ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 26 მაისი 2020

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უსწრებდა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აღნიშნავს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილს, ორივე ამ საშვილიშვილო საქმეში გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი. თუ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იგი მონაწილის როლით შემოიფარგლა, საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება მთლიანად მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო.[1]

 

ბუნებრივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას 1918 წლის 26 მაისამდე წლებით ადრე ჩაეყარა საფუძველი. ივანე ჯავახიშვილი კი ამ მოვლენებში პოლიტიკური აქტორის სახითაც მონაწილეობდა.

 

მე-18-19 საუკუნეებში ევროპა რევოლუციურმა ტალღამ მოიცვა. სწორედ ამ რევოლუციების, განსაკუთრებით კი საფრანგეთის რევოლუციის წიაღში დაიბადა ერისა და ნაციონალიზმის იმგვარი კონცეფციები, როგორადაც ისინი გვესმის დღეს. საფრანგეთიდან რევოლუციური ტალღის გადასვლას სხვა ევროპულ სახელმწიფოებში თან ახლდა სხვადასხვა ტიპის ეროვნული იდეების დისტრიბუცია.

 

როგორც მიროსლავ ჰროში წერს[2], ეროვნული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყოველი ერი სამ ფაზას გადის. პირველ ფაზაზე ინტელექტუალთა მცირე ჯგუფი, რომელსაც ხელი მიუწვდება განათლებაზე იწყებს შესაბამისი იდეების განვითარებას და ამგვარ მოტივებზე ნაწარმოებების შექმნას. საქართველოს შემთხვევაში, პირველი ფაზა სწორედ მე-19 საუკუნის დასაწყისში დადგა, როდესაც რომანტიკოსებმა (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი) დაიწყეს ეროვნული ნაწარმოებების შექმნა. მეორე ფაზის დროს ინტელექტუალთა ახალი თაობა საკუთარი იდეების და ნაშრომების გავრცელებას იწყებს პრესის მეშვეობით, საქართველოში კი ეს საქმე თერგდალეულებმა ითავეს. საბოლოო, მესამე ფაზა კი დგება მას შემდეგ, რაც სრულიად ერი იწყებს მობილიზებას და ყალიბდება ერთიანი ეროვნული იდეა. მესამე ფაზა საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და საბოლოოდ 1930-იან წლებში, სტალინიზმის ეპოქაში დასრულდა.[3] ქართველი ერის გადასვლას მეორე ფაზიდან მესამეში მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ახლდა თან, ქართული ეროვნული იდეის განვითარებაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ არა მარტო მწერლები და პოეტები, არამედ პოლიტიკური მოღვაწეები და ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც, რომელმაც, ფაქტობრივად, გამოღვიძების ეტაპზე მყოფ ქართველ ერს ეროვნული ისტორიული ნარატივი შეუქმნა.

 

XIX საუკუნის მიწურულს და XX დასაწყისში, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II პოლიტიკა რუსეთის იმპერიის ცენტრშიც და განაპირა ერებთან მიმართებაშიც შედარებით ლოიალური გახდა, კიდევ უფრო გააქტიურდა იდეების მიმოცვლა - მათ შორის იმ პერიოდში მსოფლიოში პოპულარული, ერთა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის იდეა აქტიურად გავრცელდა საქართველოში. იმპერატორის სისუსტე და მრავალი პოლიტიკური პრობლემა ისედაც თვალშისაცემი იყო, რყევები კი გააძლიერა 1905 წლის რევოლუციამ და რუსეთის მარცხით დასრულებულმა ავანტიურისტულმა ომმა იაპონიის წინააღმდეგ. პირველმა მსოფლიო ომმა და რევოლუციებმა კი რუსეთის იმპერიის საბოლოო აღსასრული გამოიწვია.[4]

 

1890-იან და 1900-იან წლებში ცარიზმი აქტიურად დევნიდა და გამუდმებით წნეხში ამყოფებდა ივანე ჯავახიშვილს, არ აძლევდა მას ნაშრომების გამოცემის უფლებას, იყო დაპატიმრების შემთხვევებიც. 1910-იანი წლებიდან კვლავაც გრძელდებოდა თვალთვალი, თუმცა დამოკიდებულება შედარებით ლოიალური გახდა. ივანე ჯავახიშვილს ხშირად იწვევდნენ თბილისში ლექციების წასაკითხად, რასაც მეცნიერი აქტიურად ეხმაურებოდა და თავის გამოსვლებს საქართველოს ისტორიის პრობლემურ საკითხებს უძღვნიდა.

