მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - საზღვარგარეთის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა და საქართველო

კორუფციასთან ბრძოლა | ბლოგპოსტები 4 აპრილი 2022

სტატია მომზადებულია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის 

"მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად"   ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის თემაზე „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“.

 

ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის შეხედულებებს.

 

პირველ ადგილზე გასული ავტორები:

ლია აბლოთია;

ეკატერინე დემეტრაშვილი;

კობა აბლოთია;

 

 

ძირითადი მიგნებები

- საქართველოში არსებობს კანონი მამხილებლების შესახებ, თუმცა ის არ ვრცელდება კერძო და არაკომერციულ სექტორზე.

 

- ძალიან დაბალია მამხილებლის ინსტიტუტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ამასთან, არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება ამის გამოსასწორებლად.

 

- საქართველოში არ არსებობს მამხილებლების დაცვის რეალური და ქმედითი მექანიზმები. მამხილებლის კონფიდენციალურობის დამრღვევი პირის მიმართ სანქცია ძალიან რბილია და ითვალისწინებს მხოლოდ დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.

 

- საქართველოში საერთოდ არ არსებობს მამხილებელთა წახალისების ღონისძიებები (ფულადი ჯილდო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე იქნება გაწერილი).

 

- საქართველოში სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი მამხილებლის მიერ ინფორმაციის მიწოდების საშუალებები.

 

- საქართველოში პრობლემურია როგორც შიდა, ისე გარე და საჯარო არხებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

 

- მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია კორუფციული მხილების კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ჩვენთვის უცნობია, ხდება თუ არა საერთოდ მამხილებლის მიერ კორუფციის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირება, მისი დამუშავება და ა.შ.

 

შესავალი

საერთაშორისოდ აღიარებული დეფინიციით, მამხილებელი ეს არის ადამიანი, რომელიც ამხელს საჯარო, კერძო და არაკომერციულ სექტორში მომხდარ უკანონო, თაღლითურ, კორუფციულ, დისკრიმინაციულ და სამართლებრივად არასწორ ქმედებებს. მამხილებელის როლი სულ უფრო იზრდება და საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ მამხილებლის ინსტიტუტი წარმოადგენს მნიშვნელოვან „იარაღს“ კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო დარღვევების გამოვლენის და პრევენციის საკითხებში.

 

მსოფლიოში კორუფციის შესახებ საქმეების უმრავლესობა გახსნილია სწორედ მამხილებლების მიერ კორუფციული ფაქტების გამოაშკარავების შედეგად. კორუფციულ ქცევას აქვს ფარული ბუნება, ამიტომ ასეთი შემთხვევების გაუცხადებლად დარჩენის რისკი საკმაოდ მაღალია, თუკი მათ არ გამოავლენს მამხილებელი. სწორედ ამიტომაა მამხილებლის ანუ ე.წ. whistleblower-ის ინსტიტუტი და მისი მომავალი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი.

 

