ვებ-გვერდების მონიტორინგი 2009

სიახლეები | პროექტები | დასრულებული პროექტები 2 იანვარი 2009


 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი

პროექტის დაფინანსება: ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი)-

პროექტის ბიუჯეტი: $10 000.00

 

2009 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური ვებ გვერდების მონიტორინგი”. ეს პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილი იქნა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია “ეროვნული უსაფრთხოების არქივის” (ჯორჯ  ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი) მიერ.

პროექტის ფარგლებში, IDFI სამუშაო ჯგუფის და ინსტიტუტის მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდა კვლევა მსოფლიოში ელექტრონული მთავრობების განვითარების და არსებული გამოწვევების, აგრეთვე საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ინტერნეტ გამჭვირვალობის საკანონმდებლო საფუძვლების შესახებ. IDFI სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს სამინისტროების ოფიციალური საიტების აუდიტი და დეტალური ანალიზი. შეფასდა ვებ-გვერდების გამჭვირვალობის ხარისხი და შედგა სამინისტროების ელექტრონული გამჭვირვალობის რეიტინგი.

 

ლევან ავალიშვილი
გიორგი კლდიაშვილი


საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი
2009 წლის ივლისი/სექტემბერი



კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია

წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის - `ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (“Институт Развития Свободы Информации”, Санкт-Петербург, РФ. (www.svobodainfo.org))  მიერ შემუშავებულ, სახელმწიფო ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-ვერდების მონიტორინგის მეთოდოლოგიას. ინსტიტუტს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკა და გამოცდილება სახელმწიფო ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგისა და მათი გამჭვირვალობის შეფასების საქმეში. ამერიკულ ორგანიზაციებთან ერთად, ინსტიტუტი არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი.

`ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"  მიერ აპრობირებული მეთოდოლოგია დაიხვეწა და საქართველოს რეალობას მიესადაგა. შემუშავდა ახალი მიდგომები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციის ფარგლებისა და მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმდინარე საქმიანობის გამჭვირვალობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
    
ინსტიტუტის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფო საინფორმაციო რესურსები საზოგადოებისთვის და ინფორმაციის რა მოცულობაა გამოქვეყნებული სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხობრივი მაჩვენებლები. კვლევა პირველ ეტაპზე ატარებდა მხოლოდ შეფასებით ხასიათს, გამიზნული იყო საერთო პრობლემების და არსებული ხარვეზების გამოსავლენად.

პირველადი კვლევის მიზნები:

•    პარამეტრების ჩამონათვალის განსაზღვრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების კონტენტის შესაფასებლად. პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივ ნორმატიულ აქტებს (რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას), საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსის საყოველთაოდ აღიარებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ასევე ვებ-გვერდის მიმართ მომხმარებელთა ცხად მოთხოვნებს;
•    თითოეული პარამეტრისადმი სოციალური მნიშვნელობის გარკვეული კოეფიციენტის მინიჭება;
•    საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეული ორგანოს კომპეტენციის გათვალისწინება შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრის დროს;
•    პარამეტრებისთვის კრიტერიუმებისა და შეფასების სკალის შემუშავება;
•    ექსპერტთა მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების კონტენტის შეფასება შემუშავებული პარამეტრებისა და კრიტერიუმების სკალის მიხედვით;
•    საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების ჯამური კოეფიციენტების გამოთვლა.

შეფასების კრიტერიუმები

კვლევის მიმდინარეობისას თითოეულ პარამეტრს მიენიჭა სოციალური მნიშვნელობის კოეფიციენტი (კ-მნიშვნელობა). ეს კოეფიციენტი, კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად, განსაზღვრავს კონკრეტული ინფორმაციის მნიშვნელობას და მისდამი საზოგადოების ინტერესის ხარისხს. აღნიშნული კოეფიციენტის განსაზღვრა საჭიროა,  რადგან ყველა პარამეტრი ხარისხობრივად ვერ იქნება თანაბარი, სოციალური მნიშვნელობის თვალსაზრისით. მაგალითისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დეპარტამენტის თანამშრომელთა ჩამონათვალი. სოციალური მნიშვნელობის კოეფიციენტი განისაზღვრება სამიდან ერთი ხარისხობრივი მაჩვენებლით (1, 2 ან 3).

