მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის შეფასება - ძირითადი მიგნებები
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
2021 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - 2019 წლის შედეგებთან მიმართებით, 2%-ით გაუმჯობესდა (25%-დან 27%-მდე), მაჩვენებელი იგივე დარჩა მეორე ბლოკში - ელექტრონული მმართველობა (32%), ხოლო მესამე ბლოკის - მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება - მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 6%-ით შემცირდა (29%-დან 23%-მდე).
შეფასების პროცესში ჩართული შემფასებლების მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებზე ზეგავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია:
პირველი, COVID-19 პანდემიამ. შეფასების დროს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იყო გადასული ან ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. აღნიშნული გარემოებების მიზეზით, ხშირად შეფერხებული იყო მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის დროულად მიღების, ელექტრონული პლატფორმების მართვის და განახლების პროცესი. პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებდა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობებსაც, რაც მესამე ბლოკის მაჩვენებლების გაუარესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. აქვე შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა პანდემიის ვითარებასთან სწრაფი და ეფექტიანი ადაპტირება, რაც შესაძლებელი იყო თუნდაც ელექტრონული მმართველობის ინსტრუმენტებზე მეტი აქცენტის გაკეთებით. 2021 წლის შეფასებისას ელექტრონული მმართველობის ბლოკში იგივე მაჩვენებელი და მესამე ბლოკის შედეგის არსებითი გაუარესებაც ამას ადასტურებს.
მეორე, 2021 წელი წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების წელს. იყო შემთხვევები, როდესაც იმ მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებიც მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებდნენ ნაკლები ენთუზიაზმით უდგებოდნენ მიმდინარე მუნიციპალური საკითხების მართვას და მათ შორის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის საკითხებს. ამასთან, ზოგ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელმძღვანელობა არ იზიარებდა წინამორბედის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას, მაგალითად, საქმიანობის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით.
მესამე, მუნიციპალიტეტებში არსებული არამდგრადი საკადრო პოლიტიკა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიცვალა თანამშრომლები, რომლებიც 2017-2019 წლებში მუშაობდნენ მუნიციპალიტეტში და იცნობდნენ ინდექსს და შეფასების სპეციფიკას. ახალ თანამშრომლებს შედარებით უჭირდათ პროცესის მართვა, რაც შედეგებზეც აისახა.
ამასთან, შეფასების შედეგები მიუთითებს, რომ გეოგრაფიულ (მაღალმთიანობა) და დემოგრაფიულ (ეთნიკური უმცირესობები) ფაქტორებს ზეგავლენა აქვს მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე. აღნიშნული მახასიათებლების მქონე მუნიციპალიტეტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მუნიციპალიტეტების საშუალო მაჩვენებელს. აგრეთვე, მკვეთრად მცირეა მათი შედეგების გაუმჯობესების დინამიკაც. საინტერესოა, რომ საქართველოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ცხოვრობს, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის მაჩვენებლით ჩამორჩება თითქმის ყველა სხვა თვითმმართველ ქალაქს.
აქვე უნდა აღინიშნოს მუნიციპალიტეტების დადებით შედეგებზე საერთაშორისო დონორების დახმარების პროგრამებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივების/პროექტების პოზიტიური ზეგავლენა, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში ჩართულ მუნიციპალიტეტებზე. როგორც წესი, სწორედ ასეთ მუნიციპალიტეტებს აქვთ შედეგების პოზიტიური დინამიკა.
ამავდროულად, სამივე (2017, 2019, 2021) ეროვნული შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა სტაბილურად მაღალი შედეგის და დადებითი დინამიკის მქონე მუნიციპალიტეტები (მაგ., რუსთავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, ოზურგეთი), რაც მიუთითებს მათ მზაობასა და ინსტიტუციურ დამოკიდებულებაზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით.
შეინიშნება, ინდექსის ცნობადობისა და გამოყენების მზარდი ტენდენცია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. მაგალითად, ინდექსი, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანის მიღწევის ინდიკატორი, გამოყენებულია მთავრობის 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიაში. ამასთან, მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის ხარისხის შეფასებისას, ინდექსის მაჩვენებლებს ხშირად ეყრდნობიან ადგილობრივი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.
აღსანიშნავია, რომ შეფასების მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა ინდექსის სტანდარტების/მოთხოვნების შესახებ ცოდნის ნაკლებობა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2021 წელს შემუშავდა ინდექსის მეთოდოლოგიის შესახებ თვითმმართვადი დისტანციური სასწავლო კურსი (www.tvitmmartveloba.ge). კურსი უფასოა და მასზე ხელი მიუწვდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ის მნიშვნელოვნად დაეხმარება მუნიციპალიტეტებს შესაბამის თანამშრომლებს ინდექსის სტანდარტების უკეთ აღქმაში და მათ დაკმაყოფილების უზრუნველყოფაში. ამასთან, კურსის, როგორც სახელმძღვანელო ინსტრუქციის, გამოყენება შესაძლებელია მარტივად, ნებისმიერ დროს.