 

ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევები და მეცნიერის საჯარო ლექციები ეროვნულ პატრიოტულ თემაზე არა მარტო საკუთარი წარსულით ქართველთა დაინტერესებას აძლიერებდა, არამედ, იმავდროულად, ცარიზმის კოლონიალური უღლის გადაგდებასა და ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლებისკენ მძლავრი მოწოდებასაც წარმოადგენდა. მიხაკო წერეთელი მისდამი მიწერილ კერძო წერილში აღნიშნავდა: „თქვენი მონოგრაფიებისა და წიგნების გამოცემა დიდი საქმეა არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ თვით ჩვენი განკაცებისთვისაც. საუკეთესო პროპაგანდაა იგი საქართველოს იდეისა. მე ეს დაკვირვებით და გამოცდილებით ვიცი... თბილისში რომ ვიყავი თვალით ვნახე, რამდენი ურწმუნო და უმეცარი მოარჯულა თქვენმა ლექციებმა და საქართველო აწამებია“.[5]

 

მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხოვნა თბილისის პოლიცმეისტერისადმი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ივანე ჯავახიშვილის მიერ სათავადაზნაურო თეატრის შენობაში ლექციის ჩატარების თაობაზე. გასათვალისწინებელია, რომ იმპერიის ეპოქაში ლექცია შეეხება „საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურასა და მდგომარეობას XVII-XVIII საუკუნეებში“ და მის მოკლე მონახაზში არაფერია ნახსენები რუსების მიერ „სპარსელებისგან გადარჩენის“ თუ სხვა მსგავს საკითხზე, რაც იმ პერიოდისთვის, ხშირად, იდეოლოგიურ აუცილებლობას წარმოადგენდა.

 

 

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 8036.

 

ივანე ჯავახიშვილის პოლიტიკური აქტივობის გაძლიერება როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე პირველ მსოფლიო ომისა და დამოუკიდებლობის იდეის კიდევ უფრო გავრცელების პარალელურად მოხდა.

 

 საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობა, რომელიც ამ მონაწილეობას თვალნათელს ხდის, ასევე მასში ვაწყდებით რამდენიმე საინტერესო ცნობასა და პასაჟს, რომლებიც ნათლად გვაჩვენებს ერთი მხრივ იდეების დისტრიბუციას, ხოლო, მეორე მხრივ ევროპის ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:

 

სრულიად საიდუმლოდ

 

მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლის კავკასიის სამოქალაქო საკითხებში დამხმარეს /განსაკუთრებულ განყოფილებაში/

 

15 დეკემბერი 1916/ მიღებული 17 დეკემბერი, 1916

 

რაპორტი

 

პოლონეთისთვის ავტონომიის მირთმევის შემდეგ, საქართველოს ავტონომიის საკითხმა, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გონების გაძლიერებულად დაკავება დაიწყო. ეს საკითხი განიხილება ისევე როგორც პრესაში, ასევე კერძო შეხვედრების დროს, რომლებსაც ესწრებიან სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები. მათ ხელმძღვანელობს თავადი გრიგოლ ნიკოლოზის-ძე დიასამიძე. თვითონ ის უპარტიოა და მხოლოდ აწყობს ამ შეკრებებს.

 

მიმდინარე ნოემბრის 20-ში, თბილისში ქართველმა კათოლიკეებმა, დასახელებული დიასამიძის ინიციატივით მოაწყვეს გარდაცვლილი პოლონელი მწერლის, სენკევიჩის პანაშვიდი. პანაშვიდისას ქართველებმა მიულოცეს პოლონელებს ავტონომიის გამოცხადება, ხოლო პოლონელებმა იმედი გამოთქვეს საქართველოს მიერ ავტონომიის უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე. პანაშვიდის გადამხდელმა პატრე ღაზალოვმა სიტყვა წარმოთქვა პოლონეთისთვის ავტონომიის ჩუქების შესახებ და ასევე გამოხატა საქართველოს ავტონომიის მიღწევის იმედი.

 

პანაშვიდის დროს, პოლონელებმა იმღერეს ეროვნული ჰიმნი „ჯერ პოლონეთი არ დაღუპულა“...

 

არსებობს ცნობები, რომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველებიც შეწუხებული არიან საქართველოს ავტონომიის მიღების სურვილით და იქ მცხოვრებმა პროფესორმა ჯავახოვმა (ჯავახიშვილი - ავტორი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ გრიგოლის ძე ფირცხალავას, რომელიღაც სტუდენტის ხელით გამოუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ციმერმანი კარგად იცნობს საქართველოს საკითხს, ძალიან არის დაინტერესებული ამით და პირობა დასდო წამოწიოს ეს საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკების გადაწყვეტის პროცესში.

 

ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.

