სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 19 მაისი 2016

2013 წელს საქართველოში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღებული ვალდებულებების ასევე წარმატებით შესრულება და არსებული სტანდარტების ამაღლება მეტი ელექტრონული გამჭვირვალობის მისაღწევად.


IDFI პერიოდულად ახორციელებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგს, რითაც აფასებს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო მასშტაბური მონიტორინგი IDFI-მ განახორციელა 2014 წლის მიწურულს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა 133 უწყების ვებგვერდზე განთავსებული 2013-2014 წლების სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი მონაცემები. საჯარო დაწესებულებებს გაეწიათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომ მომავალში მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა საზოგადოებისათვის მნიშნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.


წინამდებარე კვლევა ჩატარდა 2016 წლის 1-15 მაისის პერიოდში. ამჯერად, IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით.


მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.


ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.

 

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს პროაქტიული გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 3%-ით იკლო და 79,2% შეადგინა. მიუხედავად, იმისა რომ აღნიშნული უწყებების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, განსხვავებულ სურათს ვხდებით კონკრეტული დაწესებულებების მაგალითზე.


2014 წელთან შედარებით საკუთარი მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუარესეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (-53 %) და გარემოს დაცვის სამინისტრომ (-40%).


მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება (100%-დან 47%-მდე კლება) განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, მის ვებგვერდზე აღარ განახლებულა ფინანსური და სხვა ინფორმაციის უდიდესი ნაწილი: (მაგალითად, განხორციელებული შესყიდვები, სახელმწიფო ქონების გასხვისება, რეკლამის ხარჯები, ბიუჯეტის გეგმა და შესრულება, შრომის ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, ავტოპარკი და მისი ხარჯები, სატელეკომუნიკაციო ხარჯები, მიღებული და გაცემული გრანტები და სხვა).

 

სავალდებულო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან განათლებისა და მეცნიერების და ენერგეტიკის სამინისტროები, რომლებმაც ორივე 2014 და 2016 წლების მონიტორინგის შედეგად 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს.


სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და კულტურის სამინიტროების მაჩვენებლების გაუმჯობესება განპირობებულია იმით, რომ 2014 წელს მათ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. შესაბამისად, 2015-2016 წლებში შედარებით მცირე მოცულობის ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად დადებითად აისახა მათ მაჩვენებელზე. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, აღნიშნულ სამინისტროებში მნიშნელოვანი პრობლემები რჩება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით.

საქართველოში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების დანერგვიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გამოჩნდა რომ კონკრეტული უწყებების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება არსებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 2015-2016 წლებში ფაქტობრივად არანაირი სახის ფინანსური ინფორმაცია არ განუახლებია.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პროექტის შემმუშავებელი და დამნერგავი ორგანოს, მიერ 2015-2016 წლების ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მომავალში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირებას.


მიუხედავად IDFI-ის არაერთგზის მოწოდებისა მონიტორინგის ობიექტი საჯარო დაწესებულებები უმეტესად ცდილობენ გამოაქვეყნონ მხოლოდ ის მინიმალური ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.


მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროების უმრავლესობა სათანადოდ არ ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.


IDFI მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას და სამინისტროებს:

 

  • შეასრულონ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N219 დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები;

 

  • ინფორმაციის განთავსებისას არ შემოიფარგლონ მხოლოდ მინიმალური ვალდებულებების შესრულებით;

 

  •  ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით პროაქტიულად განათავსონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია.

 

იხილეთ სრული კვლევა:

 

/public/upload/Meri/Tushurashvili Proactive.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024