ავტორი: ნატა ვარაზი
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მსოფლიომ აღნიშნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღე. წელს ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც 2011 წლის 28 სექტემბერს შექმნილ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურ რეიტინგს (RTI) 5 წელი შეუსრულდა. აღნიშნული რეიტინგის მიზანია ინფორმაციაზე წვდომის უფლებასთან დაკავშირებული ეროვნული სამართლებრივი მექანიზმების შეფასებითი ანალიზის განხორციელება. რეიტინგში შესული ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და დღეისთვის 112 ქვეყანას შეადგენს.
საყურადღებოა, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალური რეიტინგის შექმნის დღიდან, მის უპირობო ლიდერს სერბეთი წარმოადგენდა, თუმცა განახლებული რეიტინგის თანახმად, 135 ქულიანი მაჩვენებლით სერბეთმა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეიტინგის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 136 ქულიანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე მექსიკამ გადაინაცვლა.
ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურ რეიტინგში 136 ქულით შეფასებული გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის განახლებული ვერსია მექსიკაში 2015 წლის 5 მაისს შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის თავდაპირველი ვარიანტი მექსიკის კონგრესის მიერ 2002 წლის აპრილში იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ კანონის შესრულების მონიტორინგის მიზნით მექსიკაში დაარსდა დამხმარე ორგანო - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფედერალური ინსტიტუტი (IFAI), რომელმაც განიცადა რეორგანიზაცია და დღეისთვის ცნობილია როგორც ეროვნული გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტი (INAI).
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონი დეტალურად აყალიბებს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ჩამონათვალს. სახელდობრ, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული სუბიექტები (ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლება, ფედერალური საჯარო ადმინისტრაცია, რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა, ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება, მუდმივმოქმედი კომისია და ა.შ.) ვალდებულები არიან უზრუნველყონ ისეთი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა, როგორიცაა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილება, თითოეული თანამდებობისათვის განკუთვნილი თვიური ანაზღაურების ოდენობა, ინფორმაცია კომპენსაციის გაცემის პროცედურის შესახებ, ინფორმაცია დაწესებულების ბიუჯეტისა და გაწეული ხარჯების შესახებ, ინფორმაცია აუდიტის შედეგების თაობაზე, ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე და აგრეთვე ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მიზნების, პროცედურებისა და ფორმების შესახებ.
ამავე მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულები არიან თავისი ელექტრონული მისამართები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ, რაც გაამარტივებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული განცხადებების ელექტრონულად შეტანის პროცედურას.
მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის მე-7 მუხლში განსაკუთრებულ ყურადღებას საჯარო მოხელეების ცნობარის ხელმისაწვდომობა იმსახურებს. სახელდობრ, აღნიშნულ ცნობარში მოცემული უნდა იყოს ყველა საჯარო მოხელის, მათ შორის დეპარტამენტების უფროსების და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების ვინაობა. ცნობარში ასევე მოცემული უნდა იყოს საჯარო მოხელეების ჩამონათვალი.
ამავე კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს იმ ინფორმაციას, რომელიც მექსიკის სასამართლო ხელისუფლებამ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განჩინებები დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს დათქმას - ნებისმიერ პირს უფლება აქვს მოსთხოვოს სასამართლოს მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების არგამჟღავნება.
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საშუალებები
საყურადღებოა, რომ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოები (ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლება, ფედერალური საჯარო ადმინისტრაცია, რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა, ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება, მუდმივმოქმედი კომისია და ა.შ.) ვალდებულები არიან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაამარტივონ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. კერძოდ, პასუხისმგებელი პირებს ევალებათ განათავსონ კომპიუტერული მოწყობილობები დაინტერესებული პირებისათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში, რათა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის უშუალოდ შესწავლა ან ამობეჭდვა.
