თბილისში, ნოემბრიდან დაწყებულ პროტესტებს აშუქებს კრემლის პროპაგანდისტი, პატრიკ ლანკასტერი. იგი წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, ხოლო 2014 წელს, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ იგი უძღვება საკუთარ YouTube არხს 700.000 გამომწერით, ასევე ქმნის კონტენტს კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებისთვის, როგორებიცაა “RT” და “Zvezda.” 5 წლის წინ პატრიკ ლანკასტერი ოკუპირებულ აფხაზეთში, “საპრეზიდენტო არჩევნების” გაშუქების მიზნით იმყოფებოდა საიდანაც მან YouTube-ზე არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისა, რაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, პროპაგანდისტმა საქართველოში თავისუფლად შემოსვლა შესძლო. ლანკასტერის საქართველოში ყოფნის შესახებ სოციალური ქსელებით საჯარო ინფორმაცია გავრცელდა 9 დეკემბერს. მას ინციდენტი შეემთხვა აქციის მონაწილეებთან, რომელთა ნაწილმაც იგი იცნო და ტერიტორია დაატოვებინეს. ყველაფრის მიუხედავად, მის წინააღმდეგ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არ გაუტარებიათ შესაბამისი ზომები, მან თავისუფლად განაგრძნო ქვეყანაში ოპერირება და ბოლო ვიდეო 2024 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბრის ინცინდენტისას, ლანკასტერთან ერთად იმყოფებოდა იტალიელი ჟურნალისტი - ანდრეა ლუჩიდი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუჩიდი 2022 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და უკრაინაში რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” აშუქებს. 2024 წლის 10 ნოემბერს მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა და განაცხადა, რომ სამშობლოში დევნა ემუქრებოდა.
”დიახ, მე დღეს წარვადგინე ყველა საჭირო დოკუმენტი, ოფისში მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სამ თვეში იქნება მზად“.
„პრეზიდენტს ჩემი განცხადება გავუგზავნე რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნით. რატომ მსურს რუსეთის მოქალაქეობის მიღება? რუსეთში მინდა ცხოვრება, რადგან ის ჩემი მეორე სახლია. მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში, რადგან მე ანტიფაშისტი ვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ლუჩიდიმ, რომელიც თავის გადაწყვეტილებას აღწერს, როგორც ერთგულებას და ცხოვრების არჩევანს უსამართლობის წინააღმდეგ.
ლუჩიდიმ TASS-ს ასევე განუცხადა, რომ მას ეშინია იტალიაში დაბრუნების, რადგან თვლის, რომ პოლიციამ შესაძლოა ჩამოართვას მისი იტალიური პასპორტი. მან დასძინა, რომ ზოგიერთმა იტალიურმა მედიამ მას "კრემლის აგენტი" უწოდა და დაადანაშაულა მოსკოვთან სავარაუდო კავშირების გამო. აღნიშნა, რომ მუშაობს იტალიური ტელევიზიისთვის, როგორც ლიბანიდან და სირიიდან, ასევე რუსეთიდან.
1987 წელს დაბადებული ანდრეა ლუჩიდი საკუთარ თავს “დამოუკიდებელ ფრილანსერ ჟურნალისტად” მოიხსენიებს, ისევე როგორც მისი უფროსი კოლეგა - ლანკასტერი. მისი სტატიები და ვიდეოები უკრაინის შესახებ, დეზინფორმაციით გამოირჩევა და იმეორებს კრემლის ნარატივებს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯორჯია მელონის, მაშინდელ ოპოზიციის ლიდერსა და ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, რომელმაც ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა აგრესიაში, ლუჩიდი გამოეხმაურა: “თქვენ და უკრაინის რეჟიმის ყველა მხარდამჭერი იმსახურებთ გილიოტინას.”
ლუჩიდი უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას ატარებდა უნიფორმას რუსული "Z" სიმბოლოთი და არასოდეს შორდებოდა კრემლის ოფიციალურ ხაზს - უკრაინას „ნაცისტური რეჟიმის“ ქვეყნად, ხოლო მაგალითად ქალაქ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას ყალბ ამბად მოიხსენიებდა, მოსკოვის მიერ მარიუპოლის აღდგენის იდეას იწონებდა, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას კი „უსაფრთხოების ევაკუაციას“ უწოდებდა და ასე შემდეგ.
