ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 8 აგვისტო 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.


ამასთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები:


- ირინა ფრუიძე - ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;


- ეკა ბესელია - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; და


- კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

 

- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);


- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);


- GIZ საქართველო;

 

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); და


- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).


საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ვადების შეცვლა განპირობებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მოთხოვნით, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობიდან გამომდინარე ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ გეგმაში ასახვა და შემდგომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავორბის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.


ირინა ფრუიძის განცხადებით, პარლამენტის საქართველოს ღია მმართველობის ნაწილად აღიარების მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისა და ქვეყნის ეროვნული გეგმის გაერთიანება. მისი თქმით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ღიაობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები არ ემთხვევა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებს, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის გაყოფა, რათა ვალდებულებების ნაწილი 2017 წელს, ხოლო ნაწილი 2018 წელს შესრულდეს.


ამასთან, შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისში მომზადდება საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაერთიანდება, როგორც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული, ისე ახალი ვალდებულებები, რომელთა შემუშავებაზე საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი ერთობლივად იმუშავებენ.


2018 წელს შემდეგი ვალდებულებების შესრულება იგეგმება: 


- პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნა და ტესტირება, აგრეთვე პლატფორმის ამოქმედება;


- პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ელექტრონულად ხელმოწერის მექანიზმის შექმნა;


- კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების მიღება;


- საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ კომენტარებზე უკუგების მექანიზმის პრაქტიკაში ამოქმედება;


- საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების პილოტირება;


- შშმ პირებისთვის საქართველოს პარლამენტში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;


- ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ (OGP) ცნობიერების ამაღლება;


- „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვა და დამტკიცება პარლამენტის მიერ;


- პარლამენტის ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;


- კანონპრეოქტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებგვერდზე გამოქვეყნება;


- პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების პარლამენტის რეგლამენტში შეტანა;


- პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;


- 10 დეკემბრის ანგარიშების ელექტრონულად წარდგენისა და მონიტორინგის სისტემის კონცეფციის ტექნიკური დავალების შემუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე;


- პარლამენტის არსებული კენჭისყრის შედეგების ვებპორტალის დახვეწა;


- პარლამენტის ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება;


- პარლამენტის ახალი ვებგვერდის მაკეტის შექმნა;


- პარლამენტის ვებგვერდის მართვის ერთიანი სისტემის შემუშავება.


ამ ვალდებულებების შესრულების ახალი ვადები იხილეთ ბმულზე.


IDFI-ის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ორი ვალდებულების შესრულებას: ვალდებულება 2.1 („პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება“) და ვალდებულება 2.4 („საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება“). შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი და შეთანხმდნენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიხვეწება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე შექმნილია საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დარგობრივად მუშაობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე. მაგალითისთვის, როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და ჩამოაყალიბა ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსია, რომლის წარდგენა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.


შეხვედრაზე შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანებას. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის, ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის და OGP-ის პრინციპების დამკვიდრებას.


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023