 

მაქვს პატივი ზემოხსენებულის შესახებ მოვახსენო თქვენ ბრწყინვალებას და შეჯამებისთვის მოვახსენო, რომ ზემოხსენებულ თათბირებზე აგენტურული თვალყური დამყარებულია.

 

პოლკოვნიკი: პასტრიულინი.[6]

 

                                        

 

აგენტურული გზით ჟანდარმერიის მიერ მოპოვებული ამ ცნობის შესახებ სხვა საარქივო დოკუმენტებში ცნობები არ მოგვეპოვება. არც თავად ივანე ჯავახიშვილი ახსენებს ამ ფაქტს მოგვიანებით შექმნილ ნაშრომებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პეტროგრადიდან სტოკჰოლმში გამგზავრება იმ დროს სირთულეს არ წარმოადგენდა.[7] გარდა ამისა, შვედეთის დედაქალაქში გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული საქმიანობის მთავარ ცენტრს ევროპაში.[8]

 

1917 წლის 20 მაისს, ბერლინში გამომავალ „ქართულ გაზეთში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც პეტერბურგში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ და ერთხმად მიიღეს რეზოლუცია ავტონომიის სახით საქართველოს პოლიტიკური უფლებების აღდგენის შესახებ. დადგენილების მთავრობისთვის შესატყობინებლად, პრესისა და საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აგრეთვე, ახლო დამოკიდებულების დასაჭერად სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებთან, არჩეულ იქნა კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: პრივატ-დოცენტები - ივ. ჯავახიშვილი, ივ. ყიფშიძე და ნუცუბიძე, ნ. გელოვანი, ვექილი - გ. სიდამონ-ერისთავი, ზ. ავალიშვილი, ა. ჩერქეზიშვილი.[9]

 

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ეროვნული ძალებიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის სრულ აღდგენას, ამიტომ მათი ძირითადი ნაწილი ფართო ავტონომიას მოითხოვდა. ყველაფერი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობამ და რუსეთის შიგნით მომხდარმა რევოლუციებმა შეცვალა, რის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადება შეძლო.

 

ივანე ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩართული პირველი რესპუბლიკის საქმიანობაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მოხვდა ახლადარჩეულ დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირის სიით, რომელშიც მის გარდა ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ გაწევრიანებული. როგორც ისტორიკოსი და მეცნიერი, ის მონაწილეობას იღებდა ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაჭრაში: სახელმწიფო დროშის და გერბის შემუშავებაში, ქართული ტოპონიმიკის აღდგენაში, ეროვნული ნარატივის ხელახლა ფორმირებაში და სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის შედგენაში, იყო კონსტიტუციის შემდგენელი კომისიის წევრი, მინდობილი ჰქონდა ყველაზე პრობლემური - სახელმწიფო საზღვრების საკითხი.[10]

 

                                                

 

ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი: საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისისდა მიხედვით, ხელნაწერი (პირველი გვერდი) და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარსადგენი დოკუმენტის ფრანგული თარგმანი. 14 ოქტომბერი, 1920 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,  საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1864, აღწერა 2, საქმე 273.

 

                                               

 

ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი: საქართველოს უფლებები ზაქათალის ოლქზე, ხელნაწერი. 12 მაისი, 1920 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,  საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1864, აღწერა 2, საქმე 274.

 

ივანე ჯავახიშვილი შეარჩიეს პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის წევრადაც. კონფერენცია 1919 წლის 18 იანვარს დაიწყო და ითვალისწინებდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობას. კონფერენციაზე დაისვა მცირე ერების თვითგამორკვევის საკითხი, რაც საქართველოს ისტორიულ შანსს აძლევდა, გაემყარებინა გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მოეპოვებინა აღიარება მსოფლიოს სხვა ერებისგანაც.[11] პირველი რესპუბლიკის სოციალურ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის მხრიდან პარიზში გასაგზავნი მთელი დიპლომატიური კორპუსის დაკომპლექტება ისეთი განათლებული/მცოდნე და გამოცდილი წევრებით, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და ზურაბ ავალიშვილი (ეროვნულ დემოკრატები), ივანე ჯავახიშვილი (უპარტიო) და სხვ. და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე უარის თქმა მთავრობის მხრიდან წინგადადგმულ და ძალზედ პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. საქართველოს პარლამენტისა და პარიზის საზავო კონფერენციის თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ რცხილაძეს, წერილით ატყობინებდა: „ნიკოლაძეს ნებართვა უკვე გამოგზავნილი უნდა ქონდეს. თქვენზე, ჯავახიშვილზე და ოდიშელიძეზედ რამოდენიმეჯერ ვთხოვეთ გამოშვება. თქვენი, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის და ოდიშელიძის აქ ყოფნა ძალიან საჭიროა, დანარჩენები აქ საჭირონი არ არიან“.