ამასთან, აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციაზე ონლაინ წვდომის ხელშესაწყობად, შექმნილია ეროვნული გამჭვირვალობის ონლაინ პლატფორმა (http://www.plataformadetransparencia.org.mx), რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ სამთავრობო ინფორმაციას ან მოითხოვოს იმ ინფორმაციის განთავსება, რომელიც ვებ-გვერდზე არ არის ხელმისაწვდომი.
საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაცია
კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციად ითვლება ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება საფრთხეს უქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ თავდაცვას, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოლაპარაკებებზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე. საიდუმლოდ ასევე ითვლება ინფორმაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოებმა ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა მექსიკის სახელმწიფოს კონფიდენციალურად გადასცეს და ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ინფორმაციის გასაჯაროება 12 წლის განმავლობაში იკრძალება.
რაც შეეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას, კანონის თანახმად, ასეთად ითვლება ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისათვის აუცილებელია პირის წინასწარი თანხმობა.
აღსანიშნავია, რომ მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოდ ან კონფიდენციალურად მიჩნევა აკრძალულია.
ამავე კანონის მე-14 მუხლი შეიცავს შემდეგი შინაარსის მქონე დათქმას - საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლებელია გასაჯაროვდეს, თუ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოდ ან კონფიდენციალურად მიჩნევის მიზეზი აღარ არსებობს.
ასევე საყურადღებოა, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურმა რეიტინგმა (RTI) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის დეფინიციის კუთხით, მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონს 4-დან 4 ქულა მიანიჭა.
პერსონალური მონაცემების დაცვა
გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზოგად კანონში პერსონალური მონაცემები მე-20 მუხლით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის, კანონით განსაზღვრულ პირებს ევალებათ ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემისათვის შესაფერისი პროცედურების დანერგვა და საჯარო მოხელეებისათვის ტრეინინგების ჩატარება. ამასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგ, მათ ევალებათ მიაწოდონ პირს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აყალიბებს ზემოხსენებული ინფორმაციის მოპოვების მიზეზებსა და გამოყენების მიზნებს.
პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება/გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაზე/გამოყენებაზე წერილობით თანხმობას აცხადებს უშუალოდ პირი, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია. კანონის 22-ე მუხლი აგრეთვე განსაზღვრავს იმ ინფორმაციას, რომლის გამოსაყენებლად არ არის აუცილებელი წერილობითი თანხმობა, ესენია - ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის, სტატისტიკური, სამეცნიერო მონაცემების შესადგენად მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაციით შეუძლებელია ინფორმაციის გამცემი პირის იდენტიფიცირება და ასევე ინფორმაცია, რომლის გაცვლაც მიმდინარეობს კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებს შორის (სახელმწიფო უწყებები, სააგენტოები და ა.შ.).
მოცემული კანონის 27-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს, რომელსაც მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემაზე უარი განეცხადა, უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. გასაჩივრების უფლება ასევე ვრცელდება დაგვიანებით ან არასრულად მიღებულ ინფორმაციაზე.
ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა და საზედამხედველო ორგანო
აღნიშნული კანონი ნათლად აყალიბებს ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოებში ინფორმაციის დახარისხებისა და კონტროლის მიზნებისათვის შესაბამისი ერთეულების შექმნასა და მათ ფუნქციებს. კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ზემოხსენებული მიზნებისათვის, ყველა სახელმწიფო დაწესებულების უფროსს ევალება სამეკავშირეო განყოფილებისა (Liaison section) და საინფორმაციო კომიტეტის შექმნა. სამეკავშირეო განყოფილების ფუნქციებში შედის ინფორმაციის შენახვა და დამუშავება, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის პერიოდული განახლების კონტროლი, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების მიღება - დამუშავება, დაინტერესებული პირებისათვის განცხადების შედგენის პროცესში დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მისაღებად, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში გადამისამართება, ასევე მოთხოვნილი ინფორმაციის სიის შედგენა და დახარისხება.
