საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფებმა წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 15 დეკემბერი 2015

14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა სასტუმროში - რუმს ჰოტელ თბილისი. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" შედეგების წარდგენა, და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016-ში გაწერილი ვალდებულებების შესრულების განხილვა. შეხვედრის ბოლოს ასევე გაიმართა კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია.


ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ კორძაიამ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მიულოცა პროექტის განმავლობაში მიღწეული წარმატებები და მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებსა და დონორ ორგანიზაციებს. შეხვედრის მონაწილეებისათვის მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის მენეჯერმა სოფი გერიშიმ.


მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ისაუბრა პროექტის ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის თბილისში გამართულ საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო ორდღიან კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 32 ქვეყნის უცხოელმა დელეგატმა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტის სხვა მიღწევებთან ერთად გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვებას მექსიკაში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე, კოსტა-რიკის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას და გლობალური სამიტის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" IDFI-ს ყველაზე წარმატებული მოკლევადიანი პროექტია.

 

გიორგი კლდიაშვილის შემდეგ, თამარ კორძაიამ, საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლებში შესრულებად ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაბრკოლებას წარმოადგენს ვალდებულების განხორციელების უზრუნველმყოფელი ორგანოს არარსებობა. დეპუტატის განცხადებით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს (რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ ინიცირებული ინიციატივაა) შექმნა გადაჭრის აღნიშნულ პრობლემას. თამარ კორძაიას თქმით, რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შედეგად, მუდმივმოქმედი საბჭო 2015 წლის 31 დეკემბრამდე შეიქმნება. საქართველოს პარლამენტის და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა - გიორგი კახიანმა ასევე ხაზი გაუსვა საბჭოს არსებობის აუცილებლობას სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და დაადასტურა საკანონმდებლო ორგანოში მუდმივმოქმედი საბჭოს შემნაზე პოლიტიკური ნების არსებობა, რამდენადაც ეს საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში და განიხილება.


ხათუნა გოგორიშვილმა გამოთქვა აზრი, რომ მუდმივმოქმედი საბჭოს მოღვაწეობა ვერ იქნება ეფექტიანი იმ შემთხვევაში თუ მას არ ეყოლება საკუთარი აპარატი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც მრავალი პოლიტიკოსი დანამატებსა და პრემიებს იღებს, იზრდება შტატები, სრულიად შესაძლებელია, რომ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ჰყავდეს საკუთარი აპარატი, რომელიც დაეხმარება ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიან შესრულებაში. „მიუხედავად იმისა, რომ ვარ უმცირესობის წარმომადგენელი და ვარ კრიტიკული ზედმეტი ხარჯების მიმართ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საბჭოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია აპარატის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა“ - აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა. მანვე დაამატა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საბჭოს დაკომპლექტება, რადგან აუცილებელია მასში შემავალი წევრები იყვნენ გახსნილი და ღია თანამშრომლობისთვის.


შეხვედრის განმავლობაში IDFI-ს, NDI-ს, საქართველოს პარლამენტის აპარატის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმაში შესულ მათ მიერ ინიცირებულ ვალდებულებებზე, მიღწეულ პროგრესსა და ინიციატივების განხორციელების გზებზე.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ისაუბრა IDFI-ის ინიციატივებზე, რომელიც ასახულია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში, კერძოდ, ეს ინიციატივებია: კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება, პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა. ლევან ავალიშვილმა ისაუბრა, რომ სამოქმედო გეგმის თანახმად აუცილებელი იყო აღნიშნული ვალდებულებების კონცეფციის მომზადება და შემდეგ რეგლამენტში ცვლილებების ინიცირება (გარდა საბჭოსი, რომლის კონცეფცია უკვე დაწერილია და შესაბამისი ცვლილებების ინიცირების პროცესი დაწყებულია). ასევე, ლევან ავალიშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ინიციატივების განხორციელების პროცესში საქართველოს პარლამენტის აპარატის, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების და იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობას. IDFI-ის ინიციატივებთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია დასახელებულ საკითხებზე საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, ზვიად კირტავამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ტექნოლოგიურ საკითხებზე სამუშაოდ სამუშაო ჯგუფის შექმნა.


