2014 წლის 16 აპრილს“კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის”ორგანიზებით მრგვალ მაგიდა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების გაციფრულების გამოწვევები და საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვასთან დაკავშირებული პრობლემები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული და ეროვნული ტელევიზიების წარმომადგენლები, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეიტინგების შეფასების პროცესში ჩართული ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
IDFI-ის ექსპერტმა, უჩა სეთურმა კვლევის - „საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის“ ანგარიში წარმოადგინა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების გაზომვას მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს. შპს "TVMR საქართველოს" მონაცემებით გაზომვას ექვემდებარება მხოლოდ ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 45 000-ს. ეს ქალაქებია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გორი, შესაბამისად, არ ხდება ბაზრის და ტერიტორიის სრული დაფარვა. საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის პროცესში ჩართულია მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია: რუსთავი 2, მაესტრო, იმედი, GDS, კომედი არხი, Music Box, ტაბულა, TV11, TV3. პროცესის მიღმაა ქალაქებში მოქმედი ის ტელევიზიები, რომელთა კონტენტი არ ვრცელდება გაზომვას დაქვემდებარებულ ქალაქებში. მედია საშუალებების ამგვარი იზოლირება ამ პროცესიდან, აისახება მათივე შემოსავლებზე და მცირე გამონაკლისების გარდა, განვითარებაც, შესაბამისად, შეფერხებულია.ერთიანი და მაქსიმალურად ზუსტი სურათის მისაღებად, პანელმა სასურველია, მოიცვას ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის მაქსიმალურად დიდი ნაწილი.
რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, მიიღონ სარეიტინგო კვლევებში მონაწილეობა. შპს„რეგიონმედიამარკეტის“დირექტორის, ლევან ალექსიშვილის განცხადებით ბაზარზე არსებობს დაინტერესება და რეგიონულ მედიასაშუალებებს აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ შემოსავლები რეკლამის მეშვეობით, თუმცა რეიტინგების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, გარკვეული კომპანიები არ ან ვერ სარგებლობენ მათი სარეკლამო ეთერით.“
TVMR საქართველოს დირექტორმა ნინო გოგოლაძემ აღნიშნა, რომ თუ იარსებებს მოთხოვნა, მიწოდებაც გაიზრდება და სამომავლოდ არ გამორიცხავს კვლევის პანელის გაზრდას.მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კვლევის მეთოდების დახვეწაზე მუშაობს.
რეგულირებას საჭიროებს ტარიფების საკითხიც. მცირე და რეგიონული მედია საშუალებებისთვის ეს სერვისი რაციონალურ ფასად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
პრობლემის გადაჭრელად მნშვნელოვანია მოდელის შემუშავება, რომელიც გააერთიანებს დაინტერესებულ პირებს არაკომერციულ იურიდიულ პირში, რომელიც არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და მხოლოდ მიმდინარე ხარჯების მოიცავს. ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალური ჩართულობა შეამცირებს თითოეული კომპანიის ხარჯებს.
განსაკუთრებით ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის საკითხებისა და ახალ პლატფორმაზე გადასვლის გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია, განხორციელდეს მედიის სხვადასხვა პლატფორმების აუდიტორიის - რადიოს მსმენელების, ინტერნეტ-მედიის, ინტერნეტ გვერდების ვიზიტორებისა და ონლაინ სატელევიზიო სტრიმინგის ტრაფიკის შეფასება და ანალიზი.
მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილი დაეთმო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვას. პრეზენტაცია რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა წარმოადგინა.
ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, პროექტის „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.