სანდრო როჩიკაშვილი
სანდრო როჩიკაშვილი არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი. იგი სწავლობს პრინსტონის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე.
XXI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება ახალ მნიშვნელობას სძენს სიტყვას “დემოკრატია”, “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” გახდა წამყვანი პროექტი უფრო გამჭვირვალე, ღია და ანგარიშვალდებული მთავრობების შექმნაში საერთაშორისო მასშტაბით. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ინფორმაციის გამოქვეყნება ინტერნეტში გახდა დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების და მიღების ყველაზე ეფექტური გზა.
ინიციატივა უფრო გამჭვირვალე მთავრობისთვის წამოიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმის სადემონსტრაციოდ, რომ იგი მზად იყო შეექმნა “მთავრობის გამჭვირვალობის უპრეცენდენტო დონე”. თავის 2010 წლის 23 სექტემბრის მიმართვაში ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა ჩამოეყალიბებინათ “კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის ხელის შეწყობისთვის” და მიიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეერთებოდნენ მას დემოკრატიული მთავრობების ღიაობის დონის გაზრდაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაში.
ობამას 2010 წლის ნოემბრის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა ღიაობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო პარტნიორობის საფუძვლები, აშშ-მ მიიწვია ბრაზილია ყოფილიყო მისი თანათავმჯდომარე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ძალისხმევაში. პროექტი გახდა ცნობილი როგორც “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის”.
ინიციატივის ფორმალური გახსნა მოეწყო 2011 წლის 20 სექტემბერს ნიუ-იორკში. 8 დამფუძნებელმა წევრმა (ბრაზილია, ინდონეზია, მექსიკა, ნორვეგია, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო და აშშ) ხელი მოაწერეს მაღალი დონის ღია მმართველობის დეკლარაციას და წარმოადგინეს თავიანთი სამოქმედო გეგმები. დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლები ასევე მიესალმნენ 38 ახალი წევრი სახელმწიფოს ჩართვას პროექტში, რომელთა შორის იყო საქართველოც. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად ესწრებოდა შეხვედრას და გამოხატა მზადყოფნა შეერთებულიყო OGP-ს როგორც “რეგიონული ლიდერი”.
OGP არის მნიშვნელოვანი ინიციატივა წევრ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების, უფრო დიდი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შემდგომი განვითარებისთვის. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომლის მთავრობა ისევ და ისევ ცდილობს დასავლეთისთვის დემოკრატიულ ფასეულობებისადმი ერთგულების დემონსტრირებას. OGP-ს ვალდებულებების შესრულება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისთვის, რისი სურვილიც საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ გამოხატა.
“პარტნიორობას ღია მმართველობისთვის” ზედამხედველობას უწევს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც შედგება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისგან, აქედან ცხრა წარმოადგენენ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და რვა არიან დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლები.
2012 წლის 17-18 აპრილს გაიმართა OGP-ს წევრების პირველი წლიური შეხვედრა ბრაზილიაში, რომელსაც დაესწრნენ წარმომადგენლები 53 ქვეყნიდან. მონაწილე მთავრობებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოქმედო გეგმები და აიღეს კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის ხელშეწყობის, კორუფციასთან ბრძოლას, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფის და მთავრობების უფრო მეტი ანგარიშ ვალდებულებას გასაზრდელად. საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინა თავისი სამოქმედო გეგმა და ფორმალურად გაწევრიანდა ინიციატივაში.
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში შექმნა ფორუმი, რომელიც უნდა შეიკრიბოს ყოველ თვეს და განიხილოს მთავრობის პროგრესი სამოქმედო გეგმის შესრულებაში. 2012 წლის მაისში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, რომლებმაც შემოიტანეს ახალი ტერმინები, ვალდებულებები, და რაც მთავარია უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ელექტრონული რესურსების გამოყენებას ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის.
