მედიის ადვოკატირების კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გამო ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობას, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და მესამე პირებისთვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევებში.
2023 წლის 16 იანვარს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი, თეა გილიგაშვილი, პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი გახდა[1]. თეა გილიგაშვილმა პარლამენტიდან კანონით დადგენილი ფორმით გამოითხოვა ინფორმაცია ხარჯების თაობაზე და იკითხა, რა სახსრებით გაემგზავრნენ მმართველი პარტიის წევრები იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად და ვინ დააფინანსა მათი მოგზაურობა. საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი მალევე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, აფილირებულმა Facebook გვერდმა „სინამდვილეში“ გამოაქვეყნა და გილიგაშვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ხელისუფლების „დისკრედიტაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა[2].
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გვერდს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით [3] რეგულარულად იყენებს — ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციებით ცდილობს მათზე საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას. 2023 წლის 31 იანვარს თეა გილიგაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.
საქართველოს პარლამენტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, მოეთხოვება პოლიტიკური მიუკერძოებულობის მკაცრად დაცვა, ხოლო პარლამენტის აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ან/და ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაში ჩართულ დეპუტატებს არ აქვთ უფლება, პარტიული/პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევა 2022 წლის 08 ოქტომბერსაც მოხდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სოციალურ ქსელ [4] Facebook-ში საჯაროდ განათავსა გაზეთი „ბათუმელების“ რედაქტორის, თედო ჯორბენაძის მიერ გამოთხოვილ წერილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ მომზადებული პასუხი, რაც თედო ჯორბენაძის პირად ინფორმაციასაც შეიცავდა. საკითხის შესწავლისას, როგორც აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებმა, ისე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვერ გაიხსენეს, როგორ მოხდა ჟურნალისტისთვის მომზადებული კორესპონდენციის გასაჯაროება, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო დაედგინა, როგორ გახდა აჭარის მთავრობის მიერ ჟურნალისტისთვის მომზადებული პასუხი “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის ხელმისაწვდომი.
მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული ან/და გაგზავნილი სამართლებრივი დოკუმენტის პარტიული ინტერესებით გამჟღავნება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ჟურნალისტის დისკრედიტაციის მცდელობა ქმნის საშიშ პრაქტიკას. მომხდარი შემთხვევა ნათლად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებისა და ვიწრო პარტიული ინტერესების აღრევაზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს:
- საქართველოს პარლამენტის აპარატს - გააკეთოს განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა თეა გილიგაშვილის მიერ აპარატისთვის გაგზავნილი განცხადება მმართველ პარტიასთან აფილირებული სოციალური მედიის გვერდისთვის ხელმისაწვდომი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - შეისწავლოს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის გაგზავნილი სამართლებრივი განცხადებისა და მასში მითითებული პერსონალური მონაცემების გვერდისთვის „სინამდვილეში“ მიწოდების კანონიერება.
- ხელისუფლებას - ნუ გამოიყენებს სახელმწიფო რესურსებს პარტიული მიზნებისა და მედიაზე თავდასხმისთვის, უარი თქვას საჯარო ინფორმაციის გაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაზე და უსაფუძვლოდ ნუ შეუზღუდავს მოქალაქეებსა და მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომას.
_______
[4]„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვლადიმერ მგალობლიშვილის FB გვერდზე ხელმისაწვდომია ჟურნალისტ თედო ჯორბენაძისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია
https://bit.ly/3DoVIvM