ანალიზი: ჩვენს მიზანს წარმოადგენს საქართველოში მამხილებლის მიერ კორუფციასთან დაკავშირებული მხილების ფაქტის მაგალითზე გვემსჯელა ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ე.წ. whistleblower-ის ინსტიტუტს უკავშირდება და საზღვარგარეთული გამოცდილების გათვალისწინებით გამოგვეკვეთა რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება ქმედითი აღმოჩნდეს საქართველოს რეალობისთვის. ამ მიზნის ფარგლებში, ჩავატარეთ ერთგვარი კვლევა, მივმართეთ საქართველოს 12 საჯარო დაწესებულებას, რათა მოეწოდებინათ ბოლო წლებში გამოვლენილი კორუფციასთან დაკავშირებული მხილების ფაქტები. მიმართული 12 საჯარო დაწესებულებიდან 7-მა არ წარმოადგინა პასუხი, ხოლო 5-მა განაცხადა, რომ მათ დაწესებულებაში კონკრეტულად კორუფციასთან დაკავშირებული მხილების ფაქტი არ დაფიქსირებულა, კერძოდ, პასუხი გაგვცა - ა)გარემოს დაცვის და სოფლის სამინისტროს სამინისტრომ; ბ)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა; გ)თბილისის მერიამ, რომელმაც მეტად ინფორმაციული ხასითის ცნობები მოგვაწოდა, რომლის თანახმად, mkhileba.gov.ge - ის საშუალებით მერიაში შემოსულია 2 მამხილებელი განცხადება ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა არცერთი არ ეხება კორუფციას:1) მხილება ეხება გლდანის რაიონში კორპუსზე უნებართვო მშენებლობას. ოფიციალური წერილით საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა მუნიციპალურ ინსპექციას; 2) მხილება ეხება რაიონული გამგეობის მოხელეს, რომელიც ტრენინგზე ერთვებოდა არაეთიკურად, ეწეოდა სიგარეტს და ბილწსიტყვაობდა. აღნიშნული მოხელე დაისაჯა დისციპლინური წესით; დ) სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, რომელმაც არ უარყო, რომ მხილების ფაქტები მათთან დაფიქსირებულია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ფაქტები ეხებოდა საექიმო საქმიანობის, შრომითი დისციპლინის ანდა ქცევის ზოგადი წესების დარღვევის ფარგლებს; ე) სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც ასევე აპელირებდა იმაზე, რომ სააგენტოში მხილების შესახებ შემოსული ინფორმაცია ეხებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაზეც თანამშრომლებს განესაზღვრათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. (იხ. დანართი N1, N2, N3, N4, N5).

 

 

ის, რომ, ფაქტობრივად, არც ერთმა საჯარო დაწესებულებამ, რომელსაც მივმართეთ, არ მოგვაწოდა  კორუფციის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, ჩვენთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა. მხილების ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. 2015 წელს კი მხილების ინსტიტუტთან და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებით რეფორმა განხორციელდა, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანონიმური მხილების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი მამხილებლის ინსტიტუტის შესახებ, ის არაეფექტურია. ამიტომ ჩვენ შევეცდებით: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  წარმატებული მაგალითების გაცნობის და საქართველოს მოცემულობასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეშვეობით წარმოვადგინოთ ის დადებითი პრაქტიკა, რომელიც არსებობს საზღვარგარეთის ქვეყნებში; დავადგინოთ, თუ რატომაა საქართველოში დღეს მამხილებლის ინსტიტუტი არაეფექტიანი და შედეგად, გამოვკვეთოთ ავტორთა ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შედეგადაც საქართველოში ეს ინსტიტუტი გახდება ქმედითი(რამდენადაც ეს ფორმატი მოგვცემს ამის საშუალებას).  

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ მცირე 59 ქვეყანაში არსებობს მამხილებლის დამცავი კანონები.

 

კარგია, რომ, მათ შორის, საქართველოშიც არსებობს კანონი, რომლითაც დაცულია მამხილებლის ინსტიტუტი. თუმცა, საქართველოში ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ საჯარო სექტორზე, არადა საერთაშორისო პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ კანონის ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია, ის ვრცელდებოდეს, როგორც კერძო, ისე საჯარო და არაკომერციულ სექტორებზეც. მაგალითად, 2016 წელს ალბანეთში მიიღეს კანონი „დარღვევების ინფორმირებისა და მამხილებლების დაცვის შესახებ“. ეს კანონი 2 ეტაპად რეალიზდა, ჯერ საჯარო სექტორში 2016 წლის ოქტომბრიდან და შემდეგ კერძო სექტორში გავრცელდა 2017 წლის ივლისში. აგრეთვე, უნგრეთში 2014 წლიდან მოქმედებს მამხილებლების დამცავი კანონი, რომელიც ვრცელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზეც. შვედეთში კერძო სექტორზე მამხილებლების დაცვის კანონი 2017 წლის იანვრიდან გავრცელდა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში - იტალიაშიც.აღსანიშნავია ნორვეგია, სადაც მამხილებელები კარგად არიან დაცულნი. 2015 წელს აქ შევიდა ცვლილება 2005 წლის კანონში, რომელიც შედეგადაც კანონი იცავს მამხილებლებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში დევნისგან და ითვალისწინებს კომპენსაციას.2017 წლის კანონის მიხედვით კი, ნორვეგიაში უფრო გაძლიერდა მამხილებელთა დაცვა.

