6 მაისს "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში აუდიო-ვიზუალური თვალთვალი მიმდინარეობდა. ნიკა გვარამიამ მისი და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურით გადაღებული ვიდეომასალა მედიას წარუდგინეს. გვარამიას განცხადებით, ვიდეომასალა, მათმა ინფორმატორმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა და მასზე კაბინეტებში მიმდინარე საუბრებია ჩაწერილი.
კოალიციას “მედიის ადვოკატირებისათვის” მიაჩნია, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების საქმიანობის ხელის შეშლა, მით უფრო, თვალთვალისა და ფარული მიყურადების გზით, წარმოდგენს ჩარევას მედიის დამოუკიდებლობაში, ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს მედიის დამოუკიდებლობის და გამოხატვის თავისუფლების გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში. მედია, როგორც ასეთი, სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას იმ ინფორმაციას, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სტანდარტების დაცვით. ერთ-ერთი ასეთი ძირეული სტანდარტი არის ჟურნალისტის უფლება არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო (ეს სტანდარტი იცავს მედიას იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ფლობს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ). ამ სტანდარტს იცავს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, განმტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლით, დაცულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს.
ამასთან, ჟურნალისტის უფლება არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო არის მისი უფლება და არა ვალდებულება. შექმნილი ვითარების, შესაძლო დანაშაულის სიმძიმის, ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
შეშფოთებას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაქცია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ უნდა აფასებდეს სუბიექტური შეხედულებით რომელიმე მედია ორგანიზაციის საქმიანობას. პრემიერის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 „აქტიურობს“, „აქვს ახალი იდეები“ და რომ მომხდარი არ შეესაბამება სიმართლეს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩარევად. ამასთან, პრემიერის განცხადებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესსა და მის შედეგზე.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ჩატარება მედიის თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინტერესის გათვალისწინებით დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: