ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებს მიმართა 1288 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო მხოლოდ 706-ზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 1288 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 370 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 81 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 9 შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 122 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.
პროექტის პირველ ნახევარში ინსტიტუტის მიერ მიღებული 918 პასუხიდან უმრავლესობა (729 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 223 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული წერილების ჩათვლით 43%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.
პროექტის პირველ ნახევარში საჯარო დაწესებულებათა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა უპასუხოდ დატოვების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ ექვს ადმინისტრაციულ ორგანოს (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო) წარედგინათ ადმინისტრაციული საჩივრები ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა ყველამ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემთხვევაში ინსტიტუტმა მიმართა ადმინისტრაციული სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოს. პირველ მოსამზადებელ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამცნო ინსტიტუტს, რომ მზად იყო დაეკმაყოფილებინა ინსტიტუტის მოთხოვნა.
პროექტის პირველი ნახევარი მიმდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების პარალელურად. საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე. ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების (2012 წლის 21 ოქტომბრიდან დღემდე) შემდგომ ინსტიტუტმა ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა სამინისტროებს და საქართველოს რეგიონებში არსებულ თვითმმართველ ერთეულებს. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, რეალური სურათი წარმოვადგინოთ თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები სამინისტროებსა და თვითმმართველ ერთეულებში საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.
ჩვენი მონაცემებით შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 5%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 19% -ით მოიმატა.
უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების მხრივ ასევე 5% -იანი კლებადი ტენდენცია შეინიშნება რეგიონების მაგალითზეც, ხოლო სრულყოფილი პასუხების გაცემის პრაქტიკა ამ შემთხევაში 10 % -ით გაიზარდა.
როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები სამინისტროებისა და თვითმმართველი ერთეულების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. რაც შეეხება სრულ ანალიზს იმისა თუ როგორ იმოქმედა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მთლიანობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე აღნიშნულს პროექტის მიმდინარეობისას შემოგთავაზებთ.