საბოლოო შეფასების ობიექტურობის მიზნით გაანალიზდა ის გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს თითოეული სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, ფუნქციებსა და ამოცანებს. განისაზღვრა ის პარამეტრებიც, რომლის მიხედვითაც საიტები არ უნდა შეგვეფასებინა. საბოლოოდ, მიღებული მაჩვენებელი/კოეფიციენტი განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ორგანოს ოფიციალურ საიტზე ამა თუ იმ ინფორმაციის განთავსების აუცილებლობა (კ-აუცილებლობა).

პარამეტრების შეფასების კრიტერიუმებად შეირჩა ინფორმაციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები:

•    ინფორმაციის არსებობა/არარსებობა;
•    ინფორმაციის სისრულე;
•    ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
•    ინფორმაციის აქტუალობა.


ოფიციალურ საიტზე ინფორმაციის განთავსება ან განუთავსებლობა განისაზღვრება არსებობის კოეფიციენტით (კ-არსებობა). კოეფიციენტი ასახავს ინფორმაციის რაოდენობრივ მახასიათებელს და მას შეიძლება გააჩნდეს ორიდან ერთი მაჩვენებელი (1 – ვებ-გვერდზე ინფორმაცია მოცემულია ან 0 - ინფორმაცია საიტზე არ მოიძებნება).

ინფორმაციის სისრულის კოეფიციენტით (კ-სისრულე) განისაზღვრება თუ რამდენად სრულად აისახება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებში ესა თუ ის ინფორმაცია. კოეფიციენტს შეიძლება ჰქონდეს, ინფორმაციის სისრულის ხარისხის მიხედვით, სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    სისრულის მაღალი ხარისხი (70-100%) - კ-სისრულე = 1 (ცნობები პარამეტრზე დეტალურადაა მოცემული და ინფორმაციაც წარმოდგენილია სრული მოცულობით);
•    სისრულის საშუალო ხარისხი (30-70%) – კ-სისრულე = 0,5 (აუცილებელი ცნობები პარამეტრზე წარმოდგენილია საჭირო რაოდენობით, მაგრამ ინფორმაცია   განთავსებულია არასრული მოცულობით; ან ცნობები პარამეტრზე წარმოდგენილია ნაწილობრივ, მაგრამ ინფორმაცია სრული მოცულობით არის განთავსებული);
•    სისრულის დაბალი ხარისხი (5-30%) – კ-სისრულე = 0,2 (ინფორმაცია პარამეტრზე მწირია და ზედაპირული).

