საქართველოში ფულის გათეთრების რისკები დიდი ხანია არსებობს და წარმოადგენს როგორც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სტრატეგიული პარტნიორების განხილვის საგანს. აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში ექცეოდა ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების ქვეშ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად[1] საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული საქართველოში უკანონო შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა, ხოლო მასობრივი მარკეტინგული თაღლითობისთვის ასევე გამოიყენება სოციალური ინჟინერიის სქემები. საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც შორს არის განვითარებული ეკონომიკისაგან, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ფულის გათეთრებისთვის. ამავდროულად, შემაშფოთებელია აზარტული თამაშების ინდუსტრიის, მათ შორის, ინტერნეტ თამაშების, უკონტროლო ზრდა.[2]
ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა (MONEYVAL)[3] 2020 წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.[4] ანგარიში აფასებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სისტემის ეფექტიანობას და მის შესაბამისობას ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ 2012 წელს გაცემულ რეკომენდაციებთან.
FATF–ის რეკომენდაციები მოიცავს და შესაბამისად, MONEYVAL–ის ანგარიში აფასებს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ შემდეგ სფეროებს:
- რისკები და პოლიტიკა ისევე, როგორც შიდა კოორდინაცია;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების სამართლებრივი დევნა;
- პრევენციული ზომები ფინანსურ და სხვა შერჩეულ სექტორებში;
- კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები (მაგალითად, საგამოძიებო, სამართალდამცავი და საზედამხედველო ორგანოები) და სხვა ინსტიტუციური ზომები;
- იურიდიული პირების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა და ხელმისაწვდომობა;
- საერთაშორისო თანამშრომლობა.
MONEYVAL–ის ანგარიში მხედველობაში იღებს და აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ საქართველოს ეროვნული რისკების შეფასების 2019 წლის დოკუმენტს (NRA).[5]
MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით საქართველომ ეფექტიანობის საშუალო დონეს მიაღწია FATF-ის სტანდარტებით დაფარულ ყველა სფეროში გარდა შემდეგი სფეროებისა:
- საერთაშორისო თანამშრომლობა - ეფექტიანობის მაღალი დონე;
- ტერორიზმის დაფინანსების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა - ეფექტიანობის მაღალი დონე;
- ტერორისტების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი დამფინანსებლების მიერ დაფინანსების მოძიების, გადატანისა და გამოყენების ისევე, როგორც არაკომერციული სექტორის ბოროტად გამოყენების პრევენცია - ეფექტიანობის დაბალი დონე.
MONEYVAL–ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში შეფასების მისიამ ხარვეზები გამოავლინა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საფრთხისა იდენტიფიკაციის ისევე, როგორც მათთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერების მხრივ.
MONEYVAL–ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში საჭიროა დამატებითი კეთილსინდისიერების ანალიზის განხორციელება, რადგან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული ეროვნული რისკების შეფასება არ არის საკმარისად მეთოდოლოგიური და სათანადოდ არ ფარავს ამ საკითხს.
MONEYVAL–ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის ფაქტორი საკმარისად არ არის გაანალიზებული და საერთოდ უგულებელყოფილია მდიდარ, პოლიტიკასთან დაკავშირებულ ადგილობრივ და უცხოელ პირებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების რისკები.
MONEYVAL-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ სრულად არ შეაფასა ტერორიზმის დაფინანსების პოტენციური რისკის ყველა ფორმა, განსაკუთრებით, “ტრეიდინგი“ ფინანსური ნაკადების მოცულობა, წარმოშობა და დანიშნულება ისევე, როგორც არაკომერციული ორგანიზაციების ბოროტად გამოყენების პოტენციალი.
MONEYVAL–ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არსებობს რაიმე დამცავი ბარიერი უძრავი ქონების სექტორის ფულის გათეთრებისა თუ ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენებს პრევენციისთვის. ხოლო კაზინოებისა და უძრავი ქონების გარიგებების ზედამხედველობა არ შეესაბამება არსებულ რისკებს.
MONEYVAL აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ერთადერთი დამცავი ბერკეტი უძრავი ქონების სექტორში) გათავისუფლება ანგარიშგების ვალდებულებისგან სერიოზული შეშფოთების საგანია.
