IDFI ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება)

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | ანალიზი 20 მარტი 2013

IDFI ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვდა. 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით (3/24 2287) ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი.

 

ინსტიტუტის მოთხოვნა იყო შემდეგ 4 შეკითხვაზე სასამართლოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიღება:

 

ა) 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე რამდენი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - "სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის" შესახებ შუამდგომლობა იქნა განხილული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ;

 

ბ) 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე რამდენი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - "სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის" შესახებ შუამდგომლობა იქნა დააკმაყოფილებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ;

 

გ) 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე მოსამართლის მიერ სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების -"სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის" შესახებ რამდენი შუამდგომლობა იქნა ცნობილი კანონიერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ;

 

დ) 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - "სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის" შესახებ რამდენი შუამდგომლობა იქნა ცნობილი უკანონოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია ინსტიტუტმა 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით http://service.court.ge/public/ მოსთხოვა. ხსენებულ მოთხოვნაზე სასამართლოს მიერ წერილობითი პასუხი გაცემულ არ იქნა.

 

სზაკ-ის მე-40 მუხლის თანახმად - „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“, ამასთან „თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს“. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად: „საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ“, „საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას“.

 

ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ინსტიტუტის წერილს ზემოთმოყვანილი რეაგირების არცერთი სახეობა არ მოჰყოლია, IDFI-მ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოსათვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.

 

ინსტიტუტისათვის სარჩელის არ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საინტერესოა ქუთაისის სასამართლოს პოზიცია რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

I. საჯარო ინფორმაცია დაცული და დამუშავებული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში

 

სასამართლოს პოზიციაა, რომ განმცხადებელზე გასაცემ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც სზაკ-ის 35-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულების მიერ სავალდებულო წესით შეიტანება საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში. სამწუხაროდ გადაწყვეტილებაში აზრი არ ჰპოვებს გაგრძელებას სავარაუდოდ ნაგულისხმევია, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მისი მოთხოვნის მომენტში სასამართლოს არ ჰქონდა შეტანილი საჯარო რეესტრში, ანუ სასამართლოს სავარაუდოდ მიაჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია არარსებულად - რადგან მისი მოსაზრებით, მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო რეესტრში მისი აღურიცხაობასთან ერთად, არ იყო დამუშავებული და დაცული დაწესებულებაში. სასამართლოს პოზიცია კარგავს აზრს მისი სხვაგვარად ინტერპრეტირების შემთხვევაში, ვინაიდან მაშინ იგულისხმება რომ საჯარო ინფორმაცია ექვემდებარებოდა გაცემას. თუმცა ინფორმაციის დამუშავების საკანონდებლო ინტერპრეტირება აგრეთვე ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ხსენებულ მოსაზრებასთან მიმართებაში, აღსანიშნავია იმავე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის ოფიციალური პასუხი IDFI-ის, სადაც სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ „ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული რეესტრის წარმოება.“ აღნიშნული პასუხის მხოლოდ არსებობის ფაქტი, ერთი წლის შემდეგაც კი, შესაძლებელია ნებისმიერ გონიერ ადამიანში ჰბადებდეს კითხვას - გააჩნდა კი ქუთაისის სასამართლოს საჯარო ინფორმაციის რეესტრი, რომელშიც საჯარო ინფორმაციის შეტანის სავალდებულოობაზე იგი საუბრობს გადაწყვეტილებაში?

 

II. მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა და მოთხოვნილი დაუმუშავებელი ინფორმაციის რაოდენობა პროპორციული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანურ რესურსთან

 

