“უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონი: ევროპული პრაქტიკა და საქართველო

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი 15 თებერვალი 2023

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

- ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს.

 

- მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება).

 

- მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება.

 

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (რუსეთის ფედერაციის) არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას.

 

- ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა.

 

- ე.წ უცხოური აგენტების კანონისარათუმიღება, არამედ, ამ საკითხზე სეროზული საპარლამენტო დებატებიც კი არსებით ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

 

- ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-10 პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას.

 

გზა ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტამდე და ევროპული პრაქტიკა

 

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიუნიჭებლობის შემდგომ, არასამთავრობო სექტორის მიმართ მტრული დამოკიდებულება განსაკუთრებით გაძლიერდა. სამოქალაქო სექტორის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის მადისკრეტირებელი ბრალდებები. ამ რიტორიკის ავტორები, ძირითადად არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და საშუალებები, რომლებიც აქტიურად იყენებენ მიზნის მიღწევის მრავალფეროვან მეთოდებსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ტრადიციულ თუ არატრადიციულ ფორმებს.

 

2022 წლის დასასრულს, 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა (ე.წ. “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა) საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაანონსეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაინიცირება.[1]გააქტიურდა დისკუსია სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე.[2] ცალმხრივ დისკუსიაში მალევე დაიწყო ტერმინის “აგენტები” გამოყენება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა დაუკავშირდა “საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს” და გაიჟღერა სამოქალაქო სექტორის “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობის” მოწოდებამ.[3] ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული დისკუსიის ფონზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა.[4]

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობა არ გააჩნიათ. არადემოკრატიული რეჟიმები კი მანიპულირებენ ღირებული ლეგიტიმური ინტერესებით და პოპულისტური მეთოდებით მათ შორის, “აგენტის” იარლიყის მინიჭებით ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას.

 

ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც “უცხოეთის აგენტების” კანონმდებლობით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, არის რუსეთის და უნგრეთის შემთხვევა. რუსეთში “უცხოეთის აგენტი” ატარებს მასტიგმატიზებელ იარლიყს და ასოცირდება “ჯაშუშთან”. შესაბამისად, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ან არჩია შეეწყვიტა უცხოური დაფინანსების მიღება და, შესაბამისად, დრამატულად შეეზღუდა საკუთარი საქმიანობა.[5] მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კანონი მიღებულია იმავე მიზნების მისაღწევად, რაც გააჩნია FARA-ს.[6] მსგავსად ამისა, უნგრეთშიც 2017 წელს მიღებულ იქნა კანონი “უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”.

 

რუსეთის და უნგრეთის მაგალითი ასევე გვიჩვენებს, რომ “გამჭვირვალობის” მოთხოვნების დამდგენმა კანონებმა გამოიწვია არა გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, არამედ დაასუსტა ხელისუფლების მაკონტროლებელი მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და “მსუსხავი ეფექტი” იქონია მათ საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაძლიერების სფეროში.

 

რუსული კანონის 10 წლიანი მოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მოახდინა ხელისუფლებამ “გამჭვირვალობის” ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რა ეფექტი აქვს ამას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA[7] განმარტა, რომ კანონი, რომელიც ქვეყანაში “მსუსხავ ეფექტს” ქმნის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის და იძლევა ნოყიერ ნიადაგს მისი არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაციისთვის, ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.

 

2017 წელს უნგრეთის მიერ მიღებული კანონი “უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”[8] 2020 წლის 18 ივნისს, ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შედეგად, ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა იგი.

 

უნგრული კანონის მიმართ კრიტიკა გამოთქვა ვენეციის კომისიამაც და აღნიშნა, რომ კანონი გამოიწვევს არაპროპორციულ და არასაჭირო ჩარევას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვით დაცულ სფეროში.[9] კანონი იმეორებდა რუსულ გზას და “გამჭვირვალობის” ვალდებულების დაწესების გზით მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას.

 

ECHR-ისა და ECJ-ს სტანდარტებით, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხოელ აგენტებად” ან/და “უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად” რეგისტრაცია და მათთვის მასტიგმატიზებელი იარლიყის მიწებება წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში და არ არის “გამჭვირვალობის” ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი. “უცხოური აგენტების” ტიპის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შეკრებისა და  გამოხატვის ძირითად უფლებებს, არამედ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 

ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ევროპული ღირებულებების პერსპექტივის თვალსაზრისით, გამოხატავს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მტკიცე დამოკიდებულებას კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლოებმა კიდევ ერთხელ აღიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხაზი გაუსვეს მათი თავისუფალი საქმიანობის დაცვის მნიშვნელობას.