ინფორმაციის აქტუალობაში იგულისხმება ინფორმაციის მიღების მომენტისთვის მისი ფასეულობის ხარისხი.  კოეფიციენტი დამოკიდებულია მისი მახასიათებლების დინამიკის ცვალებადობაზე და იმ დროის ინტერვალზე, რომელიც გასულია მოვლენის წარმოქმნიდან. აქტუალობა განისაზღვრება კოეფიციენტით (კ-აქტუალობა) და ინფორმაციის აქტუალობის ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    აქტუალობის მაღალი ხარისხი - კ-აქტუალობა = 1 (ოფიციალური გამოსვლებისა და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების შესახებ არაუგვიანეს 7 დღისა. ცნობები სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შესახებ, საქმიანობის გეგმები, მოხსენებები, ანგარიში, განვითარების პროგრამების აღწერილობები, ცნობები რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარების და ბიუჯეტის შესახებ, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვები,  გამართული ტენდერები  და სავაჭრო ოპერაციები მოცემულია რეალურ რეჟიმში);
•    აქტუალობის საშუალო ხარისხი - კ-აქტუალობა = 0,85 (ოფიციალური გამოსვლების და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ვიზიტების და სამუშაო შეხვედრების შესახებ მოცემულია 14 დღის დაგვიანებით. საქმიანობის - გეგმების, მოხსენებების, ანგარიშის, განვითარების პროგრამების აღწერილობების, რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარებისა და ბიუჯეტის, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვების, გამართული ტენდერებისა და სავაჭრო ოპერაციების შესახებ ცნობებში ასახულია გასული წლის ვითარება);
•    აქტუალობის დაბალი ხარისხი - კ-აქტუალობა = 0,7 (ოფიციალური გამოსვლების და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ვიზიტების და სამუშაო შეხვედრების შესახებ არის 14 დღეზე გვიანდელი. საქმიანობის - გეგმების, მოხსენებების, ანგარიშის, განვითარების პროგრამების აღწერილობების, რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარებისა და ბიუჯეტის, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვების, გამართული ტენდერებისა და სავაჭრო ოპერაციების შესახებ ცნობებში ასახულია წელიწადზე მეტი ხნის მდგომარეობა).

ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში იგულისხმება საიტზე მისი მოძებნის სიმარტივის ხარისხი. ხელმისაწვდომობა განისაზღვრება კოეფიციენტით (კ-ხელმისაწვდომობა.), რომელსაც, ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხი – კ-ხელმ. = 1 (ინფორმაცია განთავსებულია მომხმარებლისთვის  მოხერხებულად, საიტის ლოგიკურ ნაწილში, თემატურ რუბრიკებში, მისი მოძებნა ადვილია);
•    ხელმისაწვდომობის საშუალო ხარისხი – კ-ხელმ. = 0,95 (ძიება გართულებულია, ინფორმაცია განთავსებულია ლოგიკურ ნაწილში, მაგრამ ცუდადაა სტრუქტურირებული და მოსაძებნად რთულია ინფორმაციის მთელ მოცულობაში, ან გაბნეულია მთელს საიტზე და არ არის მოხერხებულად დაჯგუფებული შესაბამის გვერდზე;
•    ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი – კ-ხელმ. = 0,9 (ძიება ძალიან გართულებულია, საიტზე ინფორმაცია განთავსებულია მისთვის არალოგიკურ ნაწილში, რუბრიკაში, ინფორმაციის მიკვლევა შეიძლება მხოლოდ სხვა დოკუმენტის ტექსტიდან, ან ინფორმაციის მოძებნა შეიძლება მხოლოდ ძიების ფუნქციის ან საიტის რუკის გამოყენებით.

ინფორმაციის რაოდენობის კოეფიციენტი (კ-რაოდენობა) ასახავს საიტზე უშუალოდ ინფორმაციის არსებობას და არ არის დამოკიდებული ინფორმაციის ხარისხობრივ მახასიათებელზე. კ-რაოდ. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: კ-რაოდენობა  = კ-სისრულე X კ-არსებობა.

ინფორმაციის ხარისხის კოეფიციენტი (კ-ხარისხი) ასახავს ინფორმაციის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელს და გამოითვლება ფორმულით: კ-ხარისხი = კ-სისრულე X (კ-აქტუალობა + კ-ხელმისაწვდომობა -1)

ინფორმაციის სოციალური მნიშვნელობის ჯამური კოეფიციენტი (კ-ჯამი) გამოითვლება შემდეგი ფორმულით: კ-ჯამი = კ-მნიშვნელობა X კ-რაოდენობა X კ-ხარისხი.  ინფორმაციის ჯამური კოეფიციენტი ასახავს ექსპერტების მიერ არჩეული პარამეტრის ყველა მახასიათებელს.

თითოეული სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური საიტის გამჭვირვალობის კოეფიციენტი (კ-გამჭვირვალობა) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:L კ-გამჭვირვალობა =
კ-ჯამი/∑  (კ-მნიშვნელობა X კ-აუცილებლობა).


ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხი ასახავს სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციის გამჭვირვალობის ჯამური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულს.

აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური ვებ-საიტების (პირველ ეტაპზე მხოლოდ სამინისტროების და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების საიტების მონიტორინგი მოხდა. აღსანიშნავია, რომ ორ სამინისტროს, კერძოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს www.mrdi.gov.ge და კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს www.mcs.gov.ge ოფიციალური ვებ გვერდები არ ფუნქციონირებდნენ მონიტორინგის ჩატარების განმავლობაში (2009 წლის ივლის-აგვისტო) და მათი შეფასება ვერ მოხერხდა) კონტენტ-ანალიზი ჩატარდა თემატურად დაჯგუფებული პარამეტრების მიხედვით, რომლებიც განაწილებული იყო 11 ბლოკში.


 

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები თემატური ბლოკების მიხედვით:

ბლოკი 1 - ზოგადი ცნობები და ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს შესახებ:
   
•    მონაცემები სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელზე უმეტეს შემთხვევაში შემოიფარგლება მისი ავტობიოგრაფიით. ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების კომპეტენციის აღწერა მხოლოდ საერთო დებულებებშია მოცემული (თუ სახელმწიფო ორგანოს დებულება საერთოდ დევს ოფიციალურ ვებ-გვერდზე). Mმოადგილეების კომპეტენცია და საქმიანობის სფერო უმრავლეს შემთხვევაში არასრულადაა წარმოდგენილი;
•    საერთო საკონტაქტო ინფორმაცია გაბნეულია საიტზე, ზოგ შემთხვევაში კონტაქტის გვერდი არ არის მოცემული ცალკე, სხვადასხვა უწყებებისა და სტრუქტურული ერთეულების საკონტაქტო ინფორმაცია ხშირად არასრულია და რთულად მოსაძებნია, სახელმწიფო ორგანოს ერთიანი საკონტაქტო ცნობარი იშვიათად შეგხვდებათ;
•    ინფორმაცია ზემდგომი სახელმწიფო ორგანოს შესახებ მხოლოდ დებულებაშია მოცემული, ხოლო მსგავსი კომპეტენციის სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალი არც ერთ ვებ-გვერდზე არ არის მოცემული. ეს, თავის მხრივ, ურთულებს მომხმარებელს სახელმწიფოს სტრუქტურულ წყობაზე და იერარქიაზე სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნას;
•    ხშირად საიტზე სახელმწიფო ორგანოს ამოცანების, მიზნებისა და ფუნქციების განსაზღვრა არასრულია. ამის შესახებ ინფორმაცია დებულებაშია მოცემული, მაგრამ ცალკე საიტზე გამოყოფილი არ არის,
•    საიტის ოფიციალურობის დამადასტურებელი აღნიშვნა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი (აქ მხედველობაშია აღნიშვნა “სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური საიტი” და არა “ყველა უფლება დაცულია”).

ბლოკი 2 - სახელმწიფო ორგანოს სტრუქტურა:

•    უმრავლეს შემთხვევაში არ არის სტრუქტურული ერთეულების  დებულებები, მათი მიზნებისა და კომპეტენციის აღმწერი სრული ცნობები;
•    სტრუქტურული ერთეულების საკონტაქტო ინფორმაცია, ხშირად, არასრულად არის მოცემული;
•    ცნობები სახელმწიფო ორგანოების ტერიტორიულ ერთეულებზე ზოგად ხასიათს ატარებს. სათანადოდ არ არის ასახული ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია, მათი ამოცანები და საქმიანობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი მათი საკონტაქტო მონაცემები.
•    სახელმწიფოს საქვეუწყებო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ინფორმაცია ხშირად მხოლოდ მათ ვებ-გვერდებზე ბმულებით შემოიფარგლება, მათი დებულებები, მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც საკონტაქტო ინფორმაცია, არასრულია და ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა ხელმძღვანელი ორგანოს საიტებზე.

