ხელშეკრულებები გაფორმებულია ღონისძიებების ჩატარების შემდგომ. მაგალითად 2011 წლის 2 აგვისტოს ქ. ბათუმში, კონცერტ – MTV Georgia live – ში ჯგუფ „სტეფანე და 3G” მონაწილეობისთვის ერთ საღამოში  ფიზიკური პირის სტეფანე მღებრიშვილისთვის გადახდილია 25 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N730), ხოლო იმავე კონცერტში ჯგუფ „ელდრაინის“ მონაწილეობისთვის ფიზიკური პირისთვის, სერგო სულაძისთვის გადახდილია 12 500 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N731).  ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა 2011 წლის 5 დეკემბერს კონცერტის გამართვიდან 4 თვის შემდეგ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მიერ განხორციელებულ  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ უზუსტობებსა და ნაკლოვანებებში ასევე ვხვდებით დაუსაბუთებელი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით განხორცილებულ შესყიდვებს, ტენდერების გამოცხადებისას პრეტენდენტებისათვის წაყენებული პირობების არათანმიმდევრულობისა და შეფასების კრიტერიუმების დაუსაბუთებლობის ფაქტებს, არაგონივრულად მცირე დროის მონაკვეთში დადებულ ხელშეკრულებებს და სამუშაოს მიღების ფაქტებს. მაგალითად, კახეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N2574 განკარგულების შესაბამისად დაევალა მუნიციპალური განვითარების ფონდს. თავის მხრივ, ფონდმა აღნიშნული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართა თხოვნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ კულტურის მინისტრისგან შესყიდვის გამარტივებული წესით წარმოების მიღების შემდეგ გაუგზავნა წერილი 7 კომპანიას, რომლებსაც სავარაუდოდ უკვე უნდა ჰქონოდათ მზა პროექტები. ხელშეკრულების გაფორმება შვიდივე კომპანიასთან განხორციელდა ერთ დღეს – 2011 წლის 28 დეკემბერს, ხოლო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა მეორე დღესვე 2011 წლის 29 დეკემბერს.

ანგარიშში წარმოდგენილია ასევე სამინისტროს მიერ გადასახადების არასწორი გაანგარიშებისა და დაბეგვრის ფაქტები. ბუღალტრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქვემოთ  ჩამოთვლილი არარეზიდენტების მიერ საქართველოში გაწეული მომსახურება არ დაბეგრილა უკუდაბეგვრის წესით დღგ-თი, რის შედეგადაც ბიუჯეტში გადაუხდელმა თანხამ  454 600 ლარი შეადგინა.

ararezidenti

სამინისტროს აპარატის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მომწოდებლებზე 2010 წელს წინასწარ გადახდების შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯვის დოკუმენტები წარმოდგენილი იქნა 2011 წელს. კერძოდ, ფ/პ დავით-დეფი გოგიბედაშვილი – 18 000 ლარი, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებებლი – 200 000 ლარი, ააიპ-საქველმოქმედო ფონდი „ხელოვანები თანადგომისათვის“ – 502 500 ლარი და ზემოთ ჩამოთვლილი  არარეზიდენტი მომწოდებლები.

ამასთან ქვევით მოცემულ ამონაწერზე, იხილეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით:SAZOGAD

საინტერესოა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ზედმეტად გადახდილმა თანხამ 602 300 ლარი შეადგინა.

კერძოდ, სამინისტროსა და შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ შორის გაფორმებული 2011 წლის 22 მარტის N149 ხელშეკრულების (თანხით 1 264 700 ლარი, 750 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მიხედვით, შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ დაევალა 2011 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზება. შპს

„ისთერნ პრომოუშენსის“ მიერ ქვე-კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით სტინგის ჰონორარი შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს, ხოლო კრის ბოტის  90 000 აშშ დოლარს.

