ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისაგან ინფორმაციის გაცემას ითხოვდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით (3/107-2013) არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი.
ინსტიტუტის მოთხოვნა იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალდებულება გაეცა 2013 წლის 26 მარტს მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1. ინფორმაცია ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;
2. ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ;
3. მოქმედი საშტატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით;
4. ინფორმაცია ხელმძღვანელის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულ სამივლინებო ხარჯების შესახებ;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სემეკი შექმნილია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ სპეციალურ უფლებაუნარიანობის მქონე დამოუკიდებელ ორგანოს და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოების უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე და არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგენის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურება (მათ შორის ხელფასი და პრემია), ასევე ინფორმაცია სამივლინებო ვიზიტებზე წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ასახული იყო მათ ყოველწლიურ დეკლარაციებში, რაც საჯაროა და გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ IDFI-ი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ და მოქმედი სატატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით - სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში მომუშავე პირები (გარდა კომისიის წევრებისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა) არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც ვალდებული არიან წარადგინონ თავიანთი შემოსავლების შესახებ ქონებრივი დეკლარაცია და ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციით შესაძლებელი ხდენა მათი ფინანსური მონაცემების გამჟღავნება, რაც დაუშვებელია ამ პირთა თანხმობის გარეშე.
2. ინფორმაცია ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიების ოდენობისა და ხელმძღვანელის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ - სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის #22 ბრძანებულების „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომლისთვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ მე-19 მუხლის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ვალდებული არიან ყოველწლიურად წარადგინონ მიღებული შემოსავლების შესახებ დეკლარაცია, რაც აისახება შესაბამის საჯარო ბიუროს ვებ-გვერდზე.
3. ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ფორმის არჩევის უფლება - სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა არსებობდეს უკვე შექმნილი და დამუშავებული სახით, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ასეთი სახით არ არსებობს, შესაბამისად IDFI-ს არ ჰქონდა უფლება აერჩია საჯარო ინფორმაციის მიღების მისთვის სასურველი ფორმა. სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი ამ შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე სახის ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არის დაცული და არ საჭიროებს შექმნას საგანგებოდ ამ მიზნით.
IDFI მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მოწოდება არ იწვევს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას. ინსტიტუტი განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და მისი სტატუსიდან გამომდინარე ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები, კომისიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია თანამშრომლებზე (საერთო ოდენობით) დარიცხული პრემიების ოდენობისა და მოქმედი სატატო ნუსხის შესახებ თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით. თანამშრომლებზე (საერთო ოდენობით) დარიცხული პრემიების ოდენობის საჯაროობა არ იძლევა კომისიაში დასაქმებული თანამშრომელის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას და შესაბამისად არ წარმოადგენს მათ შესახებ პერსონალური ინფორმაციას. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება კომისიის თანამშრომლების მოქმედი საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის საჯაროობაზე თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „პენსიის ან თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცალკეული კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტებით დადგენა არ იძლევა პირის პირადი ცხოვრების გასაღებს მესამე პირთათვის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება; II.პ.45.) შესაბამისად, თანამშრომელთა მოქმედი საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, სადაც მითითებულია თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგო არ წარმოადგენს თანამშომელთა პერსონალურ ინფორმაციას და დაინტერესებული პირისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამდებობის პირთა (ეროვნული კომისიის წევრი და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი) მიერ ყოველწლიურად მიღებული შემოსავლების შესახებ დეკლარაციის შევსების ვალდებულება და აღნიშნული დეკლარაციის საჯაროდ გამოქვეყნება არ ათავისუფლებს კომისიას აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის მიწოდების ვალდებულებისაგან. თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციის შევსება ხდება წელიწადში ერთხელ, ხოლო თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობისა და ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია მისი საჯარო ხასიათიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნისთანავე და დაინტერესებული პირი არ უნდა დაელოდოს თანამდებობის პირთა დეკლარაციის გამოქვეყნებას.
ამგვარად, IDFI მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმე №3/107-2013, 24 ივნისი 2013