ბლოკი 3 - მონაცემები სახელმწიფო ორგანოს საინფორმაციო რესურსებზე:

•    ეს ერთ-ერთი ყველაზე არასრული კომპონენტია სახელმწიფო ორგანოების ვებ-გვერდებისა. სახელმწიფო ფლობს დიდი მოცულობის საინფორმაციო მასალას, საინფორმაციო დატა-ბაზებს, რეგისტრებს, რეესტრებს. როგორც საჯაროს, ისე შიდა მოხმარების. სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა ან მათი ჩამონათვალი ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით;
•    ამავე დროს, ძალიან იშვიათადაა წარმოდგენილი სახელმწიფო ორგანოს საინფორმაციო რესურსებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, გაგზავნის, მიღებისა და გაცემის პროცედურული აღწერა. (დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ რიგმა სახელმწიფო უწყებებმა უკვე შექმნეს საჯარო მომსახურების სააგენტოები თუმცა მათი საქმიანობა სათანადოდ არ არის აღწერილი თავად ხელმძღვანელი ორგანოს ვებ-გვერდებზე).

ბლოკი 4 - მონაცემები სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, მისი ძირითადი კომპეტენციის ფარგლებში:

•    უმრავლეს საიტზე არ არის ცალკე გამოყოფილი რუბრიკა მინისტრისა, ასევე მინისტრის მოადგილეების საქმიანობა. ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობაზე გაბნეულია საიტზე და თემატურად არ არის დალაგებული. ინფორმაციის მოსაძიებლად საიტის არქივებში ხანგრძლივი ძიებაა ჩასატარებელი;
•    არასრულად და ზედაპირულადაა მოცემული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც კომპეტენციის სფეროში არსებული მაჩვენებლები, განვითარების დინამიკა, დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, დარგის განვითარების პროგნოზები და არსებული მაჩვენებლებია;
•    ინფორმაცია სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებზე და მათ განხორციელებაზე ასევე ზედაპირულად არის წარმოდგენილი უმეტეს შემთხვევაში;
•    სახელმწიფო ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, როგორიცაა კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმებებისა და თავად სახელმწიფო უწყებაში ჩატარებული შემოწმებების შედეგები. ასეთი სახის მასალა ძალზედ იშვიათია და მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. მისასალმებელია, რომ მრავალ ვებ-გვერდზე არსებობს უწყებრივი ინსპექციების ცხელი ხაზი, მაგრამ მათი საქმიანობა და გაწეული სამუშაოს ანგარიშები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი;
•    თითქმის იგნორირებულია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებისა და მისი თანამშრომლების ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების პროცედურების შესახებ. 

ბლოკი 5 - კანონმდებლობა და სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული საქმიანობა:

•    ძალიან არასრულადაა წარმოდგენილი სახელმწიფო ორგანოს შიდა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები;
•    ისეთი ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო ორგანოს ინფორმაციული რესურსების შექმნისა და მოხმარების წესებს თითქმის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ უდევს ვებ-გვერდზე;
•    ასევე არადამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში შემუშავების პროცესში მყოფი კანონპროექტები და ამ კანონპროექტებისთვის განკუთვნილი განმარტებითი ჩანაწერები თითქმის სრულიად არის იგნორირებული ოფიციალურ ვებ-გვერდებზე;
•    ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასრულადაა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უახლესი დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც ეხება სამინისტროების საქმიანობის სფეროს;
•    მწირი ინფორმაციაა საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, რომლის აღმსრულებელი ან დამკვეთი სახელმწიფო ორგანოა;
•    ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართვების ფორმებს სახელმწიფო ორგანოებისადმი, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურას, ასევე იშვიათია ოფიციალურ ვებ-გვერდებზე;
•    შედარებით უკეთ არის წარმოდგენილი ის ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ორგანოში ტენდერებისა და აუქციონების გამართვის წესს. თუმცა, იშვიათად შეხვდებით ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უხსნიან მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებისა და კონკურსების გამართვის წესებს. ასევე სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების ქმედებებისა და უმოქმედობების გასაჩივრების წესებს.