 

მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პოტენციური მამხილებლების მოტივირება და წახალისება. ამისი ნათელი მაგალითია აშშ, სადაც მოქმედებს ე.წ. The Dodd-Frank act, რომელმაც შექმნა მამხილებელი პროგრამები ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიაში (CFTC). ამ აქტის მიღებიდან (2010 წელს) დღემდე SEC და CFTC-მა დაახლოებით 2, 8 მილიარდი დოლარი ამოიღო, ხოლო 840 მილიონ დოლარზე მეტი გაიცა ჯილდოს სახით იმ მამხილებლეზე, რომელთა მხილების შედეგად გაიხსნა კორუფციული საქმე. The Dodd-Frank act-ის თანახმად, მამხილებელს შეუძლია მიიღოს მხილების შედეგად ამოღებული ჯარიმის თანხის (რომელიც აღემატება 1 მილიონ დოლარს) 10%-დან 30%-მდე. ბუნებრივია, ფინანსური წახალისება არის სერიოზული მოტივატორი მამხილებლებისთვის, რომ იყვნენ დაინტერესებულნი და გამოააშკარავონ კონკრეტული კორუფციის ფაქტები.  მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ 2021 წლის სექტემბერში აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ  $110 მლნ გადაუხადა ინფორმატორს; ეს სიდიდით მეორე თანხაა რაოდენობრვად, რომელიც SEC-ის მიერ იქნა ინფორმატორისთვის ჯილდოს სახით გაცემული, ყველაზე დიდი თანხა იყო 114 მილიონი დოლარი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში იქნა ინფორმატორისთვის გადაცემული. აშშ-ს პრაქტიკა მამხილებელთა ფინანსური წახალისების მიმართულებით, გადაიღეს კანადამ და სამხრეთ კორეამაც, სადაც ასევე ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, სამხრეთ კორეაში 2008 წელს ანტიკორუფციული და სამოქალაქო უფლებების კომისიის მიერ შექმნილი მამხილებელი არხის მეშვეობით, მამხილებლები დაეხმარნენ სამხრეთ კორეის მთავრობას 265 მილიონი აშშ დოლარის ამოღებაში.  ამასთან, შეგვიძლია მოვიყვანოთ უკრაინის, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მაგალითიც. 2019 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის წინადადება, რომ მიეღოთ შესაბამისი ნორმები ინფორმატორთა დაცვის და კორუფციის შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 2020 წელს შევიდა და ამ ცვლილების თანახმად, ინფორმატორები მიიღებენ იმ თანხის 10%-ს, როემლსაც სახელმწიფო ამოიღებს კორუფციაში მხილების შედეგად, ოღონდ გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 450 000 ევროს ექვივალენტს.  საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამოღებული თანხები და ჯარიმის ოდენობები ვერ იქნება ისეთი დიდი, როგორიცაა ეს აშშ-ში, სამხრეთ კორეაში ან თუნდაც უკრაინაში, თუმცა, კარგი იქნებოდა, ფინანსური წახალისების პრაქტიკა საქართველოშიც დანერგილიყო.

 

მატერიალური წახალისების გარდა, მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანად მოქმედებისთვის კორუფციის წინააღმდეგ, აუცილებელია მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა. საჭიროა სხვადასხვა კამპანიების, ტრენინგების ჩატარება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. მაგალითად, 2019 წლის მაისში, როდესაც ლატვიაში მამხილებლის შესახებ კანონი ძალაში შევიდა, მაშინვე ლატვიის ხელისუფლებამ ჩაატარა დიდი კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით „ მოუსმინე, დაინახე და თქვი “, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. IDFI-ს მონაცემების (კვლევის) მიხედვით, რომელიც საქართველოში საჯარო მოსამსახურეებთან ჩატარდა, გამოკითხულთა დიდ ნაწილს, კერძოდ 39%-ს, საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია მამხილებლის ინსტიტუტის არსებობის შესახებ. ეს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვა ჩატარდა საჯარო სექტორში, კერძო და არაკომერციულ სექტორში კი, დიდი ალბათობით, მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია.