საინტერესო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლების გიორგი თოფურიას და ლიკა საჯაიას გამოსვლა, რომლებმაც ისაუბრეს მათი ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილ ინიციატივებზე, მათ შორის მოქალაქეთა ფიზიკური დასწრების უზრუნველყოფაზე საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებზე, დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრაზე, პარლამენტის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციის ნუსხის განახლებაზე, განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებასა და სხვა საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს დეპუტატის მიერ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსთვის დეპუტატის მხრიდან დასმული შეკითხვის და მიღებული პასუხის გამჭვირვალობის საკითხი.

 

განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ,,4.4. საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება." ეთიკის კოდექსის მიღება პარლამენტში მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს, რამდენადაც მრავალ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ კანონმდებლის მანდატი იმდენად მაღალია, რომ ეთიკის კოდექსის დაწესება მათთვის მიუღებელია. თუმცა დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეთიკის კოდექსი შეიძლება იყოს მოსახლეობის გაზრდილი ნდობის წყარო. NDI-მ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ტექნიკური დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსის შემუშავებაში, იქნება ეს საჯარო შეხვედრების ორგანიზება, ეუთოს ექსპერტიზის ჩართვა თუ კოდექსის ტექსტის მიწოდება. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, აჯობებს თუ შეიქმნება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტს კოდექსის პროექტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარუდგენს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა ისაუბრეს კანონშემოქმედებით პროცესში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება-მიღებაზე და კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვასა და დროული გამოქვეყნების მნიშვნელობაზე. საია-მ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების გააქტიურება. კერძოდ, ამჟამინდელი რეგულაციისგან განსხვავებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომიტეტის თავმჯდომარეებს დააკომპლექტონ საკონსულტაციო საბჭოები, კომიტეტის წევრებსაც უნდა მიეცეთ საკონსულტაციო საბჭოებში წევრების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ასეთ საბჭოებს და ხელს შეუწყობს მათ ქმედით ფუნქციონირებას. ასოციაციის წარმომადგენელმა - ნინო ცუხიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში ასახული ცვლილებების განსხვავებულ ფერებში ასახვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და მოქალაქეების ინფორმირებას კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი ვაჟა სალამაძე შეეხო საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებას. ვაჟა სალამაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია შემუშავებულია და საჯარო განხილვისთვის განთავსებულია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ვებ-გვერდზე, თუმცა აუცილებელია საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ კონცეფციის მხარდაჭერა.


შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ბერაძე შეეხო საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების საკითხს. კერძოდ, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერებაზე, საქართველოს პარლამენტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერებისა და განათლების ამაღლებაზე და ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა ინტერეს-ჯგუფების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობაზე. ნინო ბერაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების უმრავლესობა პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის ცვლილებებთან და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს ახალი ვებ-გვერდის შექმნას, სადაც შეიძლება სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების გათვალისწინება, თუმცა მხარეები არ უნდა დაელოდონ ახალი ვებ-გვერდის შექმნას და არსებული ვებ-გვერდის ფარგლებში გააგრძელონ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება.


შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დეტალურად ჩამოაყალიბებენ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ მათ მიერ წარდგენილი ინიციატივების კონცეფციების პროექტებს.


საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, გაიმართა კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა და დაჯილდოება.


კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" ჩატარდა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან, კერძოდ, ტრენინგი და ვიზიტი პარლამენტში და მისი მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით. კონკურსის ბოლოს მონაწილეებს უნდა გამოეგზავნათ საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები.


IDFI-მ კონკურსანტებისგან მიღებული 15 ინიციატივიდან 5 საუკეთესო გამოავლინა: რჩეული ინიციატივის ავტორი ნანა ბაგალიშვილი დაჯილდოვდა ქინდლით, ხოლო დანარჩენი 4 გამარჯვებული - თემურ იკოშვილი, ანი ხაჩიძე, მერაბ მელაძე და გიორგი ცეცხლაძე - წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერებით. კონკურსანტებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადასცეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, UNDP-ს თბილისის ოფისის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ, ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის მენეჯერმა სოფი გერიშიმ და საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფები განიხილავენ გამარჯვებული ინიციატივის გათვალისწინებას შემდეგ სამოქმედო გეგმაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023