სამეკავშირეო განყოფილება მჭიდროდ არის დაკავშირებული საინფორმაციო კომიტეტთან, სახელდობრ, ის რეკომენდაციას უწევს კომიტეტს იმ შიდა პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებიც გაამარტივებს კომიტეტის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, სამეკავშირეო განყოფილების მეშვეობით, საინფორმაციო კომიტეტი ადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის ადგილმდებარეობას.
რაც შეეხება საინფორმაციო კომიტეტს, მისი ფუნქციების ჩამონათვალი მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის 29-ე მუხლშია მოცემული და ესენია - თითოეული სახელმწიფო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინირება და ზედამხედველობა, სახელმწიფო ორგანოს ადმინისტრაციული ერთეულის მიერ ინფორმაციისათვის მინიჭებული კლასიფიცირების დადასტურება, მისი მოდიფიცირება და განახლება, სახელმწიფო ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის ხელშეწყობის და გამარტივების გეგმის შემუშავება და დროული განახლება.
რაც შეეხება საინფორმაციო კომიტეტის შემადგენლობას, ის დაკომპლექტებულია სახელმწიფო ორგანოს უფროსის მიერ დანიშნული საჯარო მოხელისგან, სამეკავშირეო განყოფილების და ასევე შიდა ზედამხედველობის ორგანოს უფროსებისგან.
ამასთან, კანონი განსაზღვრავს ეროვნული გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტის (INAI) ფუნქციებსა და მოვალეობებს. კერძოდ, კანონის 33-ე მუხლის თანახმად, „ეროვნული გამჭირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტი წარმოადგენს ფედერალური საჯარო ადმინისტრაციის ერთეულს. ის დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის განხორციელებაში, ბიუჯეტის განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ინსტიტუტს ევალება სააგენტოებისა და სხვა ერთეულების განკარგულებაში არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების, მის გაცემაზე უარის თქმისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონტროლი“.
ინსტიტუტი შედგება მუდმივმოქმედი ფედერალური კომისიის ხუთი წევრისაგან. ინსტიტუტში შემავალი კომისიის წევრების არჩევის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ მათი კანდიდატურის განხილვაში დიდ როლს სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, მექსიკის აღმასრულებელი ხელისუფლება კომისიის წევრების კანდიდატურას საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს - სენატს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის შემადგენლობაში შესვლის კანდიდატების შერჩევის პროცესში საზოგადოების ჩართულობა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურმა რეიტინგმა (RTI) 2-დან 2 ქულით შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი.
საყურადღებოა, რომ სწორედ გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტს ევალება მოცემული კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ის შექმნილია ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოებში დაფუძნებული კომიტეტების საქმიანობის კონტროლისათვის. ინფორმაციის ინსტიტუტის სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიდან ასევე აღსანიშნავია ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა, სახელმწიფოს არქივებსა და სააგენტოებში არსებული ინფორმაციის დახარისხება, ინფორმაციის განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოების საქმიანობის მონიტორინგი, მათი დაკვალიანება, გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის ინტერპრეტაცია, სახელმწიფო ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების შენახვის, განკარგვის და აღრიცხვის სახელმძღვანელო პრინციპების და ზოგადი წესების შემუშავება, სახელმწიფო დაწესებულებების შიდა ზედამხედველობითი ორგანოების კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გაფრთხილება. სახელმწიფო დაწესებულებების განკარგულებაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურის გამარტივებისათვის შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნა.
ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინსტიტუტის, როგორც მექსიკის კონგრესის წინაშე ყოველწლიური საჯარო ანგარიშის წარმდგენი ორგანოს ფუნქცია. აღნიშნული ანგარიშის შედგენა ხდება სახელმწიფო ორგანოების მიერ ინსტიტუტისთვის ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით გადაცემული მონაცემების საფუძველზე.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტის წლიური საჯარო ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თითოეულ სახელმწიფო ორგანოში ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების რაოდენობა, სახელმწიფო ორგანოს მიერ განცხადებაზე პასუხის გაცემის ზუსტი დრო, ინსტიტუტის მიერ განხილული საკითხების რაოდენობა და მათი განხილვის შედეგი, სახელმწიფო ორგანოების შიდა ზედამხედველობით ორგანოებში მამხილებლების მიერ შეტანილი განცხადებების რაოდენობა, კანონის იმპლემენტაციის დროს წარმოქმნილი სირთულეების შესახებ ინფორმაცია და სხვა.
