IDFI-ი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების განცხადებას ავრცელებს

განცხადებები 15 თებერვალი 2013

რამდენიმე დღის წინ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" წერილობით მომართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა, ბატონმა ზურაბ ძნელაშვილმა და ქალბატონმა ნინო მამულაშვილმა. წერილში აღნიშნული იყო შემდეგი:

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ, 2008 წლის ივნისში კონკურსის საფუძველზე 7 მონაწილე ჩავირიცხეთ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად (ჩვენი ჯგუფი იყო რიგით მე-2 ჯგუფი სკოლის ისტორიაში). 14 თვიანი სრული სასწავლო კურსის (თეორიული კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის) გავლის და შესაბამისი გამოცდების (ტესტირება და წერითი გამოცდა) ჩაბარების შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში გავიარეთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოსამართლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად ჯგუფიდან მოსამართლედ დაინიშნა 4 მსმენელი, ხოლო დანარჩენი სამი მსმენელისთვის (რომელთა შორის, ჩვენც ვართ) მოსამართლედ დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზები არავის უცნობებია.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არაერთი განცხადებითა და საჩივრით მივმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას (სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს) ჩვენთვის გაეცნოთ ჩვენ შესახებ მათთან არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით, თუმცა რეალური პასუხი იქამდე ვერ მივიღეთ, ვიდრე საქმეში არ ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. გვინდა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოწერილი ზოგიერთი პასუხის (ჩვენ განცხადებასთან ერთად) ასლი გადმოგცეთ თქვენს საიტზე გამოსაქვეყნებლად."

ვფიქრობთ, რომ ბ-ნ ზურაბ ძნელაშვილისა და ქ-ნ ნინო მამულაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საინტერესოა რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, საქმე ეხება საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გამჭვირვალობის საკითხებს. ამავე დროს, საინტერესოა 2012 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიღებული კანონის ნორმების ინტერპრეტაციისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, საკუთარი თავის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომობის, საკითხების შესასწავლად. შესაბამისად უცვლელად გთავაზობთ მათ განცხადებას რომელიც შესაძლებელია არ გამოხატავდეს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ(IDFI) შეხედულებებს.

 

 

ინფორმაცია - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

 

ჩვენ გახლავართ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები (ჩვენი ჯგუფი იყო რიგით მე-2 ჯგუფი სკოლის ისტორიაში, 2008-2009 წწ). მივეკუთვნებით იუსტიციის მსმენელთა იმ კატეგორიას, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ არ დავინიშნეთ მოსამართლის თანამდებობაზე (1).

 

როგორც იუსტიციის სკოლაში სწავლისას, ისე იუსტიციის სკოლის დამთავრების შემდეგ, სკოლის დირექციიდან გვეუბნებოდნენ, რომ არ მოგვეთხოვა არანაირი ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც კი სწავლის პროცესში დგებოდა ჩვენს შესახებ და იუსტიციის სკოლაში ინახებოდა.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მივმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვეთ ჩვენთვის გაეცნოთ ჩვენ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2012 წლის 19 ოქტომბრის წერილებით გვეცნობა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად ჩვენი კანდიდატურების განხილვისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რაც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება არ გადმოგვცემია.

სწორედ ამიტომ, 2012 წლის 19 ოქტომბერსვე განცხადებით მივმართეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს და მოვითხოვეთ ჩვენთვის გაეცნოთ ჩვენ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილებით გადმოგვეცა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ შედგენილი დახასიათება წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე წინადადებებს, ხოლო შედგენის სტილისა და მეთოდის მიხედვით, მიმართულია იუსტიციის მსმენელის შესაძლებლობების დაკნინებით წარმოჩენისაკენ, მისი პიროვნების დისკრედიტაციისაკენ და არა ადრესატისთვის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის) სრული ინფორმაციის მიწოდებისა და ადეკვატური შთაბეჭდილების შექმნისაკენ.

აღნიშნულის გამო, 2012 წლის 21 ნოემბერს მივმართეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მოვითხოვეთ ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით (იხ. განცხადება 1აგანცხადება 1ბ).

ჩვენი განცხადების პასუხად, გადმოგვეცა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ბესარიონ ალავიძის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) 2012 წლის 29 ნოემბრის წერილები, რომელიც არ პასუხობდა ჩვენ განცხადებაში დასმულ შეკითხვებს.წერილის ავტორი მხოლოდ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთ ნორმათა გადმოცემით შემოიფარგლა და გვაცნობა, კანონმდებლობის მიხედვით, რა მიიღება მხედველობაში მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას (იხ. პასუხი 1ა, პასუხი 1ბ).