სასამართლოს პოზიციაა, რომ სზაკ-ის მე-40 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს უწევს რეგლამენტირებას (ინფორმაციის დაუყოვნებლივ ან, რიგი გარემოებების არსებობისას, არაუგვიანეს 10 დღისა გაცემის ვალდებულება), როგორც ცალკე აღებული ნორმის სიტყვასიტყვითი გაგება არ შეიძლება სზაკ-ის მესამე თავიდან („ინფორმაციის თავისუფლება“) გამოცალკევებულად, თუმცა ამ თავის რომელ ნორმებიდან გამოცალკევებულად იქნა აღქმული ინსტიტუტის მოლოდინი, რომ სავალდებული რეაგირების ყველა ვადების დარღვევით სასამართლო სრულ იგნორირებას არ გაუწევდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას გადაწყვეტილებაში უცნობი რჩება. ამ პოზიციასთან „მიმართებით“ სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის გაცემა უნდა შეესაბამებოდეს გონივრულობას და მოთხოვნილი დაუმუშავებელი ინფორმაციის რაოდენობა პროპროციული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანურ რესურსთან. შემდგომი ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ ინსტიტუტის მოთხოვნა არაგონივრული იყო, რადგან ჩვენი მოთხოვნის შესრულებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა სასამართლოს არქივში და სასამართლო კანცელარიაში არსებული საქმეების მოძება და დამუშავება, მათი აღრიცხვა და სისტემატიზაცია, შესაბამისი ნუსხის შედგენა. გარდა ამისა, საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ამგვარი დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების შეუძლებლობასა და სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე, რაც სასამართლოს ფუნქციონირებას ხელს შეუშლიდა და გამოიწვევდა იმ მოქალაქეთა კანონიერ უფლებების დარღვევას, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს.

ძალზედ სამწუხაროა, რომ სასამართლო ცდილობს საჯარო ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობის იმგვარი საფუძვლის ჯერ ხელოვნურად შექმნას და შემდეგ მის თავისებურად ახსნას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს. უფრო მეტიც, საწინააღმდეგოდ სასამართლოს ამ მსჯელობისა, სზაკ-ის მე-40 მუხლი საჯარო ინფორმაციის გაცემის ათი დღის დაყოვნების პირდაპირ საფუძვლად სცნობს სწორედაც, რომ მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას.

ამასთან, ხსენებულ პოზიციასთან მიმართებაში ისმის ზოგადი ლოგიკური შეკითხვაც, თუ სასამართლოს არ გააჩნდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, იმ მიზეზის გამო, რაც მსჯელობის პირველ ნაწილში იქნა მოაზრებული, რას ემსახურებოდა სასამართლოს შემდგომი ვრცელი განმარტება.

 

III. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად

 

სასამართლოს პოზიციის აღნიშნული ნაწილი ყველაზე უფრო ბუნდოვანია. იმის შემდგომ, რაც სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ ინსტიტუტის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხი გაცემულ არ იქნა (ანუ სახეზე იყო მოთხოვნის სრული იგნორირება), იგი აღნიშნულს ავტომატურად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად მიიჩნევს და უთითებს სზაკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილზე. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წარდგენის შემდგომ განმცხადებლის სრული იგნორირება, მ.შ. სზაკ-ის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაც, რომლის თანახმადაც არსებობს საჯარო დაწესებულების ვალდებულება უარი დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს, აგრეთვე სამდღიანი წესის სრული უგულვებელყოფა, რომლითაც პირს წერილობით უნდა განემარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს აზრით წარმოადგენს ნორმალურ მოვლენას, რადგანაც უკავშირდება „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ გამოცემას. სასამართლო შემდგომ უფრო ღრმად იჭრება მსჯელობაში და ასკვნის, რომ მისი უმოქმედობით გამოწვეული უარი არ უნდა იქნას ბათილად ცნობილი. ინსტიტუტის აზრით, სრულიად გაუმართლებელია, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ორგანო საჯარო ინფორმაციის გაცემად მიიჩნევს არა ქმედებას („რეალაქტს“), არამედ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასამართლოს ლოგიკით საჯარო ინფორმაციის გაცემა მის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ სამართლებრივი აქტს წარმოადგენს. ამასთან, უფრო პარადოქსალურია სიტუაცია, როდესაც სარჩელი ინსტიტუტის მიერ სასკ-ის 24-ე მუხლზე დაყრდნობით იქნა შეტანილი - „სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას”, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იგი უპრობლემოდ მიიღო წარმოებაში.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტის აზრით სასამართლო გადაწყვეტილება ზერელედ შედგენილი, ბუნდოვანი და არასწორ ნორმათა გამოყენებით არის მიღებული, რაც ამძაფრებს უსამართლობისა და დაუცველობის განცდას სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების განხორციელების პროფესიონალიზმის მიმართ საქართველოში.

 

სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

 

/public/upload/salome/2.pdf

/public/upload/salome/3.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023