მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 20 იანვარი 2025

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, საზოგადოებრივი ზედამხედველობის, ღია და ეფექტიანი მმართველობის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საჯარო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციაზე შეუფერხებელი წვდომა, ერთ-ერთი არსებითი ინსტრუმენტია ჟურნალისტების მიერ კვალიფიციური და სანდო მედიაპროდუქტის მომზადებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში,  ხელს უწყობს ფართო საზოგადოების ინფორმირებას და დემოკრატიული ჩართულობის უზრუნველყოფას. 

 

სამწუხაროდ, 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სწორედ ამ პერიოდიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (შემდგომში - IDFI)  მედიის წარმომადგენლებს, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სრულ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით კი,  მედიის სამართლებრივ დახმარებას IDFI ახორციელებდა  საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში” ფარგლებში. 

 

2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. რუსული კანონის მიღება, მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროება და საქმიანობაში ხელშეშლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არადემოკრატიულად ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნებითა და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მიერ ამ დრომდე არაღიარებული პარლამენტისა და მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით გაგრძელდა. ამ ფონზე, არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა.

 

დემოკრატიის უკუსვლამ ბუნებრივად განაპირობა საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირება. წინამდებარე ანგარიშის მიზანს წარმოადგენს, ანგარიშვალდებულების შემცირების ფონზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული მდგომარეობის შეფასება IDFI-ის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

 

მიგნებები

 

  • განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია;   

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის გამომწვევი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ  მისი სრული და სისტემური  უგულებელყოფაა;

  • მედიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, უმეტეს შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულებების მხრიდან ყველაზე საბაზისო კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა. მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიღება არის უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევა;  

  • საჯარო ინფორმაციის განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა; 

  • საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან, მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა 10 დღიანი პერიოდის განმავლობაში; 

  • საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან განმცხადებლებს, რათა თავი აარიდონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას;

  • პრაქტიკაში, როგორც წესი, ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც, მათ შორის, განპირობებულია საჯარო დაწესებულებების მიერ მათი განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკით;

  • ადმინისტრაციული ორგანოები უფლების შემზღუდველ დანაწესებს არასწორად/ფართოდ განმარტავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას, მისი გაცემისთვის საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის შემთხვევებშიც;

  • საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი გარე საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე შეძლებდა დროული და ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას; 

  • საერთო სასამართლოებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში გრძელდება. სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს რისკი იმისა, რომ იმავე/მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ კვლავ არ გასცეს;

  • სასამართლოში რამდენიმე წელი გრძელდება, მათ შორის, ისეთი დავების განხილვა, სადაც აშკარაა საჯარო დაწესებულების მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფა.




მეთოდოლოგია

 

ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია უმეტესწილად ეფუძნება IDFI-ის მიერ მედიის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოებულ (დასრულებული და მიმდინარე) საქმეებში გამოვლენილ ტენდენციებსა და მიდგომებს (2022-2024 წლები).

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მედიის სამართლებრივი დახმარება მოიცავდა კონსულტაციის გაცემას, საჯარო ინფორმაციის განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, სარჩელების (სამივე ინსტანცია) მომზადებას და შესაბამისი უწყებების წინაშე წარმომადგენლობას. 

 

ამავდროულად, ანგარიშში ასახული შინაარსობრივი ტენდენციები, მათ შორის,  ეყრდნობა IDFI-ის მიერ წარმოებულ ისეთ საქმეებს, რომლებიც არ ყოფილა ინიცირებული მედიის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, თუმცა მათი შინაარსი, სისტემური სამართლებრივი ეფექტების გათვალისწინებით, არსებით გავლენას ახდენს ჟურნალისტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. 

 

პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევები და ტენდენციები IDFI-ის მიერ შეფასებულია საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი ნორმატიული ჩარჩოსა და პრეცედენტული სამართლის ჭრილში. ამავდროულად, ანგარიშით მოცული საკითხები განხილულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განცხადების/დავის განხილვის პროცედურების პარალელურად.

 

რიგ შემთხვევაში, გამოვლენილი გამოწვევების შესახებ ინფორმაციას თან ახლავს სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციამ მედიის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აწარმოა (2022-2024 წლები). 



/public/upload/000_Liza/media-da-sazogadoeba-sistemuri-ukanonobis-pirispir.pdf

 

ანგარიში მომზადებულია პროექტის, „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024