 

საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მამხილებლის მიერ მხილების ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზა არსებობს. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნებს, ცხელ ხაზზე მხილების ფაქტის შეტყობინების უფლება აქვთ: ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, იტალიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში. ასევე, 2011 წლიდან აშშ-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, იმათთვის, ვისაც სურს ინფორმაციის მიწოდება. გერმანიაში კი მამხილებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტპორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი ანონიმურად. 2015 წლიდან ჩეხეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა სამინისტროში განთავსებული უნდა ყოფილიყო სპეციალური ყუთი, სადაც მამხილებელები ანონიმურად შეძლებდნენ ინფორმაციის მოთავსებას. საქართველოში მოქმედებს ინტერნეტპორტალი www.mkhileba.gov.ge, თუმცა ამ მექანიზმის არსებობა IDFI-ს გამოკითხულ საჯარო მოხელეთა 62%-ისთვის უცნობია. ეს ფაქტი და წელიწადში შესულ განცხადებათა მინიმალური რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული ინტერნეტპორტალი არაეფექტიანია, რაც ისევ და ისევ უკავშირდება არაინფორმირებულობას და მამხილებელთა კონფიდენციალურობის დაცვის პრობლემებს. მართალია, საქართველოში მამხილებლებს შეუძლიათ მხილების ფაქტის შესატყობინებლად დარეკონ 112-ში, თუმცა ეს არის ზოგადი ცხელი ხაზი და არა კონკრეტულად ინფორმატორებისთვის განკუთვნილი, როგორც ეს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

 

ევროპის საბჭოს კომიტეტის და ასევე, Transparency International-ის რეკომენდაციით აუცილებელია სახელმწიფოებში შექმნილი იყოს ნათელი და ხელმისაწვდომი არხები, რომელიც დაეფუძნება სამ საფეხუროვან მოდელს: შიდა მხილება,  გარე მხილება და საჯარო მხილება, რომელთა მეშვეობითაც მამხილებელს ექნება საშუალება გამოავლინოს კორუფციის ფაქტი. მართალია, აუცილებელია არსებობდეს შიდაორგანიზაციული მხილების არხები, თუმცა არ არის სასურველი, მამხილებელი დავავალდებულოთ მხოლოდ შიდა არხების ამოწურვის შემდგომ მიმართოს გარე მხილების ან საჯარო არხებს. ხშირად შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული ინტერესი ინფორმაციის დაუყოვნებლივი გადაცემისა გარე ან საჯარო მხილების არხებისთვის, მაგალითად მასმედიისთვის, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ შესაძლებელი უნდა იყოს შიდა არხების „გამოტოვების“ შესაძლებლობაც. ამასთან, მამხილებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გარედან მოახსენონ მარეგულირებელ, აღმასრულებელ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მხილების ფაქტები. მაგალითისთვის, ბრიტანეთში მოქმედებს  საზოგადოებრივი ინტერესების გამჟღავნების აქტი (PIDA), რომელიც ითვალისწინებს შიდა და გარე მოხსენების საშუალებას, ადგენს მხილების სამ დონეს. მთელ რიგ ქვეყნებში, კერძოდ, ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, ლიეტუვაში დადგენილია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მამხილებელს უფლება აქვს პირდაპირ მიაწოდოს ინფორმაცია მხილების გარე ან საჯარო წყაროებს. მაგალითად, ლიეტუვაში მამხილებელს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს გარე მხილების მექანიზმს შიდა მექანიზმების ამოწურვის გარეშე, როდესაც: მხილების საგნის მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი;მამხილებლის აზრით, ქმედება შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შიდა მხილების წყაროების გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მამხილებლის კონფიდენციალურობას ან მის უსაფრთხოებას და ა.შ.   საქართველოში სერიოზული პრობლემებია როგორც შიდა ორგანიზაციული არხების არსებობასთან, ისე გარე არხების „ჩაკეტვასთან“, სანამ შიდა არ ამოიწურება. საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმირება შეიძლება მხოლოდ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურატურის ან სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც არაეფექტიან გარემოს ქმნის მამხილებლისთვის.

