ავტორი: გაბრიელა კალდერი (Gabriella Calder), დამოუკიდებელი მკვლევარი
რუსი სამხედრო სტრატეგები საინფორმაციო ომს განიხილავენ, როგორც მრავალმხრივ ფორმატს, რომელშიც შეთანხმებულად მუშაობს კომპიუტერული ქსელები, ელექტრონული ომი, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ხასიათის ოპერაციები და მათი მუშაობა წინ უსწრებს ტრადიციული სამხედრო ძალების გამოყენებას, ან მათთან ერთად მოქემდებს. საინფორმაციო ომი, რომელიც წინ მიუძღვის სამხედრო ძალების კონვენციურ გამოყენებას, რუსეთის ცივი ომის შემდგომი სამხედრო დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ მეთოდით, კონკრეტულად კი საინფორმაციო ომის ერთ-ერთი კონცეფციის ფარგლებში, რუსეთმა გაიაზრა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის გაძლიერების საჭიროება. საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები მიზანში იღებს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობას და მათ საინფორმაციო ლანდშაფტში იჭრება სამხედრო ომამდე, მის განმავლობაში და შემდეგ. ეს ოპერაციები გავლენას ახდენს ქცევაზე, აღქმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე, რათა გეგმის ავტორებმა უფრო ხელსაყრელი შედეგი მიიღონ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი პირველი იყო, სადაც რუსეთმა შერწყმულად გამოიყენა კიბერ და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები სამხედრო მიზნების მისაღწევად. მას შემდეგ, რუსეთი მუშაობდა, საქართველოს შიდა საინფორმაციო სივრცეში ნარატივების მანიპულაციით შეერყია ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩამოაყალიბა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ნელი ოკუპაცია შეიძლება კონვენციური ბრძოლის შემდეგ დიდხანს გაგრძელდეს. რუსული საინფორმაციო ომი საქართველოსთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება და განაგრძობს ქვეყნის ლეგიტიმურობის დეგრადაციას ქვეყნის შიგნიდან.
პირველი ეტაპი: კიბერშეტევები
2008 წელს, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებგვერდები დაჰაკეს და დაიბლოკა - გაითიშა “სერვისის უარყოფის განაწილებული თავდასხმების” (Distributed Denial-of-Service (DDoS) Attack) შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ ამ მოვლენასთან რაიმე სახის პირადპირი კავშირი უარყო, ამ შეტევების წყაროდ რუსული ბოტნეტები დასახელდა. ვებგვერდებზე შეტევები 2008 წლის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე განახლდა: კვლავ დაიბლოკა საქართველოს სამთავრობო, ასევე - ახალი ამბების სააგენტოებისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. ზოგიერთ მათგანზე კი გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰიტლერსა და მეოცე საუკუნის სხვა დიქტატორებს ადარებდა.
ორივე ასპექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რუსული ჯარების მიერ საქართველოში 8 აგვისტოს შემოჭრისთვის ნიადაგის მომზადებისთვის. საინფორმაციო წყაროების დაბლოკვამ საქართველოს მოსახლეობაში გამოიწვია დემორალიზაცია და მთავრობის მიმართ ნდობის დაკარგვა. მეტიც, მან ასევე “შეასუსტა საქართველოს მთავრობის პოზიცია და შექმნა დრო და სივრცე რუსეთისთვის კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო ნარატივის შესაფუთად”.
მეორე ეტაპი: ნარატიული თავდასხმები
2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი კიბერშეტევები, რომლებიც წინ უსწრებდა სამხედრო მოქმედებებს ან მათთან ერთად ხდებოდა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართო საინფორმაციო საომარი კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობდა კონფლიქტამდეც და მის დროსაც. მათი მთავარი ხაზი იყო ნარატიული შეტევები, რომლებიც რუსული მედიიდან მოდიოდა საქართველოსა და მისი მოსახლეობისკენ იყო მიმართული. 2008 წლის ომამდე სამხრეთ ოსეთზე გავლენამ რუსეთს მისცა საშუალება, საომარი მოქმედებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ცხინვალში პრორუსული ჟურნალისტები გაემაგრებინა. სამხედრო და სამთავრობო ინსტიტუტებთან ერთად, გაერთიანებულ რუსული “მხარეს” წარმოადგენდნენ ბლოგერები, ჟურნალისტები და სამთავრობო მედია. ომის დროს საინფორმაციო სივრცეში დომინაციისთვის რუსეთს საფუძველი უკვე მომზადებული ჰქონდა. შედეგად, რუსულმა საინფორმაციო ოპერაციებმა მოახერხა, ქართული მხარის ნარატივი თავიდანვე თავდაცვითი ყოფილიყო.
რუსეთის საინფორმაციო ომის სტრატეგია აქტიური საომარი მოქმედებების დროს დაიწყო დეზინფორმაციის ნაკადით, ასევე, სამი შექმნილი ნარატივის ხშირად გამეორებით. ეს ნარატივები იყო:
1) საქართველოიყო აგრესორი კონფლიქტში, რადგან მან გადაწყვიტა ქართული სამხედრო ძალები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაეყვანა.
2) საქართველოს მოქმედებებმა სამხრეთ ოსეთის რუსი მოქალაქეები (რომლებსაც წინა წლებში “პასპორტიზაცია” ჰქონდათ გავლილი) ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე დააყენა. ეს კი მოითხოვდა რუსეთის ინტერვენციას, რათა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და ადამიანის უფლებები.
3) ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წააქეზა საქართველო, ომში ჩართულიყო და ეს მოახერხა საქართველოს დასავლურ უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფების წახალისების ხარჯზე.
პოსტ-კონფლიქტის ნარატივის კონსოლიდაცია
ომის შემდეგ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობდა საქართველოს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი აცხადებდა: “რუსეთს აქვს საქართველოში დესტაბილიზაციის ინტერესი, რადგან უფრო მარტივი იქნება არამყარი საქართველოს მართვა”.
ბეჟუაშვილმა და თანამდებობის სხვა პირებმა მონიშნეს რამდენიმე მიმართულება, საიდანაც რუსეთი განაგრძობდა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას ქვეყნის შიგნიდან. მათი პროგნოზით, ეს მოხდებოდა საქართველოში რუსული მედიასაშუალებებით (და მოგვიანებით, სოციალურ ქსელებით) რუსული მედიანარატივების გავრცელების მეშვეობით. ასევე, გარკვეულ როლს შეასრულებდნენ პრორუსული მრწამსის მქონე ქართული მედიაორგანიზაციებიც.
ამავე ხედვის მიხედვით, რუსეთი გამოიყენებდა სამ ძირითად ნარატივს: პირველი მათგანი – გამორჩეული საფრთხე, რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის მორიგი შესაძლებლობა – ყველა დანარჩენი ნარატივის მთავარ ფონად იყო გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ ტრავმირებულნი იყვნენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით, ოკუპირებული ტერიტორიებით, ამიტომ, ზემოთ აღწერილი საფრთხე მათზე ემოციურად იმოქმედებდა: მისი დათესვით მოსახლეობა ახალ-ახალი მანიპულაციების მიმართ უფრო მოწყვლადი იქნებოდა. ამ ყველაფერთან ერთად, რუსეთი შეეცდებოდა საქართველო მასზე უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული გამხდარიყო, ხოლო საზოგადოებაში, კულტურული და პოლიტიკური მიმართულებით, შექმნილიყო აზრთა სხვადასხვაობა საქართველოსა და დასავლეთს შორის.
რუსეთის საბოლოო მიზანი იყო, ქართული სახელმწიფო მისი გავლენის სფეროში დაბრუნებულიყო ისე, რომ ამას საქართველო თავადაც ვერ გააცნობიერებდა. მიზანი არ იყო საქართველოს პრორუსულ სახელმწიფოდ გადაქცევა. მას გამიზნული ჰქონდა ქართველ ლიდერებზე ზეწოლა, რათა მათი ქმედებები თანხვედრაში მოსულიყო რუსეთის კავკასიის სტრატეგიასთან და ეს მოხდებოდა, ძირითადად, კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობის თაობაზე შიშის დათესვით.
გაამართლა თუ არა რუსეთის სტრატეგიამ საქართველოში?
2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურად დაწყებული საინფორმაციო ომის შედეგად, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა, რუსეთმა საქართველოს განუსაზღვრა ნარატივები, რომელთა მიხედვითაც ქართული ხელისუფლება აღიქვამს ქვეყნის ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს. უკანონო ბორდერიზაციით გრძელდება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მითვისება — ამას თან ახლავს მკვლელობები, გატაცებები და საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან (ABL-ებთან). ეს ქმედებები არის ზეწოლის ტაქტიკა — შემუშავებული იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება მორჩილ მდგომარეობაში იყოს და საქართველოს მოსახლეობას ეშინოდეს ახალი ესკალაციის, რომელიც სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაწყებული გრძელვადიანი და სტრატეგიული საინფორმაციო ომის შედეგად, რუსეთმა შეძლო დაემკვიდრებინა ნარატივი, რომლის გავლითაც საქართველოს ხელისუფლება უყურებს საკუთარ ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოების ინტერესებს.
დამალული სასამართლო სტატისტიკა
04.08.2025მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
03.06.2025