გარდა ამისა შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ უნდა მოეხდინა 375 000 აშშ დოლარის ოდენობის 1 500 დასაჯდომი ბილეთის რეალიზაცია (ერთეულის ფასი 250 აშშ დოლარი). გაყიდული ბილეთებიდან 100 000 დოლარით დამატებით უნდა გაზრდილიყო სტინგისა და კრის ბოტის ჰონორარი (თითოეულს 50 000 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი (275 000 აშშ დოლარი) უნდა გახარჯულიყო საქველმოქმედოდ.

თუმცა, სამინისტრომ „ისთერნ პრომოუშენსს“ დაგეგმილი 1 500 ბილეთის ნაცვლად სარეალიზაციოდ გადასცა მხოლოდ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი (სულ დამზადებული 2 610 ბილეთიდან). დანარჩენი 1552 ბილეთი სამინისტრომ გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რის შედეგადაც შემოსულმა თანხამ,  ნაცვლად 375 000 აშშ დოლარისა, შეადგინა მხოლოდ 344 000 ლარი. აღნიშული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედოდ, ხოლო სტინგისა და კრის ბოტის დამატებითი ჰონორარები (100 000 აშშ დოლარი) ანაზღაურდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის   კონცერტის ბილეთების გადაცემამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან  227 900 ლარის დამატებითი ხარჯის  გაწევა (100 000 აშშ დოლარის დამატებითი ჰონორარები და დანარიცხები).

სამინისტროს მხრიდან ზედმეტად გადახდილ თანხებს ჰქონდა ადგილი ასევე 2011 წლის 31 დეკემბერს ხულიო იგლესიასის  მონაწილეობით საახალწლო კონცერტის ორგანიზებისას, რომლისთვისაც სულ გადახდილი იქნა 4 134 300 ლარი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ისთერნ პრომოუშენს“-თან,  რომელსაც დაევალა ზემოთ ხსენებული ღონისძიების ორგანიზება. შპს „ისთერნ პრომოუშენს“ საახალწლო კონცერტზე მონაწილეობის მიზნით გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ამერიკელ არტისტ კაროლინ კემბელთან, თანხით 110 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 50 000  აშშ დოლარი – მონაწილეობისთვის, 50 000  აშშ დოლარი – დავალიანებისთვის, რომელიც ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ იყო, ხოლო 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა კრის ბოტის ტურნეს მიმართ ვალდებულების გამოსასყიდს. საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული დავალიანება სამინისტროს არ ერიცხებოდა. შედეგად სამინისტროს მხრიდან ზედმეტად გადახდილია 115 900 ლარი.

ანგარიშში გამოაშკარავებულია ისეთი ფაქტები, როდესაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია ხდებოდა კანონმდებლობის დარღვევით. მაგალითად, ლიტერატურული გაზეთის გამოცემაზე გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: შპს „კვირის პალიტრა“ (115 000 ლარი) და ააიპ „ლიტერა G” (135 600 ლარი). მიუხედავად დაბალი ფასისა, სატენდერო კომისიის მიერ შპს „კვირის პალიტრა“ დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამოცემის შესაბამისი თექვსმეტ გვერდიანი  მაკეტი. ხოლო, ააიპ „ლიტერა G”-მ კომისიას წარუდგინა იანვრის თვეში გამოცემული გაზეთის 42-ე ნომერი, რითაც ფაქტობრივად დასტურდება, რომ ტენდერის დამთავრებამდე მას უკვე გამოცემული ჰქონდა გაზეთი.

საინტერესოა აგრეთვე, რომ ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში მომუშავეთათვის 2011 წელს დარიცხული პრემიების ოდენობა მერყეობს 300-დან  78 920 ლარამდე. ამავე დროს, ანგარიშში წარმოდგენილი ჩანაწერით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ პრემიის აღება ხდებოდა კანონმდებლობის დარღვევით.ministr

ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა ის ძირითადი ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია 2011 წლის 1 იანვრიდან – 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობასთან. სრულად აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024