 

დასკვნა: ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და ევროკავშირის 12 პრიორიტეტული ამოცანა

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. “ხალხის ძალის”) მიერ “უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების  ეფექტურ ფუნქციონირებას სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ მდგენელად მიიჩნევს. საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დადებით ეფექტის შესახებ არაერთხელ აღნიშნულა ევროკავშირის დოკუმენტებში. ევროპული კომისიის 2022 წლის 8 აგვისტოს ანგარიშში “საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ” აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგში, საჯარო პოლიტიკის ფორმულირებასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხში, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე.”[10] ევროპული პარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის თანახმად კი, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ როლს დემოკრატიული ზედამხედველობის პროცესში. ამავე დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, რომ გაუწიონ სამოქალაქო საზოგადოებას პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.[11]

 

ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან[12] ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა იმყოფება “მოლოდინის რეჟიმში” და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, “უცხოური აგენტების” კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყვებაც კი (განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კანონპროექტის დაანონსების შემდგომ “ქართულ ოცნებას” არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია) დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

 

“უცხოური აგენტების” კანონების მიმართ ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიდგომები გვიჩვენებს, რომ ამგვარი ტიპის კანონები არა მხოლოდ ადამიანის ძირითად უფლებებთან, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან, არამედ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა  ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა. მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა (ე.წ “ხალხის ძალის”) წინადადება, მათივე მითითებით, სწორედ “უცხოური აგენტების” რეესტრის წარმოებას ითვალისწინებს[13], რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. “ხალხის ძალის”) კანონპროექტი, თუნდაც უთითებდეს “გამჭვირვალობის” ლეგიტიმურ ინტერესზე, პრინციპულ/სისტემურ დონეზევე ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ სტანდარტებს და ძირს უთხრის ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენაა მიმართული, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პოზიციონირების გათვალისწინებით, მკაფიოდ უარყოფით შეფასაბას მიიღებს და, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა “12 პრიორიტეტის” აღსრულების ეტაპზეა, მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა  პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მე-10 პრიორიტეტით (სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში) განსაზღვრულ ვალდებულებას და ნაცვლად არასამთავრობო სექტორის გაძლიერებისა, მიმართულია მისი დაზიანებისკენ. ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული ეს ტენდენცია შემაშფოთებელია და მნიშვნელოვნად უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

 

____

[1] „ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა “ენჯეოსთვის“ და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან https://bit.ly/3CXJTMR

 

[2] ქართული ოცნების ფრაქციის თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე -  “ფული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, „ტექნიკური მთავრობის“ კამპანიის დასაგეგმად მიემართება - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან “ენჯეოები“”, (12 სექტემბერი, 2022)   https://bit.ly/3Xhk6Hw.

 

   ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე - “რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლები კითხვის ნიშნებს აჩენს”, (13 სექტემბერი, 2022)  . https://bit.ly/3ITLret.

 

[3]საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების - “ხალხის ძალის” განცხადება,  (18 ნოემბერი, 2022) https://bit.ly/3ITz02r.

 

[4] civile.ge,  “აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობს”, (17 ნოემბერი, 2022). https://bit.ly/3iFCQ4y.

 

[5] “FOREIGN AGENTS” IN AN INTERCONNECTED WORLD: FARA AND THE WEAPONIZATION OF TRANSPARENCY. Nick Robinson 2020. DUKE LAW JOURNAL - p.1087

 

[6] იქვე. - p.1087

 

[7] CASE OF ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA (Applications nos. 9988/13). STRASBOURG 14 June, 2022 https://bit.ly/3W5Sa7S

 

[8] Act LXXVI of 2017 on the Transparency of Organisations Receiving Foreign Funds https://bit.ly/3GR2Rpy

 

[9]EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) HUNGARY PRELIMINARY OPINION ON THE DRAFT LAW ON THE TRANSPARENCY OF ORGANISATIONS RECEIVING SUPPORT FROM ABROAD (Strasbourg, 2 June 2017) https://bit.ly/3VYRnWs .

[10] Association Implementation Report on Georgia. European Commission Brussels, 10.8.2022 ttps://bit.ly/3QGdGz9

[11] European Parliament resolution of 14 December 2022 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2021/2236(INI))  https://bit.ly/3CIW1B3

[12] Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union. Brussels, 17.6.2022  https://bit.ly/3GZeTOQ

[13]  „ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა “ენჯეოსთვის“ და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან https://bit.ly/3CXJTMR

 

 

 

/public/upload/Analysis/law_on_agents_of_foreign_influence_european_practice_and_georgia.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024