ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), და ბრემენის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით სთავაზობს სალექციო ბლოკ-კურსს „საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება - ტრანსფორმაცია და მდგრადობა“, რომელსაც გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ ქოიავა.
სალექციო კურსის მიზანია წარმოაჩინოს მდგრადი და ეფექტიანი კაპიტალის ბაზრის რეგულირების როლი საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების თანამედროვე ეტაპზე და კაპიტალის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობა ერთიანი ეკონომიკური სისტემის ფარგლებში. სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
• ლექცია 1: კაპიტალის ბაზრის აუცილებლობა და მისი რეგულირების საჭიროება
• ლექცია 2: იდეალური სისტემის უტოპია და ლოკალური ოპტიმუმი
• ლექცია 3: კაპიტალის ბაზრის რეგულირების ერთიანი სისტემური ჩარჩო
• ლექცია 4: საქართველოს კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაცია და მიმდინარე რეფორმები
სალექციო კურსების სერია ტარდება პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სტრატეგიის არსებული გამოწვევებსა და განხორციელების პროცესის კრიტიკული შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სალექციო კურსების სერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგეგმება სალექციო ბლოკ-კურსების ჩატარება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მასშტაბით.
მონაწილეთათვის გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემათ წიგნი: მარკეტინგის საფუძვლები (ფილიპ კოტლერი; გარი არმსტრონგი) ან ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები (ჯეიმს ს. ვან ჰორნი; ჯონ მ. ვაჰოვიჩი, უმცრ).
ბლოკ კურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კურსის თემატიკის გარშემო დაწერონ ესსე და მოიგონ Kindle. პრიზი გადაეცემა ორი საუკეთესო ესსეს ავტორს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი, 15.00 საათი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კურსზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.
სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება 1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 406-ე აუდიტორიაში 16:00სთ-დან 18:00სთ-მდე.
სამუშაო ენა: ქართული.
/public/upload/IDFI/2020/Nika-koiava.pdf