საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება - 2023

სიახლეები | ადგილობრივი მმართველობა 22 ნოემბერი 2023

მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2023 წლის შეფასება - ძირითადი მიგნებები

 

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2023 წლის ეროვნული შეფასების (LSG ინდექსი) შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 33%-ია, რაც 5%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის მონაცემებით, LSG ინდექსის ზრდა ფიქსირდება.

 

მნიშვნელოვანი, ორნიშნა (10%-დან - 38%-მდე), ზრდა დაფიქსირდა 18 მუნიციპალიტეტში, ხოლო არსებითი გაუარესება აღინიშნა (10%-დან - 32%-მდე) 6 მუნიციპალიტეტში. 

 

2023 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - 2021 წლის შედეგებთან მიმართებით 7%-ით გაუმჯობესდა (27%-დან 34%-მდე). მაჩვენებლის დაახლოებით მსგავსი ზრდა ფიქსირდება მეორე ბლოკში - ელექტრონული მმართველობა (32%-დან 38%-მდე), ხოლო მესამე ბლოკის - მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და ანგარიშვალდებულება - მაჩვენებელი პირიქით 4%-ით გაუარესდა და 19% შეადგინა (შემცირდა 23%-დან 19%-მდე).

 

შეფასების პროცესში ჩართული შემფასებლების მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებზე ზეგავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია:

 

პირველი, ელექტრონული რესურსებზე მუნიციპალიტეტების ხელმისაწვდომობისა და მუნიციპალიტეტების ვებგვერდების შესაძლებლობების გაუმჯობესებით. მათ შორის, მუნიციპალური სერვისების ელექტრონული მართვის პორტალის განვითარებით - https://ms.gov.ge/,  რომელიც ყველა მუნიციპალიტეტისთვის არის ხელმისაწვდომი. 

 

მეორე, 2020-2021 წწ. პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებდა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობებს. შესაბამისად, 2023 წელს  ზოგიერთი ინდიკატორის მაჩვენებელი დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებით ეს ეხება მესამე ბლოკის - მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და ანგარიშვალდებულების - კრიტერიუმების შეფასების შედეგებს.

 

მესამე, შეფასების წლები (2021-2022) არ ემთხვეოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ორგანიზაციული და საკადრო სტაბილურობა, და აგრეთვე 2021 წლის შეფასების პროცესში მიღებული დადებით გამოცდილება ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა კარგად გამოიყენა შედეგების გაუმჯობესებისთვის ან/და შენარჩუნებისთვის. 

 

მეოთხე, წინა წლებში განხორციელებული შეფასებისას მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა ინდექსის სტანდარტების/მოთხოვნების შესახებ ცოდნის ნაკლებობა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2021 წელს შემუშავდა ინდექსის მეთოდოლოგიის შესახებ თვითმმართვადი დისტანციური სასწავლო კურსი  (www.tvitmmartveloba.ge). კურსი უფასოა და მასზე ხელი მიუწვდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 2021-2023 წლებში ელექტრონული კურსი გაიარა ასზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა, რაც მუნიციპალიტეტების გაუმჯობესებული მაჩვენებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა შეიძლება იყოს. 

 

მეხუთე, მუნიციპალიტეტების დადებით შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით  მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროგრამებმა, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეულმა ინიციატივებმა და საექსპერტო მხარდაჭერამ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული დადებით შედეგები და LSG ინდექსის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, იმერეთის და სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმდინარე პროგრამების დასრულების შემდეგ, ინდექსში მუნიციპალიტეტების შედეგებმა მკვეთრად იკლო, რაც სამწუხარო ტენდენციაა. თუმცა, ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა შეინარჩუნა მაღალი შეფასებები და კიდევ უფრო განავითარა მიღებული გამოცდილება.

 

აღსანიშნავია, რომ ოთხივე (2017, 2019, 2021, 2023 წწ.) ეროვნული შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა სტაბილურად მაღალი შედეგის მქონე მუნიციპალიტეტები, კერძოდ: თელავის, ოზურგეთის, ლაგოდეხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები, რომელთამაჩვენებელი არცერთი შეფასებისას 39%-ზე დაბლა არ დაცემულა. აღსანიშნავია, რომ შეფასების ყველა წელს გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების დინამიური ზრდა ფიქსირდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქ. ფოთის, ლაგოდეხის, ამბროლაურის და ონის. აღნიშნული შედეგები მიუთითებს მათ მზაობასა და ინსტიტუციურ დამოკიდებულებას გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით.

 

ამასთან, შეფასების შედეგები მიუთითებს, რომ გეოგრაფიულ (მაღალმთიანობა) და დემოგრაფიულ (ეთნიკური უმცირესობები) ფაქტორებს ზეგავლენა აქვს მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე. აღნიშნული მახასიათებლების მქონე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი ჩამორჩება სხვა მუნიციპალიტეტების საშუალო მაჩვენებელს. თუმცა, 2023 წელს ფიქსირდება მათი შედეგების გაუმჯობესების უკეთესი დინამიკა.

 

აქვე საინტერესოა, რომ საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ცხოვრობს, 2019 წლიდან LSG ინდექსის მაჩვენებლის დინამიური ვარდნა ფიქსირდება. 

 

შეინიშნება  ინდექსის ცნობადობისა და გამოყენების მზარდი ტენდენცია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. მაგალითად, ინდექსი, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანის მიღწევის ინდიკატორი, გამოყენებულია მთავრობის 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიაში. ამასთან, მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის ხარისხის შეფასებისას, ინდექსის მაჩვენებლებს ხშირად ეყრდნობიან ადგილობრივი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასება განხორციელდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

იხილეთ კვლევა სრულად:

 

/public/upload/Analysis/Report-GEO-LSG 2023.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024