საინტერესო ფაქტია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს მოსკოვში იტალიის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს შორის ანდრეა ლუჩიდიც აღმოჩნდა. ჟურნალისტის კითხვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ედმონდო ჩირიელიმ უპასუხა, რომ ეს „პარადოქსულად გამოიყურება და დამატებით შესწავლას მოითხოვს.“
მოსკოვში იტალიის საელჩოში გამართული ღონისძიების შემდეგ, ლუჩიდიმ სოციალურ ქსელ X-ზე რუსეთში იტალიის ელჩთან ჯორჯო სტარაჩესთან გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით: "ამ საღამოს მქონდა სიამოვნება შევხვედროდი იტალიის ელჩს რუსეთში, ჯორჯო სტარაჩეს."
ლუჩიდი რუსეთში იტალიის ელჩთან ჯორჯო სტარაჩესთან ერთად
სტარაჩეს ოფისის განმარტებით, სტუმრების შერჩევა, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის იტალიის კათოლიკურმა საზოგადოებამ და, კერძოდ, “Per un fiore di Senape”-ს პრომოუტერებმა განახორციელეს, რომლებიც სახსრებს აგროვებენ რუსეთის დედაქალაქში სამრევლო სახლის ასაშენებლად. „250 მოსაწვევიდან ეს გამოგვრჩა. გაკვეთილი იქნება ჩვენთვის, რომ მომავალში უკეთესები ვიყოთ.“
პატრიკ ლანკასტერის თბილისის ვიზიტს უკავშირდება კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა. კერძოდ, პატრიკ ლანკასტერმა 8 დეკემბერს თბილისიდან ჩაწერა ვიდეო, რომელიც დაასათაურა, როგორც: “უცხოელები, ებრაელები, მუსლიმები, კათოლიკეები და სხვები თბილისის პროტესტებზე.” ვიდეოს სახელწოდება უკვე დამაინტრიგებელია და გარკვეულ დასკვნებსაც შეიცავს, თუმცა სახელწოდება და შინაარსი არ ემთხვევა ერთმანეთს და მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს კადრი, რომელშიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა საერთო მარში მოაწყვეს. ამავე ვიდეოში პროპაგანდისტი ჯერ პარლამენტთან ესაუბრება ქართველ დემონსტრანტ გოგონას, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მეორე ნაწილში კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინ, დაახლოებით 10 წუთის მანძილზე ესაუბრება ვინმე ხერარდოს არგენტინიდან.
ხერარდო საკმაოდ გათვითცნობიერებული აღმოჩნდა რუსული პროპაგანდის კლასიკური მესიჯების გავრცელებაში: “მე ვარ ხერარდო, არგენტინიდან. ორი კვირაა რაც საქართველოში ვიმყოფები და გაოცებული ვარ იმით რაც აქ ხდება. აქ ცდილობენ ქვეყანა “მეორე უკრაინად” აქციონ და რუსეთის ფედერაციასთან ომს ცდილობენ. გული მწყდება, რომ ხალხს, ვინც აქციაზე დგას, იყენებენ ამ მიზნისთვის.”
— შენი აზრით, ვინ არის ამ პროცესის უკან? [პატრიკ ლანკასტერი]
— ვფიქრობ, იგივე ხალხი, ვინც უკრაინის ომის უკან დგას, ისინი ვინც დააძალა უკრაინას რუსეთთან ომი. ამ შემთხვევაშიც ეს ხალხი იმავეს ცდილობს, ესენია “ნატო” და “კოლექტიური დასავლეთი”, რაც სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა.
