წინასაარჩევნო ფოტოები Facebook-ზე

სიახლეები 5 სექტემბერი 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს საკუთარი საარჩევნო კამპანია და აქტიურად მართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ამავდროულად, ისინი ცდილობენ საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია ამომრჩეველს და გაიგონ მათი პრობლემები. ამის ერთ-ერთი მარტივი და თანაც, უფასო საშუალება სოციალურ ქსელებში ცნობების გავრცელება და მოქალაქეების მხრიდან მიღებული გამოხმაურებაა.

დღეს საქართველოში საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე რამდენიმე პარტიას უკვე აქვს გახსნილი. მართალია ისინი განსხვავებული აქტიურობით და კომუნიკაციის სტრატეგიით გამოირჩევიან, თუმცა, ადვილი შესამჩნევია, რომ მათი უმეტესობა აქტიურად ცდილობს საკუთარი აქტივობები სოციალური ქსელების მომხმარებლებს ფოტოების საშუალებით გააცნოს. კვლევისთვის შერჩეული 11 პოლიტიკური სუბიექტიდან, ყველაზე მეტი ფოტო გაზიარებული აქვთ „ქრისტიანულ-დემოკრატულ მოძრაობას“ გიორგი თარგამაძის გვერდზე, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე და „ახალ მემარჯვენეებს“ საკუთარ გვერდზე. აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტი, გიორგი თარგამაძის გვერდზე ერთ ღონისძიებასთან დაკავშირებით საშუალოდ 60-70 ფოტო იდება, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებელთა აქტიურობა ფოტოების მოწონების, გაზიარებისა და კომენტარების დატოვების სახით ძალიან დაბალია. ეს შესაძლოა თავად სურათების სიმრავლითაც იყოს განპირობებული.

http://eparticipationge.files.wordpress.com/2012/08/e183a1e183a2e18390e183a2e18398e183a1e183a2e18398e18399e183901.jpg

რაოდენობრივ მონაცემებთან ერთად, საგულისხმოა თავად ფოტოების თემატიკა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების Facebook-ის ადმინისტრატორები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგი ტიპის ვიზუალს:

  1. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ფოტოები;
  2. მოსახლეობასთან და განსაკუთრებით, სოფლებში, პარტიის ლიდერების შეხვედრის ფოტოები – რამდენიმე სუბიექტი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ფოტოებს, სადაც ჩანს თუ როგორ ეხმარებიან ლიდერები ადგილობრივ მოქალაქეებს;
  3. პარტიის ლოზუნგები და დაპირებების შემცველი ფოტოები;
  4. სამუშაო ვიზიტების ამსახველი ფოტოები;
  5. ლიდერების მიმართვები და კომენტარები მათი ფოტოებით;
  6. აქციის ფოტოები;
  7. მისალმება;
  8. ინფორმაციული და შემეცნებითი ფოტოები;
  9. პოლიტიკოსთა მიერ სტიქიით დაზარალებულთა მონახულების ფოტოები;
  10. რელიგიური დღესასწაულების მილოცვა;
  11. სხვადასხვა ნაგებობების და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები;
  12. ოლიმპიური ჩემპიონატის ქართველი მონაწილეების ფოტოები.

აღნიშნული ჩამონათვალიდან, პირველი ხუთი სახეობა აშკარად პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო მოხელეების საქმიანობას პირდაპირ უკავშირდება. შედეგად, შეიძლება ჩათვალოს, რომ მათი დანიშნულება მოსახლეობის ინფორმირება და მათი საქმიანობის შესახებ ცნობების მიწოდებაა. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოების შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გაერთიანებები დიდ აქცენტს აკეთებენ რეგიონებისა და სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე. ამას ერთვის ლოზუნგები სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობის შესახებ. ხშირია, ასევე, სურათები, სადაც დაფიქსირებულია თუ როგორ ეხმარებიან პოლიტიკური ლიდერები ადგილობრივებს სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

გასულ თვეში აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შემდეგ აშკარა იყო ამ ტიპის ფოტოების მომრავლება პოლიტიკური სუბიექტების Facebook-ის გვერდებზე. პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის სტიქიით დაზარალებულთა მონახულება საარჩევნო მარათონის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გადაიქცა.

გარდა ამისა, დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთ სტრატეგიად პარტიებს რელიგიური დღესასწაულებისა  და ქართველი ოლიმპიელების წარმატების მილოცვა მიაჩნიათ. ამასთან ერთად, მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პრემიერ-მინისტრ, ვანო მერაბიშვილის გვერდის შემთხვევაში აქცენტი კეთდება ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობაზე.

გამოჩნდა კიდევ ერთი ტენდენცია, თითქმის ყველა პარტიის შემთხვევაში, პირველი თვის განმავლობაში, შეხვედრების დროს ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებზე. გამონაკლისი იყო მხოლოდ კანდიდატთა წარდგენის ფოტო ალბომები. ამან გამოხატულება ჰპოვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა კომენტარებშიც. კერძოდ, ისინი საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ძირითადად ლიდერებზე აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს.

საინტერესოა, ამგვარი ფოტოების მომრავლება სოციალურ ქსელებში რამდენად არის დაკავშირებული არჩევნების მოახლოებასთან. ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ამ ეტაპისთვის ნაადრევია და შეიძლება კვლევის ფარგლებში, რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ უფრო გამოიკვეთოს. თუმცა, მანამდე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ პოლიტიკური სუბიექტების Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ ფოტო მასალას.

ახალი მემარჯვენეების გვერდზე შეხვდებით ხის მჭრელ დავით გამყრელიძეს, კახეთის სოფელში ფიქრია ჩიხრაძის ვიზიტის ამსახველ ფოტოს, მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებულ პარტიის წევრებს, სტიქიით დაზარალებულთა დამხმარე პარტიის აქტივისტებს.

დავით ბაქრაძის გვერდის ადმინისტრატორებმა აქტიურად დაიწყეს ლიდერის რეგიონებში ვიზიტების გაშუქება, სადაც ნახავთ თელავის, ბაღდათისყვარელის, ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრის ფოტოებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდზე კი განთავსებულია როგორც პრეზიდენტის მიერ სტიქიით დაზარალებულთა მონახულების, ასევე, ამ პრობლემის შესახებ გამართული სამთავრობო სხდომების ამსახველი ფოტოები. ხშირია გაზიარებული ფოტო ახალი სამთავრობო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს“ წარწერით. ჩნდება ლოგიკური კითხვა: აღნიშნული სტრატეგია მთავრობას ეკუთვნის თუ პოლიტიკურ პარტიას? ზოგადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი პირდაპირ არ უკავშირდება პარტიის საქმიანობას და  მხოლოდ მთავრობის ღონისძიებებს მოიცავს. ეს მიანიშნებს წინასაარჩევნოდ პარტიისა და მთავრობის აქტივობების გაშუქების არასწორი გამიჯვნის შესაძლო პრობლემის არსებობაზე. როგორც ცნობილია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო მარათონის დროს მკვეთრად იყოს გაყოფილი მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული შეხვედრებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გაშუქება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობაში მყოფი პარტიისთვის მთავრობის მიერ გატარებული ზომების მიკუთვნება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება.

პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გვერდზე განთავსებულია  ლიდერის მიერ ვაუჩერების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების, მოსახლეობასთან შეხვედრის ფოტოები. მრავლადაა ახალციხეში განახლებული და აშენებული ნაგებობების  სურათები, თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები.

ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც მრავლადაა  ლიდერისა და კოალიციის სხვა წევრების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის ფოტოები: ივანიშვილი სვანეთში, კახეთში, ლემშვენიერაში, მცხეთაში, გერგეთის სამებაში, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფი კახეთში, კახი კალაძე ბაღდათში.

გიორგი თარგამაძის გვერდზე ნახავთ შემდეგ ფოტოებს: ლიდერი ეხმარება გორის, სოფელ საღანძილეს და სოფელ მარტყოფის მოსახელობას, იმყოფება კვირიკობისა   და ლაშარობის დღესასწაულებზე. ნაჩვენებია, ასევე, თუ როგორ ეხმარება მაგდა ანიკაშვილი ზესტაფონში ადგილობრივებს.

ივლისში თავისუფალმა დემოკრატებმა კი განათავსეს ზუგდიდის ბაზარში, სენაკის, ჩარგალის მოსახლეობასთან და სტიქიით დაზარალებულებთან ირაკლი ალასანიას შეხვედრის ფოტოები.

სხვა დანარჩენი პარტიები – „რესპუბლიკური პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“ – ფოტოებით საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირებას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

განთავსებული ფოტოების რაოდენობის, მათი სახეობებისა და თემატიკის გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოსახლეობის მხრიდან მათზე დატოვებული კომენტარების შინაარსია. ეს მათი განწყობისა და მოსაზრებების გაგების საშუალებას გვაძლევს. შემდეგი სტატიები სწორედ ამ საკითხს შეეხება და შემოგთავაზებთ მოქალაქეების რეაქციას სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ განთავსებულ ფოტოებთან დაკავშირებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024