ზოგიერთმა წევრმა ქვეყნამ უკვე მნიშვნელოვანად წაიწია წინა უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და გახსნილი მთავრობის შექმნის მიზნისკენ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, მაგალითად, შექმნა ვებ-პორტალი data.gov.uk, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინფორმაციო ბაზას წარმოადგენს 40,000-ზე მეტი ფაილით, რასაც გამუდმებით ემატება მეტი ინფორმაცია. პარტნიორობისთვის თავის სამოქმედო გეგმაში საქართველომ წარმოადგინა განზრახვა შეექმნა მსგავსი წებ-პორტალი data.gov.ge, რომელზეც განთავსდება ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია სახელმწიფო ფინანსებისა და ბიუჯეტების შესახებ.
საქართველოს მთავრობამ ასევე განახორციელა რამდენიმე ცვლილება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის სახელმწიფო და ადგილობრივ საკითხებში. მაგალითად, თბილისის მერიამ შექმნა ვებ-გვერდი პეტიციებისთვის www.chemitbilisi.com, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ პეტიციები იდეებით ქალაქის გაუმჯობესებისთვის. უფრო ფართო მასშტაბით, სამოქმედო გეგმაში იყო წარმოდგენილი იდეა Ichange.ge-ს შექმნის შესახებ. ეს ვებ-პორტალი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს განათავსონ თავიანთი შეკითხვები, წინ წამოწიონ პრობლემები, რომლებიც მათი აზრით ყურადღებას მოითხოვენ, წარმოადგინონ ახალი იდეები და შექმნან პეტიციები, რომლებიც იქნებიან განხილვისთვის სავალდებულო ხელმოწერების კონკრეტული რაოდენობის შეგროვების შემდეგ, რომელიც განისაზღვრება საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გეგმის მიხედვით data.gov.ge და Ichange.ge 2013 წელს უნდა გაუშვან.
საჯარო ინფორმაციის მარტივი ხელმისაწვდომობა OGP-ს ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ინოვაციური იდეა წარმოადგინა. ონლაინ საინფორმაციო ბაზების შექმნის გარდა, შეიქმნა ახალი სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ სხვადასხვა დაწესებულებების მიერ შეთავაზებული სერვისების ხარისხს და ამავდროულად გაზრდიან ამ სერვისების ხელმისაწვდომობას როგორც სიმარტივის, ისე დროის და ეფექტურობის მხრივ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო ე.წ. იუსტიციის სახლების შექმნა, რომლებიც ერთ შენობაში მოაქცევენ დოკუმენტაციასთან, ბიზნესების და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, საარქივო მასალებთან, ა.შ. დაკავშირებულ სერვისებს. საჯარო მომსახურების გაუმჯობესების სხვა პროექტების იმპლემენტაცია იგეგმება ახლო მომავალში.
ასეთი პროექტები მოქალაქეებისთვის ამარტივებენ საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს, რაც თავის მხრივ მხარს უჭერს სამთავრობო საკითხებში საჯარო ჩართულობის უფრო დიდ ხარისხს.
2012 წლის ივლისში OGP-ს საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმი (IRM), რომლის შექმნაზე მუშაობდნენ საორგანიზაციო კომიტეტი და დამხმარე ერთეული დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად. IRM-ის მიზანია ყოველწლიური დამოუკიდებელი ანგარიშების გამოქვეყნება წევრი ქვეყნების შესახებ. მას ზედამხედველობას გაუწევს რვა წევრიანი საერთაშორისო ექსპერტთა პანელი. IRM არის ინდივიდუალური ქვეყნების, როგორც OGP-ს წევრების, მიზნების და ვალდებულებების შესრულების გზაზე განხორციელებული პროგრესის შესაფასებელი ეფექტური მექანიზმი.
OGP-ში ამჟამად გაწევრიანებულია 58 ქვეყანა მთელი მსოფლიოდან და უმეტესობამ უკვე შეასრულა თავიანთი ვალდებულებანი. ჯერ კიდევ სანახავია, თუ რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული ინიციატივა მთავრობების უფრო გამჭვირვალედ და ღიად გახდომაში, მაგრამ ჯერჯერობით პროგრესი მართლაც შესამჩნევია.