ბლოკი 6 - სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით:

•    ამ ბლოკში თავმოყრილი აუცილებელი პარამეტრები ძალიან პირობითადაა წარმოდგენილი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განმარტებითი საქმიანობის განხორციელების მასალები, (კონსულტაციები, რჩევები, საინფორმაციო შეტყობინებები) ისევე როგორც მოქალაქეთა მიღების გრაფიკი და პირობები, თავად მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვა, ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი;
•    არასრულია ოფიციალური ვებ-გვერდის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც არის სახელმწიფო ორგანოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების წარდგენის წესი და პროცედურა, მოთხოვნათა განხილვის და ინფორმაციის გაცემის გრაფიკი, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია, პირდაპირ საიტიდან მიმართვებისა და განცხადებების გაგზავნის საშუალება.
•    სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი სანებართვო და სახელისუფლო მოქმედებების (ლიცენზირება, აკრედიტაცია, აღრიცხვიანობის პირობები, დეკლარაციის გაცემა და ა.შ.) დაწვრილებითი აღწერა, უმეტესწილად, არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. თუმცა, ასეთი სერვისი ბევრ სამინისტროში არსებობს და მათი ბმულები ცალკეა გამოყოფილი;
•    ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა ოფიციალურ საიტებზე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში მომხდარი შემთხვევებისა და კანონდარღვევების შესახებ განცხადებების მიღების წესის აღწერაც.

ბლოკი 7 -   ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოში მიმდინარე ტენდერების, აუქციონების და სავაჭრო ოპერაციების შესახებ:

•    უმეტეს ვებ-გვერდზე ცალკეა გამოყოფილი ტენდერების გვერდი, მიუხედავად ამისა, გაზეთ 24 საათის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ტენდერების შესახებ უფრო ახალია, ვიდრე ანალოგიური ინფორმაცია ოფიციალურ საიტებზე;
•    საიტებზე ასევე არ არის განთავსებული სახელმწიფო ორგანოსა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული საზოგადოებრივ-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებების მოთხოვნები.

ბლოკი 8 - სახელმწიფო ორგანოების საკადრო პოლიტიკა:

•    ჩვენის ღრმა რწმენით, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული ვაკანსიებისა და თანამდებობებზე მიღების წესების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ სამინისტროებს ცალკე არა აქვთ გამოყოფილი ვაკანსიების გვერდი;
•    ხშირად ინფორმაცია გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ აქტუალობა დაკარგულია;
•    არ ქვეყნდება ჩატარებული კონკურსების შედეგები და არც კონკურსის შედეგების გასაჩივრების პროცედურებია აღწერილი.
•       მნიშვნელოვანი იქნებოდა ვებ-გვერდებზე საჯარო სამსახურის ბიუროს -    ჰტტპ://ცსბ.გოვ.გე საიტის ბმულის ცალკე არსებობაც.

ბლოკი 9 – საფინანსო პოლიტიკა:

•    სახელმწიფო ორგანოს გამჭვირვალობასა და მასზე სრულყოფილი საზოგადოებრივი კონტროლის შესახებ, პირველ რიგში, მეტყველებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ანალიზმა ცხადყო, რომ სახელმწიფო ორგანოები სრულად არ ხსნიან ამ ინფორმაციას. გამოქვეყნებული ინფორმაცია უმეტესწილად შემოიფარგლება ბიუჯეტის ზოგადი მუხლების აღწერით, ხოლო წინა წლების ბიუჯეტის აღსრულება არასრულყოფილადაა მოცემული.

