არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI პროკურატურისა და შსს-სგან ოჯახში ძალადობის შესახებ გამოთხოვილ სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურის მონაცემებით, „2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მკვლელობის შემთხვევებს შორის მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი“.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში პროკურატურის სტატისტიკაში მკვლელობის 97 შემთხვევაა აღნუსხული, რომელთაგან 19 ოჯახში ძალადობის დროს მოხდა.
შსს-ს სტატისტიკის შემთხვევაში, რომელიც 2012 წლის მეორე ნახევრიდან 2014 წლის პირველი 10 თვის ჩათვლით მონაცემებს აღნუსხავს, „დგინდება, რომ ოჯახში ძალადობის საფუძველზე ჩადენილ მკვლელობათა და მკვლელობის მცდელობათა შორის მოძალადეს ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, წარმოადგენდა მამაკაცი“.
„ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ორი წლის მაჩვენებლებს. კერძოდ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების 14 შემთხვევაა დარეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 2012 წლის მეორე ნახევარში კი აღნიშნული ციფრი 5–ს გაუტოლდა“ - აღნიშნულია IDFI-ს განცხადებაში.
იხილეთ სტატია