2012 წლის 5 დეკემბერს ერთობლივად მივმართეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს - კონსტანტინე კუბლაშვილს და განმეორებით მოვითხოვეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით (იხ. განცხადება 2).

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ერთობლივი განცხადების პასუხად,გადმოგვეცა კვლავ ბესარიონ ალავიძის 2013 წლის 9 იანვრის წერილები, რომლის მიხედვითაც გვეცნობა, რომ ჩვენ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლოა, რის გამოც უარი გვეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. პასუხი 2აპასუხი 2ბ). 

 

თავის პასუხებში ბესარიონ ალავიძე აღნიშნავდა, რომ ჩვენი მოთხოვნები არ გამომდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირებიდან, თუმცა ეს მოთხოვნები თავისი შინაარსით ახლოს დგანან 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის რეგულირებასთან (რა გზით შეგროვდა მონაცემები), რაზეც წინა (2012 წლის 29 ნოემბრის) წერილით უკვე გაგვეცა პასუხი.

არ გავიზიარეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს პოზიცია შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯერ ერთი, ჩვენ განცხადებაში მითითებული იყო ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლი ზოგადად და არა მისი რომელიმე პუნქტი. ბესარიონ ალავიძის მხრიდან აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით შემოფარგვლა მიზნად ისახავდა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებას, თუმცა უშედეგოდ.

სწორედ, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსი (რა გზით შეგროვდა მონაცემები) მოიცავს მონაცემთა შეგროვების წყაროების, ფორმებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. ამ ნორმის საფუძველზეა უზრუნველყოფილი პირის უფლება შეიტყოს ვისგან (წყარო) და როგორ (ფორმები და მეთოდები) იქნა მის შესახებ მონაცემები შეგროვებული (დამუშავებული), რაც პირდაპირ შეესაბამებოდა ჩვენ მოთხოვნას.

მეორე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლს პირველი პუნქტის გარდა აქვს ასევე მე-5 პუნქტიც, რომელსაც, რატომღაც, გვერდი აუარა ბესარიონ ალავიძემ. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პერსონალური მონაცემი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სრული უფლება გვქონდა იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან მიგვეღო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან რამენაირ შემხებლობაშია, მათ შორის, ის ინფორმაცია რომელსაც ვითხოვდით.

მესამე, ბესარიონ ალავიძის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციადა აღნიშნული ნორმით შემოფარგვლა, ჩვენ განცხადებაზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდებაა, ვინაიდან მოქალაქის უფლება - სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღოს მის შესახებ არსებული ინფორმაცია, დაცულია თვით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით და არა მხოლოდ ალავიძის წერილში მითითებული კანონით.

საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მოქალაქის შესახებ არსებული ინფორმაცია. მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული წყაროებიდან, არამედ, ასევე ინფორმაცია ამ წყაროების შესახებაც. სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის გაცნობა კი ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა (2).

და ბოლოს, რაც შეეხება, ბესარიონ ალავიძის მოსაზრებას, რომ წინა  (2012 წლის 29 ნოემბრის)  წერილებით სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ ამომწურავად გვაცნობა ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო არა ის რა წერია კანონში, არამედ რეალურად რაზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

ჩვენი მოსაზრებების თაობაზე წერილობით ვაცნობეთ ბატონ ბესარიონ ალავიძესაც.

 

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი, მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან ვერ მივიღეთ რეალური პასუხი კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს მივმართეთ ახალი განცხადებით და პირდაპირ მოვითხოვეთ გადმოეცათ ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომლებზე დაყრდნობითაც (რომელთა განხილვის შედეგადაც) იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

 

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს მიერ ჩვენი ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადმოგვეცა გარკვეული დოკუმენტები, თუმცა, არა კოტე კუბლაშვილის კეთილი ნების გამო, არამედ, იმის გამო, რომ საქმეში ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც ანალოგიური მოთხოვნით წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს სკოლას.

 

ზურაბ ძნელაშვილი

ნინო მამულაშვილი

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების განცხადება

 

(1) შეგახსენებთ, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.

(2) ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები“, თბ. 2005 წ. გვ 352-354.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023