ბლოკები 10 - 11 - ინფორმაციის მარტივად აღქმის კრიტერიუმები და დამატებითი პარამეტრები:

•    ამ მხრივ ოფიციალური ვებ-გვერდები კარგად არის სტრუქტურირებული, უმეტეს საიტს აქვს საკუთარი რუკა, რაც აადვილებს ინფორმაციის მოძიებას. თუმცა შენიშვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ იშვიათია საიტებზე კონტექსტური საძიებო სისტემების არსებობა, ჩამოსატვირთი დოკუმენტების ზომისა და ფორმატის აღნიშვნა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა;
•    მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს საიტი იძლევა ოფიციალური ინფორმაციის გამოწერის შესაძლებლობას, ფორუმისა თუ ინტერაქტიული გამოკითხვების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირების საშუალებას და ა.შ.

ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი

ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ ქმნის მომხმარებლისთვის, საჯარო უწყებების საქმიანობის ყველა ასპექტზე სრულ წარმოდგენას. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ათვისება, ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული საინფორმაციო სისტემების შესახებ, მონაცემები გაწეული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ, კომპეტენციის სფეროს მაჩვენებლების სრული ანალიზი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და საკადრო პოლიტიკა - ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი.

სახელმწიფო ორგანოთა უმეტესობა ჯერჯერობით ვერ აღიქვამს საკუთარ ვებ-გვერდს, როგორც საკუთარ საქმიანობაზე სრული ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების მოხმარების ხელმისაწვდომ ალტერნატივას/ბაზას.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოები ჯერ კიდევ არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან ინტერაქტიული ურთიერთობის ეფექტურ გზას.

სახელმწიფო ორგანოს  წარმომადგენლობა ინტერნეტ-სივრცეში არა მხოლოდ როგორც ინფორმაციული ხასიათის ვებ-გვერდის, არამედ სახელმწიფო სერვისის ვებ-პორტალის სახით, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შექმნილი. ასეთ ვითარებაში საქართველოში თანამედროვე ელექტრონულ მმართველობაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.  


იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ოთხ ძირითად კრიტერიუმს:

•    ვებ-გვერდების შინაარსის/კონტენტის საყოველთაოდ მიღებული ტექნიკური მაჩვენებლები;
•    ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება ოფიციალური ვებ-გვერდებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების გზით;
•    საიტის შინაარსის შესატყვისობა საკანონმდებლო ნორმებთან, რომლებიც არეგულირებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ;
•    სახელმწიფო ორგანოების ერთიან მიდგომას ოფიციალური ვებ-გვერდების შინაარსისა და სტრუქტურული წყობის მიმართ.


სამწუხაროდ, ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ყველა გამოკვლეულ ვებ-გვერდზე არსებობს ხარვეზები ოთხივე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. 

 

ფინანსთა სამინისტრო www.mof.ge 41.17%
საგარეო საქმეთა სამინისტრო www.mfa.gov.ge 24.76%
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო www.moe.gov.ge 23.76%
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო www.mes.gov.ge 22.45%
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო www.economy.gov.ge 22.26%
ენერგეტიკის სამინისტრო www.minenergy.gov.ge 21.60%
იუსტიციის სამინისტრო www.justice.gov.ge 20.05%
თავდაცვის სამინსიტრო www.mod.gov.ge 18.40%
შინაგან საქმეთა სამინისტრო www.police.ge 17.19%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში www.diaspora.gov.ge 14.88%
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო www.moh.gov.ge 14.68%
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო www.mcla.gov.ge 14.66%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში www.eu-nato.gov.ge 14.41%
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო www.mra.gov.ge 14.09%
სოფლის მეურნეობის სამინისტრო www.moa.gov.ge 13.87%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში www.smr.gov.ge 13.59%
კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო www.mcs.gov.ge 0.00%
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო www.mrdi.gov.ge

0.00%

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება 

 

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024