 

 

 

კარლო ჩხეიძის წერილი პარიზიდან გრიგოლ რცხილაძისადმი დიპლომატიური მისიის დაკომპლექტების შესახებ (14 მაისი, 1919 წელი). წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,  საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2115, აღწერა 1, საქმე 90.

 

პირველი რესპუბლიკის დასასრულის მოახლოებისას, როდესაც უკვე რუსეთის არმიები საქართველოში იყვნენ შემოჭრილი, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სახელით ივანე ჯავახიშვილმა და აკაკი შანიძემ წერილი გაუგზავნეს საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს და გამოთქვეს მზადყოფნა, მათი გონებრივი და ფიზიკური ძალა ისე გამოეყენებინათ, როგორც საუკეთესოდ მიაჩნდათ სამშობლოს დაცვის მიზნებისთვის.

 

 

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ახალი და უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 471, აღწერა 1, საქმე 110, ფურც. 13.

 

ყველა ზემოხსენებული საქმიანობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა დიდი მეცნიერის წინააღმდეგ დაწყებული, საბჭოთა სახელმწიფოს მიერ ორკესტრირებული ბრძოლა, რის შემდეგაც 1926 წელს ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან გადააყენეს, შემდეგ, 1930-იან  წლებში, უკვე როგორც მეცნიერს ისე შეუტიეს.[12] საბოლოო ჯამში, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში აღადგინეს, ვინაიდან სავარაუდოდ მაღალ ეშელონებში ერთი მხრივ სჭირდებოდათ კომპეტენტური მეცნიერები საქართველოს წარსულის შესახებ სამეცნიერო კვლევების გაფართოების და ახალი ნაწარმოებების დაწერის მიზნით.[13] მეორე მხრივ კი თავად ივანე ჯავახიშვილიც კონიუნქტურის ქვეშ მოექცა და შეიძლება ითქვას რომ დინებას გაჰყვა, რასაც მოწმობს მის მიერ ამ პერიოდში შექმნილი ისეთი ნაშრომები, როგორებიცაა„საიდან წარმოიშვა ხალხთა ბელადის გვარი“ (Откуда пошла фамилия вождя народов) და ა.შ..

 

საბოლოოდ, ამ ყველაფერმა საშუალო ასაკის, 64 წლის ადამიანის სიცოცხლე უდროოდ შეიწირა...

 

______

 

[1] ოთარ ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2018, გვ.129.

[2] Miroslav Hroch, Comparative Studies in Modern European History: Nation, Nationalism, Social Change, Aldershot; Burlington, VT: Ashgate Variorum, 2007, pp. 95-96.

[3] Ronald Grigor Suny, The Making of the Georgian Nation, London: Tauris, 1988.

[4] Verner, A., The Crisis of Russian Autocracy: Nicholas II and the 1905 Revolution (Princeton: Princeton University Press, 1990); Lieven, Dominic, Nicholas II. Twilight of the Empire, (New York, 1996).

[5] ოთარ ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილი, თბილისი, 1996, გვ.4.

[6] საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე 4425, ფურც. 11-12.

[7] ოთარ ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილი, თბილისი, 1996, გვ.13.

[8] S.Zaterberg, Die liga der Fremdvolker Russlands 191-1918. Ein Beitrag zu Deutschlands antirussianischen Popagandandakrieg unter den Fremdviolkern Russlands in ersten Weltkrieg. Helsink, 1978. ss. 43-44.

[9] „ქართული გაზეთი“, 1917 წლის 20 მაისი.

[10] იხ.: ოთარ ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2018.

[11] იხ.: Margaret Macmillan, Paris 1919, New Your, 2002.

[12]იხ.: მეგი ქარცივაძე, ანტონ ვაჭარაძე, „ისტორიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და ივანე ჯავახიშვილის ბედი“: https://www.idfi.ge/archive/index.php?cat=read_topic&topic=153&lang=ka

[13] სტალინისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, საკუთარი თავის როგორც დიადი კულტურის შვილის წარმოჩენა. როგორ იმ პერიოდის რუსი ავტორები აღნიშნავდნენ, 1930-იანი წლების რუსული შოვინისტური ელიტები ეროვნულ კულტურებს ძირითადად ეგზოტიკად განიხილავდნენ. იხ.: Е. Гальперина, "Формы проявления великодержавного шовинизма в литературоведении и критике", РАПП, № 5-6 (1931): стр. 47.

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024