— რა არის მათი (პროტესტის მონაწილეების) მესიჯი? (არ ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკური მესიჯია) [ლანკასტერი]
— უმეტესად სიძულვილის მესიჯები მესმის. აქ არაა კონსტრუქციული იდეები. ჟღერდება დესტრუქციული გზავნილები, სურთ მთავრობის დამხობა. აქციაზე მდგომი ხალხი ამბობს, რომ მათ დემოკრატია სურთ, მაგრამ სინამდვილეში დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან. ვგულისხმობ იმას რასაც ისინი ფიქრობენ - თუ გაიმარჯვებენ ეს დემოკრატიაა, თუ ვერა, მაშინ დიქტატურა. კონსტრუქციული იდეები აქ არ მომისმენია. დავინახე ფაშისტური სიმბოლოები, მაგალითად სვასტიკა, რაც მაშინებს.
— მთელი მოსახლეობის რამდენ პროცენტს ფიქრობ, რომ აქ არიან? [ლანკასტერი]
— ძალიან ცოტას. მოსახლეობის უმრავლესობას უყვარს ეს ქვეყანა, აცნობიერებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდნენ, რომ “მეორე უკრაინის” სცენარი სუიციდის მცდელობაა.
— შენ ებრაელი ხარ, რას ამბობენ სხვა ებრაელები? [ლანკასტერი]
— საქართველოს აქვს ისტორია, რომელიც ტოლერანტულია ებრაელების მიმართ. ქვეყანაში არ ყოფილა ანტისემიტიზმი. მაგრამ დრო იცვლება, ჩვენ ვხედავთ ბევრ უცხოელს, რომელიც პროტესტს უერთდება. ფაშისტურ სიმბოლოებს ჩემი თვალით ვხედავ, სვასტიკას, ბალაკლავათი შემოსილ ხალხს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ებრაელებისთვის სიტუაცია არ შეიცვლება ამ პრო-უკრაინული, პრო-ბანდერული პროპაგანდით. მე ვხედავ გრაფიტებს “White Pride” და მსგავსი იდეებით.
IDFI შეეცადა მოეძიებინა, ვინ არის სინამდვილეში ხერარდო, რომელიც მსგავს მესიჯებს ავრცელებს აქციაზე. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარია Gerardo Magnano. ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ IDFI-მ შეძლო მოეძიებინა არის ის, რომ იგი არის ჩილეში დაარსებული “აკადემია მასკულინას” (Academia Masculina) “სოციალური უნარებისა და ცდუნების ოსტატი, რომელიც მოგზაურობს მსოფლიოში და ეხმარება მამაკაცებს ცდუნების უნარების გაუმჯობესებაში.” იგი მონაწილეობს ერთ-ერთ პოდკასტშიც, როგორც “პაემნების ქოუჩი” (dating coach).
კიდევ ერთი ინფორმაცია, სადაც მისი სავარაუდო ფოტო ფიქსირდება არის პერუს ქალაქ იკიტოსიდან - ლიმაში 21 არგენტინელი მოქალაქის გადაყვანის შესახებ. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება პერუში 2020 წლის 2 აპრილს შემოღებულ შეზღუდვას, როცა ყველა ავიამიმოსვლა დაიკეტა. სტატიაში საუბარია, რომ არგენტინის სახელმწიფო უწყებებს წინ აქვთ უფრო რთული მისია - მოქალაქეები არგენტინაში დააბრუნონ.
სხვა მხრივ, ხერარდოს სოციალურ ქსელებში “ინფლუენსერობა” შეიძლება ითქვას რომ არც თუ ისე წარმატებულია: მას აქვს YouTube-არხი 160 გამომწერით, დახურული ინსტაგრამ-გვერდი 9 პოსტით და ფეისბუქ-გვერდი 8 ფოლოუერით. YouTube-ze გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, იგი დაახლოებით 1 წლის წინ მოგზაურობდა სომხეთში და საუბრობდა ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, ლანკასტერთან ინტერვიუში ის აფიქსირებს რომ წარმომავლობით ებრაელია. მის არხზე შევხვდებით ვიდეოებს სომხეთიდან, სადაც ის ჰოლოკოსტის და გენოციდის მსგავსებაზე საუბრობს, თუმცა მას ასევე აქვს მოკლე ვიდეოები ჰეშტეგით #freepalestine. ყველა ამ ვიდეოს 100-მდე ნახვა აქვს.
