ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2016 წლები)

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 ივლისი 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2015 წლის მარტიდან აწარმოებდა სასამართლო დავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია. დავა წარმოებდა თავდაპირველად თბილისის საქალაქო, შემდგომ კი სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საბოლოოდ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის გაცემა.


თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც 2017 წლის 30 მაისს IDFI-მ იძულებითი აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოპოვება IDFI-მ მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს შეძლო.


აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ უწყებას 2016 და 2017 წლებშიც მიმართა. 2016 წელს უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით, 2017 წელს კი ჩვენ მიერ 2015 წელს სასამართლოში გასაჩივრებული საკითხის მსგავსად, მათ კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ IDFI-ის განცხადება. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.


IDFI-ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015, 2016 ისევე როგორც 2017 წლებში მიმართავდა სტანდარტული შინაარსის განცხადებებით და ითხოვდა ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ, როგორიც არის თანამდებობის პირთა პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო, „როუმინგული“ და წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები და სხვა.


ქვემოთ წარმოგიდგენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს, რომელიც მოიცავს სასამართლო დავის შედეგად მიღებული ინფორმაციის, უწყების მიერ ჩვენთვის 2016 წელს მოწოდებული მონაცემებისა და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შედარებით ანალიზს.

 

ძირითადი მიგნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები:

  

- IDFI-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2015 წლის მარტს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღება მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს დავის სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ შეძლო.

 

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ გასცემდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც, რის გამოც IDFI-მ იძულებითი აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება, თუმცა კვლავ არასრულყოფილი სახით.

 

- სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული პირდაპირი მითითების მიუხედავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არასრულყოფილი სახით გასცა ინფორმაცია ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯების შესახებ. კერძოდ თითოეული ოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში ინსტიტუტი ითხოვდა ინფორმაციას ჩაშლილი სახით სასტუმროს, მგზავრობის, დღიური და სხვა ნებისმიერი ხარჯის მითითებით, სამინისტრომ კი მოგვაწოდა ინფორმაცია თითოეული სამუშაო ვიზიტების ჯამური ხარჯის შესახებ, ხარჯვითი კატეგორიების მითითების გარეშე.

 

- მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაციის ღიაობა, უწყება უარს აცხადებდა ან არასრულყოფილად გასცემდა იგივე შინაარსის ინფორმაციას მომდევნო წლებისთვის. კერძოდ, განსხვავებით 2014 წლის მონაცემებისგან, რომელიც IDFI-მ მხოლოდ სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვის გზით შეძლო მოეპოვებინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ინფორმაცია 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მოგვაწოდა მხოლოდ ჯამური სახით, თანამდებობის პირების სახელისა და გვარის თუ პრემიის მიღების კონკრეტული თვის მითითების გარეშე.

 

- ცდომილება შეინიშნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სხვდასხვა პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას შორის, რომელიც ერთი და იმავე პერიოდში გაწეულ ისეთ ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება, როგორიც არის უწყებაში გაცემული პრემიები და დანამატები. კერძოდ, სასამართლოს ძალით მიღებული ინფორმაციით 2014 წელს უწყებაში გაიცა პრემია და დანამატი 2 479 487 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წელს მიღებული ინფორმაციით აღნიშნული ხარჯი  2 685 161 ლარს შეადგენდა.

 

- ერთმანეთს არ შეესაბამება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები მინისტრის შრომის ანაზღაურების შესახებ. სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცმებით მინისტრზე 2014 წელს გაიცა შრომის ანაზღაურება 75 000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად 2014 წელს გიორგი კვირიკაშვილი მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურება 81 250 ლარს შეადგენდა.

 

- 2011 წლიდან 2015 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი. მიუხედავად აღნიშნულისა ყოვეწლიურად იზრდებოდა პრემიისა და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურებაში. 2011 წელს გაცემული პრემიის და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურების 29,1%-ს შეადგენდა, ხოლო 2014, 2015 წლებში კი შესაბამისად 46,4 და 42,6%-ს.

 

- 2011 წლიდან 2016 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ გაწეული სატელეფონო, ე.წ. „როუმინგული“, სამივლინებო, ისევე როგორც ავტოპარკის განახლების ხარჯები.

 

დასკვნა

 

IDFI უკვე მრავალი წელია საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის არსებულ პრობლემაზე. 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასახელდა ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად საქართველოში. როგორც IDFI-ის პრაქტიკა ცხადყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ უწყებაში მდგომარეობა არც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს ამბობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. ამასთან უწყებამ არ გაიზიარა სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია და შემდგომ წლებში განაგრძო ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმა ან მისი არასრულყოფილი სახით მოწოდება.


ვფიქრობთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყების შემდეგ, ისევე როგორც სამინისტროს მიერ იმავე ქმედების განხორციელების გაგრძელება, რის გამოც იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა კანონდამრღვევად წარმოადგენს უწყების მიერ სასამართლო ხელისუფლების როლის დაკნინებას და მიუთითებს კანონის უზენაესობის მნიშვნელობის გათვითცნობიერების ნაკლებობაზე.


პრობლემურია ისიც, რომ ცდომილება შეინიშნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სხვდასხვა პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას შორის. მსგავსი შემთხვევები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ გაცემული მონაცემების ავთენტურობას.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ინფორმაციის მიღების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (მუხლი 153), ისევე, როგორც მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა (მუხლი 341).


სამწუხაროა, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვტილებაში არსებული პირდაპირი მითითებისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დღესაც განაგრძობს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას და არ გასცემს ისეთ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და რომლის მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/FOI/ministry_of_economy_and_sustainable_development_of_georgia_expenses_2011_2016.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024