 

ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანად მოქმედებისთვის, არის მისი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების არსებობა და ქმედითობა. 2019 წელს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა თავისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ 2 წლის განმავლობაში უნდა შეექმნათ მამხილებლების დაცვის ქმედითი მექანიზმები და საკუთარი კანონმდებლობა ამ დირექტივებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ. მაგალითად, ლატვიაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია მამხილებლის სამსახურიდან გაშვება, რაც ერთგვარად იცავს მას.  მაღალ დონეზე იცავს მამხილებელთა კონფიდენციალურობას აშშ და დიდი ბრიტანეთი. აშშ-ში იცავენ არა მხოლოდ თავად მამხილებლებს, არამედ მათ ოჯახის წევრებს და ნათესავებსაც. ჩვენი აზრით, საფრანგეთის კანონმდებლობა გამოირჩევა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების ეფექტურობით. კერძოდ, 2016 წელს საფრანგეთში მიიღეს კანონი Sapin II, რომელიც მთლიანდ ეძღვნება მამხილებელთა დაცვას. ეს კანონი იყო ერთგვარი პასუხი საერთაშორისო კრიტიკაზე, თითქოს საფრანგეთი სათანადოდ არ იყო ჩართული კორუფციასთან ბრძოლაში. ამ კანონში ყველა საინტერესოა ის, რომ მამხილებელთა კონფიდენციალურობა მაქსიმალურადაა დაცული, ხოლო თუ მამხილებლის ნების საწინააღმდეგოდ მოხდება კონფიდენციალურობის დარღვევა, კანონი ითვალისწინებდა დამრღვევისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას 30 000 ევროს ოდენობით. აგრეთვე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას და 15 000 ევროს ჯარიმას მამხილებლების დევნისთვის ან ინფორმაციის მიწოდების ხელშეშლისთვის. საინტერესოა, რომ ეს კანონი Sapin II მოქმედებდა საჯარო სექტორის გარდა, კერძო სექტორშიც.  კომპანიებს, სადაც 500-ზე მეტი თანამშრომელი და 100 მლნ ევროს ბრუნვა ჰქონდათ, უნდა ჩამოეყალიბებინათ მამხილებელთა დაცვის პოლიტიკა კანონის შესაბამისად. რაც შეეხება საქართველოს, მამხილებლის უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვა კანონით გათვალისწინებულია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელე ბრალეულად გაამხელს მამხილებლის ვინაობას, ამის აღსაკვეთად არ არსებობს ქმედითი მექანიზმები, როგორიცაა საფრანგეთში ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, საქართველოში „სანქცია“ არის მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევისთვის, რაც ნამდვილად არაეფექტიანი მექანიზმია მამხილებლის დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ ის ნეგატიური შედეგები, რაც მოჰყვება ინფორმატორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის უგულვებელყოფას და არ რეაგირებას მასზე. რამდენიმე გერმანული კომპანია და მთავრობის ორგანოები დააჯარიმეს იმის გამო, რომ მათ არ მოახდინეს რეაგირება მხილების ფაქტებზე და მიღებულ ინფორმაციაზე. „ დოიჩე ბანკმა“ გადაუხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) ჯარიმა 52, 6 მილიონი ევროს ოდენობით.  ბანკის ყოფილმა 3-მა თანამშრომელმა ამხილა ბანკი, რომელმაც ფინანსური კრიზისის დროს შეცდომაში შეიყვანა და ინვესტორები ხელოვნურად გაზარდა პორტფელის ფასი.2013 წელს ჰარი დედილექტისმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი „დოიჩე ბანკის“ წინააღმდეგ აშშ-ში. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ ინფორმაციის გამხელის გამო, რომ ბანკი იღებდა ზედმეტ თანხას კლიენტებისგან და არ ატყობინებდა მათ ამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გერმანიამ არ მიიღო კანონი მამხილებლების შესახებ, თუმცა 2016 წლის ივლისში, ამ გერმანული კომპანიების დაჯარიმების შემდგომ მიიღო კანონი მამხილებელთა დაცვის შესახებ. ყოველივე ზემოთ თქმული მიგვანიშნებს იმაზე, რომ მხილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხევვაში უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და არ უნდა იქნეს იგნორირებული მიწოდებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება ნეგატიური შედეგები, მათ შორის ფინანსური ზარალი. საქართველოში ამ კუთხით პრობლემურია ინფორმაციის მოპოვება, შესაბამისად საჯარო დაწესებულებების მხრიდან, რა რეაგირება მოყვება მხილების ფაქტებს, ჩვენთვის უცნობია, რაც თავისთავად დადებითად არ მეტყველებს საქართველოზე ამ კუთხით და ართულებს კორუფციასთან ბრძოლას მამხილებელების მეშვეობით.

