საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგი

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ანგარიში 9 მარტი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს, პროექტს „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი. 

 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პროექტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს, 2020 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს, მონიტორინგის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- ანტიკრიზისული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებები, ხშირ შემთხვევაში, არასრულყოფილად, ან საერთოდ არ გასცემენ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში უშუალოდ მათი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს და ღირებულია ანტიკრიზისული გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში.

 

- სამთავრობო ანგარიშებში სხვადასხვა ანტიკრიზისული  პროგრამის შედეგები წარმოჩენილია იმ ფორმით, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს.

 

- COVID 19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი მიემართება  კოვიდ სასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. მაგალითად, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

 

- ამ მიზნობრიობით განხორციელებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით, ხოლო ცალკეული უწყებების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.

 

- 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმით, მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარებების სახით გათვალისწინებული იყო  ერთ მლრდ. ლარზე მეტი, რაც მთლიანი ანტიკრიზისული ფონდის 29.5%-ს შეადგენს. ცალკეულ შემთხვევებში პირდაპირი  დახმარება განისაზღვრა ერთნაირი მოცულობით, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე მოსახლეობის მაღალ შემოსავლიანი ნაწილისთვის.

 

- ანტიკრიზისული გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შესაძლებელი იყო აღნიშნული დახმარებების მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის ათვისება გარკვეული პროგრამების შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

 

- საქართველოს სახელმწიფო ვალი 2020-2021 წლებში მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს, რაც აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს.

 

2020 წლის ივლისი-ნოემბერი პერიოდში, პროექტის, „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“,  ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.  კერძოდ, ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი მთელი რიგი  უწყებების მიერ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესაბამისად დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება, მნიშვნელოვნად აზარალებს კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.  გაუმჭვირვალე პროცესის ფონზე, მსგავს რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში  გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების მზარდი მაჩვენებლები, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური დახმარებების მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა და სხვა. ასევე, გაუმჭვირვალე პროცესის ერთ-ერთ გამოვლინებად შესაძლებელია შეფასდეს, მონიტორინგის ფარგლებში განხილული შემთხვევები, როდესაც  ხელისუფლების მიერ ცალკეული ანტიკრიზისული  პროგრამის შედეგები წარმოჩენილია იმ ფორმით, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს შეუმსუბუქა პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემები, IDFI მიიჩნევს, რომ ანგარიშში წარმოჩენილი მთელი რიგი საკითხების, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის დაგეგმვასთან, პირდაპირი დახმარებების სოციალური საჭიროებების მიხედვით განაწილებასთან და სხვა, ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში,  შესაძლებელი იყო  ანტიკრიზისული ღონისძიების  ეფექტიანობის ზრდა.

 

IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შუალედური შედეგების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ:

 

- უზრუნველყოს პანდემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და გაწეული ხარჯების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი. მათ შორის, მნიშვნელოვანია ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და IDFI-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით,  კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის ფორმირება.

 

- შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება.

 

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, გაითვალისწინოს IDFI-ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსებას, გადაუდებელი აუცილებლობით მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვების SMP კოდების მითითების კონტროლს და სხვა.

 

- ახალი სამოქმედო გეგმის ფორმირებისას, მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნას  2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პროგრამების დაგეგმვასთან  და განხორციელებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში მოყვანილი ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს  როგორც დახმარებების მოცულობის, ასევე მიზნობრივი სეგმენტის ეფექტიან ზრდას.

 

- ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული ნებისმიერი პროგრამის მასშტაბებისა და ეფექტიანობის შესახებ საზოგადოებას მიეწოდოს რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი მონაცემები, რაც გამორიცხავს პროგრამის ბენეფიციარებისათვის  არასწორი მოლოდინების შექმნას.

 

/public/upload/Analysis/Geo_covid19_IDFI.pdf

 

/public/upload/Analysis/Geo-covid19_one pager.pdf

 

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024