საქართველოში მოგზაურობის ან მიმდინარე აქციების შესახებ, ხერარდოს სოციალურ ქსელებში არაფერი იძებნება.
ლანკასტერი, რომელიც კრემლის პროპაგანდისტია, თბილისში ვიზიტის ფარგლებში ცდილობს საქართველოში მიმდინარე პროცესების დეზინფორმაციული კონტექსტით გაშუქებას. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ქართველი დემონსტრანტებისა და უცხოელების ინტერვიუების განზრახ მანიპულირება ხდება, რაც ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ. მისი მიზანია, სიყალბის და ანტიდასავლური ნარატივის გავრცელება, რაც თავსებადია რუსეთის ინტერესებთან. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ამ მიზნის მისაღწევად არის "ალტერნატიული რეალობის" შექმნა, სადაც საქართველოს ოპოზიციური აქტივისტები და დემონსტრანტი მოქალაქეები წარმოდგენილნი არიან როგორც "რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი აგრესიული ძალები." ამისათვის ლანკასტერი იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა “განსხვავებული პოზიციების” დაფიქსირება, “ექსპერტების” ან “საკითხში გარკვეული გამვლელების” მონათხრობის ფიქსაცია. ხოლო ერთგვარი “ბალანსის დაცვის” მიზნით იგი ესაუბრება მეორე მხარესაც (დემონსტრანტებს). თუმცა, საქართველოდან გავრცელებულ 10-ზე მეტი ვიდეოდან, მსგავსი, ბალანსის დაცვის შემთხვევა მხოლოდ რამდენიმეში, ფრაგმენტულად გვხვდება.
პატრიკ ლანკასტერის ვიდეოს 31.000 მნახველი ჰყავდა, რის შემდეგაც, ხერარდოს პოპულარობა, სავარაუდოდ, გაიზარდა. ხერარდოს შესახებ ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაცია აღძრავს კითხვებს მისი მოტივაციისა და სანდოობის შესახებ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პატრიკ ლანკასტერი ცნობილია ყალბი ისტორიების დადგმით და გავრცელებით. ეს ინტერვიუ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პროპაგანდისტულ მედიას გამოიყენოს “უცხო თვალით დანახული მოვლენა” ყალბი ნარატივების გასავრცელებლად. ეს ხაზს უსვამს წყაროების კრიტიკული შეფასებისა და ფართო კონტექსტის გააზრების მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ინფორმაციის მიმღები ადამიანების უმრავლესობა ამ მხრივ შეზღუდულია, ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელოვანია კრიტიკული და კარგად ინფორმირებული საზოგადოება, რომელიც შეძლებს ტრადიციული პროპაგანდის ფორმებისგან თავის დაცვას.
ანდრეა ლუჩიდი უკრაინაში რუსეთის აგრესიას იყენებს როგორც საბაბს, რათა რუსეთთან დაახლოების გზას დაადგეს და იტალიაში არაფრით გამორჩეული ჟურნალისტიდან - მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს და სავარაუდოდ, ამით გამდირდეს კიდეც. მისი განცხადებები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას ასახავს და ცდილობს დეზინფორმაცია გაავრცელოს უკრაინასა და საქართველოს შესახებ, ასევე პროპაგანდისტული მექანიზმის ნაწილია.
ლანკასტერის გარდა, არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა ალექსანდრე მალკევიჩი, გამორჩეული ადამიანი კრემლის საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში, აშშ-ს მიერ ძებნილი პირი, რომლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ს დაწესებული აქვს ჯილდო - 10 მილიონი დოლარი. საქართველოში აქტიური პოლიტიკური მოვლენების დროს ხშირად ამოიცნობენ ხოლმე პრო-კრემლური მედიების ჟურნალისტებს, მაგალითად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს არხიდან “ზვეზდა” და ა.შ. ლანკასტერის, მისი შეგირდის, “არგენტინელი ტურისტის” და სხვა მრავალი შემთხვევა ცხადყოფს, რომ სახეზეა კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ძალიან მაღალ დონეზე დაგეგმილი სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია.
ქავერზე გამოყენებული ფოტოს ავტორი: გიორგი გოცირიძე