ფინანსური დაზვერვის სამსახური სარგებლობს ოპერატიული დამოუკიდებლობით, მაგრამ განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციისა და მონაცემების ეფექტური გაცვლისა და მუშაობის გასაუმჯობესებლად.
MONEYVAL– ის ანგარიში ცხადჰყოფს, რომ ფულის გათეთრების პოტენციური შემთხვევები საქართველოში საკმარისად არ არის გამოვლენილი და მცირეა ფულის გათეთრების რთულ საქმეებში ბრალდების მაჩვენებელი.
MONEYVAL-ის შეფასების ჯგუფი თვლის, რომ საქართველოში ნაღდი ფულის მიმოქცევის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეული რისკების სათანადოდ შეფასება არ ხდება, ხოლო უძრავი ქონების სექტორის ეფექტური დამცავი ბარიერი არ არსებობს.
კაზინოების ლიცენზირების მოთხოვნების კუთხით არსებული ტექნიკური ხარვეზები სერიოზულ საფრთხეს უქმნის კრიმინალების ან მათი მხარდამჭერების მიერ კაზინოს მნიშვნელოვანი ან მაკონტროლებელი წილის ფლობის ან ბენეფიციარი მესაკუთრეობის, კაზინოს ფლობის ან მართვის თავიდან აცილების ეფექტიანობას.
MONEYVAL–ის შეფასების ჯგუფის დასკვნით, ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის მიღების არსებული მექანიზმები არასანდოა, რადგან მათი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ყოველთვის არ არის ადეკვატური, ზუსტი და განახლებული.
MONEYVAL–ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში დასტურდება იურიდიული პირების, მათ შორის ფიქტიური კომპანიების, ბოროტად გამოყენება და ხელისუფლებას არ მიუღია შესაბამისი ზომები ამ საკითხის მოსაგვარებლად.
სისხლისსამართლებრივი ზომები, მიუხედავად საჭიროებისა, არ გამოიყენება იურიდიული პირების წინააღმდეგ და შესაბამისად, იურიდიული პირების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის აღკვეთა ვერ ხერხდება.
MONEYVAL-ის ანგარიშის ანალიზი საფუძველს გვაძლევს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის გზით, რადგან ფულის გათეთრების რისკები, რომლებზეც ანგარიშშია საუბარი, სწორედ მაღალი დონის კორუფციული დანაშაულების საფრთხეს ქმნის. ასევე უმნიშვნელოვანესია ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, რაზეც IDFI წლებია საუბრობს და რაზეც საუბარია MONEYVAL-ის ანგარიშშიც. უმნიშვნელოვანესია საჯარო დაწესებულებებში კეთილსინდისიერების ანალიზის განხორციელება და მასზე დაყრდნობით კეთილსინდისიერების სტრატეგიების შემუშავება, რაც USAID GGI-ს მხარდაჭერით IDFI-მ უკვე განახორციელა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ბრუნვის, იურიდიული პირებისა და უძრავი ქონების სფეროს ზედამხედველობის საკითხები.IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალისხმევა არ დაიშუროს MONEYVAL-ისა და FATF რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
___
[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო, ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის შესახებ სტრატეგიის ანგარიში, ნაწილი II, ფულის გათეთრება, 2020 წ. ხელმისაწვდომია ბმულზე.
[2] იქვე.
[3] ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი კომიტეტი - MONEYVAL არის ევროსაბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანო, რომელია აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეაფასოსწევრ ქვეყნებში ფულის გათეთრებისა დატერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული შიდა საშუალებების ძირითად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, განსაზღვროს მათი ეფექტიანობა და შეიმუშაოს რეკომენდაციები.
[4] MONEYVAL, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიტერორისტული დაფინანსების ზომები - საქართველო, მეხუთე რაუნდის ორმხრივი შეფასების ანგარიში, ხელმისაწვდომია ბმულზე.
[5] საქართველოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასება (2019 წ.), ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ხელმისაწვდომია ბმულზე.
/public/upload/Blog/MONEYVAL final GEO.pdf
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.