IDFI-მ ინტერნეტ რეგულაციების შესახებ საჯარო დისკუსია გამართა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 16 ივნისი 2017

ავტორი: სოფიო გიორგაძე

 

2017 წლის 15 ივნისს, IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის რეგულაციების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

მომხსენებლებს შორის იყვნენ: 

 

გიორგი ბერაია - IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი. (თემა: უკანონო ონლაინ კონტენტის გაფილტვრის, დაბლოკვისა და მოხსნის რეგულაციები საქართველოში);


გიორგი ნონიაშვილი - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). (თემა: ინტერნეტ კონტენტის რეგულირება საქართველოში - მზარდი გამოწვევები);


ეკატერინე ხუციშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი. (თემა: ონლაინ კონტენტის სისხლის საპროცესო რეგულირება); 


უჩა სეთური - საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. (თემა: მცირე და საშუალო ოპერატორების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები); 


IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი ბერაიამ ინტერნეტ რეგულირების სფეროში არსებული მთავარი გამოწვევები განიხილა. მან ყურადღება გაამახვილა დაუშვებელი პროდუქციის ცნებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ კუთხით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები და პრაქტიკა გამოყო.


გიორგი ნონიაშვილის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც ინტერნეტში უკანონო ონლაინ კონტენტის რეგულირების პრობლემას გადაჭრის და მნიშვნელოვანია, ამ მხრივ, ისეთი წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება, როგორიცაა: ესტონეთი, ისლანდია, კანადა, აშშ და სხვა. 


დისკუსიის მონაწილეებმა წარადგინეს რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პორნოგრაფიული, ძალადობის შემცველი და შეურაცხმყოფელი პროდუქციის რეგულირება, ასევე, კერძო სექტორის უფლებამოსილება დაუშვებელ პროდუქციასთან მიმართებაში.


კომპანია მაგთიკომის იურისტმა ირაკლი შარაბიძემ აღნიშნა, რომ არასწორია ინტერნეტ მიმწოდებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა დაუშვებელ პროდუქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპერატორი ვერ გახდება ცენზორი. 

 

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა თვითრეგულირების კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თვითრეგულირების კოდექსი სწორედ იმ პატარა ოპერატორებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი იურისტები და არ გააჩნიათ ფართო ადმინისტრაციული რესურსი.


შეხვედრა ჩატარდა IDFI-ის პროექტ „საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესებას“ ფარგლებში. IDFI მომავალში აღნიშნულ საკითხზე კვლევისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებას გეგმავს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024