IDFI საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
19.09.2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარლამენტს, სასამართლოებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის საჭირო ყველა პროცედურის დაცვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში უნდა დაინერგოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და შესაძლებელი უნდა გახდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა რიგი საჯარო უწყებებიდან. საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილების თანახმად, 1 სექტემბერს პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი უნდა დაიცვან მთავრობამ, სამინისტროებმა, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო დაწესებულებებმა (სსიპ-ები და საქვეუწყებო დაწესებულებები).
IDFI-ს ცნობით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საკუთარი ნორმატიული აქტები უკვე დაამტკიცეს: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქალაქ თბილისის საკრებულომ. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არ გაითვალისწინა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც მთავრობამ დაადგინა.
„მაგალითად, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაში სრულად იგნორირებულია ფინანსური გამჭვირვალობის საკითხები, პრეზიდენტის ბრძანებულებაში არ მოხვდა სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება და სხვა. ამავე დროს, ერთმანეთისაგან ხშირად განსხვავდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესებიც“, - აღნიშნულია IDFI-ს წერილში.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ჯერჯერობით საერთოდ არ მიუღიათ: საქართველოს პარლამენტს; საქართველოს სასამართლოებს; აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და უზენაეს საბჭოებს; თვითმმართველობებსა და თვითმმართველ ქალაქებს; იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, რომლებიც არ შედიან საქართველოს სამინისტროების მმართველობის სფეროში (მარეგულირებელი კომისიები, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სხვა).
IDFI მოუწოდებს იმ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ და არ გამოუციათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
1. შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და სასწრაფოდ დაამტკიცონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი;
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით;
3. ნორმატიული აქტის შემუშავებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად მოიყვანონ თანხვედრაში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხასთან;
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს № 219 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.