ამასთან, აღნიშნული კანონის თანახმად, პირს, რომელსაც სურს ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული საჩივრის შეტანა ეძლევა არჩევანის საშუალება - შეიტანოს საჩივარი უშუალოდ იმ ორგანოს ან ერთეულის სამეკავშირეო განყოფილებაში, რომლისგანაც თავდაპირველად მოითხოვა ინფორმაცია ან პირდაპირ მიმართოს გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტს. იმ შემთხვევაში, თუ პირს საჩივარი კონკრეტული ორგანოს ან ერთეულის სამეკავშირეო განყოფილებაში შეაქვს, ამ უკანასკნელს ევალება აღნიშნული საჩივრის გადაგზავნა გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტში.
საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა
მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის 63-ე მუხლი აყალიბებს საჯარო მოხელისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევებს, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელე გათქვამს, გამოიყენებს ან გაანადგურებს მის განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას, უარს განაცხადებს ისეთი ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც არ არის საიდუმლოდ ან კონფიდენციალურად მიჩნეული და პირიქით, გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საიდუმლო/კონფიდენციალურია. საჯარო მოხელეს აგრეთვე ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოთხოვნილ ინფორმაციაზე მიზანმიმართულად არასრული პასუხის გაცემისათვის.
მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის 63-ე მუხლი მითითებას აკეთებს საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონზე, რომელშიც მოცემულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახეობები. სახელდობრ, საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონის 201-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს, მასში მომუშავე საჯარო მოხელის მიმართ, უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები - საჯაროდ შენიშვნის გამოთქმა ან ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს, ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ ჯარიმის საჯარო სახსრებით გადახდა დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიღებულ უნდა იქნეს საჯარო მოხელის ფინანსური მდგომარეობა.
ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურ რეიტინგში მოცემულ მექსიკის ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობის შეფასებით ანალიზში აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობა ასევე მექსიკის სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.
ზემოხსენებული კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, ინფორმაციის სრულად მოწოდებისათვის ხელის შეშლის ან საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების დაფარვის მიზნით, პირის დაშინება ან/და პირის მიმართ მუქარის განხორციელება ისჯება 2-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ფულადი ჯარიმით და სახელმწიფო დაწესებულებაში 2-დან 9 წლამდე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.
შეჯამება
მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის განახლებული ვერსია აფართოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის პასუხისმგებელი პირების სიას და ზრდის ვებ-გვერდებსა და სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო პლატფორმაზე განსათავსებელი ინფორმაციის ოდენობას. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სწორედ ელექტრონული პლატფორმები წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მთავარ საშუალებას, რაც აადვილებს ინფორმაციის შენახვის, გაცემის და დახარისხების პროცესს და სრულ შესაბამისობაში მოდის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებთან.
ამასთან, ზემოხსენებული კანონი, მის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, უფრო დეტალურად განსაზღვრავს შეზღუდული წვდომისა და კონფიდენციალური ინფორმაციის არსს და აძლიერებს ინფორმაციის გამოთხოვის დროს არსებულ დაცვის მექანიზმებს, ხოლო საჯარო ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, აფართოებს სანქციების ცნებას. კანონი ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობას და მუშაობის ეფექტურობას.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალურ რეიტინგში საქართველოში მოქმედი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობა 97 ქულით არის შეფასებული და 112 ქვეყანას შორის 35-ე ადგილს იკავებს.