 

იმის გამო, რომ ჩვენთვის გამოწვევად იქცა საქართველოში კონკრეტული საქმის მოძიება მამხილებლის მიერ კორუფციის ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით (არადა მსოფლიოში კორუფციული საქმეების დიდი ნაწილი გახსნილია სწორედ მამხილებლების მიერ), ჩვენ ვეცადეთ პრაქტიკული მაგალითების მოძიება და შესწავლა საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შედარებით ნაკლებად ცნობილი პრაქტიკული მაგალითი, კერძოდ, მონიკა ბენეტ-რაიანის საქმე ავსტრალიაში.  2009-2010 წლებში ის მუშაობდა ავსტრალიის თავდაცვის, დაზვერვის და უსაფრთხოების ორგანოში. მან 2 კოლეგსთან ერთადგამოააშკარავა სამოხელეო კორუფციული სქემა მედიის საშუალებით. მათ ნაბრძანები ჰქონდათ უსაფრთხოების ნებართვების ფალსიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელი ჰქონდათ მოწერილი გაუთქმელობაზე, დიდი რისკის ფასად მაინც ამხილეს სახელმწიფო უწყება ათასობით დოკუმენტის გაყალბებაში, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ფაილების. ეს საქმე ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა იმიტომაც, რომ არ დაიწყო მამხილებლების დევნა და საბოლოოდ, სახელმწიფომ ერთგვარად აღიარა დანაშაული. 2013 წელს კი სასამართლო პროცესი დამთავრდა და სახელმწიფო ორგანომ აღიარა დანაშაული (იქამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილიარდის ინიციატივით აღიძრა საქმე და დაიწყო გამოძება მხილების ფაქტზე). სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მამხილებელმა მონიკა ბენეტ-რაიანმა წიგნიც კი დაწერა სათაურით „What they saw”, სადაც აღწერს მათ ისტორიას.

 

 ჩვენ შევეცადეთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის კვლევის მეშვეობით (სხვადასხვა მიმართულებით), აგრეთვე, ცალკეული ქვეყნების წარმატებული მაგალითების საქართველოსთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზით გამოგვევლინა და წარმოგვეჩინა ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით; ჩატარებული თეორიული თუ პრაქტიკული კვლევის შედეგად, შევძელით თავი მოგვეყარა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითებისთვის მამხილებლის ინსტიტუტის განვითარების სხვადასხვა ასპექტში, მაგალითად აშშ-ს პრაქტიკა ფინანსური წახალისების კუთხით, ლატვიის მაგალითი მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხთ, საფრანგეთის მაგალითი მამხილებლის დაცვის მიმართულებით და ა.შ. ამ მაგალითების გამოკვლევის და საქართველოსთან შედარების შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ საქართველოში საჭიროა გატარდეს ქმედითი ნაბიჯები მამხილებლის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებით ჩართვისთვის.  ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მიგნებები და რეკომენდაციები საქართველოსთვის.

 

 

იხილეთ სრული სტატია აქ 

 

დანართი 1 - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი

დანართი 2 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის წერილი

დანართი 3 - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წერილი

დანართი 4 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023