ავტორი: სალომე ჩუხუა
2012 წლის 31 აგვისტოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სიახლე, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხოლო 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა.
თანამდებობიდან გადადგომისთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი, რომელსაც ერქვა „რამაზ ნიკოლაიშვილი“, – გადაკეთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის“ გვერდად. ნიშნადობლივია, რომ ნიკოლაიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებიდან უკვე სამი დღე გავიდა, მაგრამ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღემდე მითითებულია სამინისტროს ძველი Facebook გვერდის მისამართი. ანუ, სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებული Facebook ღილაკით გადავდივართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურ Facebook გვერდზე, რაც საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და კანონით აკრძალულია. მეტიც, სამინისტროს ოფიციალურ YouTube არხზე (MRDIGeorgia’s channel) მიმიდინარეობს ყოფილი მინისტრის და ამჟამად უკვე დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის, რამაზ ნიკოლეიშვილის წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქება. იგივე შეიძლება ითქვას სამინისტროს ოფიციალურ Twitter – ის გვერდზეც.
საინტერესო პარალელად შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი პროცესების ასახვა საქართველოს მთავრობის სოციალურ ქსელშიც. 30 ივნისს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდიდან ნიკა გილაურის Facebook მისამართი ჩაანაცვლა ახალი პრემიერის ოფიციალურმა გვერდმა. შესაძლებელია ამ ფაქტს რამდენიმე ახსნა ჰქონდეს: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი, ისევე როგორც Facebook გვერდი საკმაოდ აქტიურია და ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ასეთი დარღვევა შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩებოდა.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყებაა სოციალურ ქსელებში, რაშიც იგულისხმება “ღია კედელი”, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში მომხმარებლები მაინც პასიურობენ, ეს უწყება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები „ლაიქების“ მქონეა ოფიციალურ გვერდებს შორის (2011 წლის იანვრის შემდეგ გვერდმა მხოლოდ 3115 მოწონების დაგროვება შეძლო). ცხადია, რომ მწვავე პოლიტიკური ორთაბრძოლის პერიოდში ახალი პრემიერი ყველანაირი საშუალებით იქნა რეკლამირებული, მათ შორის ახალი Facebook გვერდით, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით იკრებს ძალებს და 16 ივლისის შემდეგ დღეში დაახლოებით 35 „ლაიქით“ იმატებს (16 ივლისი – 31 აგვისტოს მონაცემები).
საინტერესოა, თავად უწყების ახსნა-განმარტება ამ საკითხთა დაკავშირებით და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონდარღვევისთვის – ნიკოლაიშვილს თუ რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრაციას? თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკისრება აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, სამინისტროს ვებ-გვერდზე ნაცვლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდისა, მომხმარებელი ხვდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის Facebook გვერდზე.