საქართველოს კანონმდებლობა ადგენს სასამართლო სხდომათა საქვეყნოობის მაღალ სტანდარტს. სასამართლო სხდომები არის ღია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ხოლო გადაწყვეტილება ყველა საქმეზე ცხადდება საჯაროდ. მიუხედავად აღნიშნულისა დღეის მდგომარეობით სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მდგომარეობა საქართველოში ძალზე დაბალია.აღნიშნულს მოწმობს IDFI-ის მიერ მომზადებული სიტუაციური ანალიზიც.
2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესის შესახებ, რომელიც აწესებს ძალზედ შემზღუდველ რეგულაციებს და, თავის მხრივ,წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან. მიუხედავად ამისა,ახალი წესის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ იქმნება სასამართლო გადაწყვეტილებათა რეესტრი და პროაქტიულად გამოქვეყნების ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა,გაეცნოს სასამართლოს პრაქტიკას მის ინტერესის სფეროში შემავალ კონკრეტულ საკითხებზე.
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, IDFI-მ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მოამზადა მოკლე სიტუაციური ანალიზი. მოცემული დოკუმენტის მიზანია სიტუაციური სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ზოგადი სახის ინფორმაციას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის საკითხზე. დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ისეთ სახელმწიფოებში,როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, კანადა, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი, ახალი ზელანდია, სლოვენია, ხორვატია, გერმანია და ავსტრალია.
ზემოთჩამოთვლილი სხვადასხვა ქვეყნის/სისტემის გამოცდილებისა და რეგულაციების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხზე არსებობს სამი ძირითადი მიდგომა (რომელიც დეტალურად არის განხილული დოკუმენტში):
1. სრული ხელმისაწვდომობა - ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია სრულად,მხარეთა სახელებისა და გვარების მითითებით. დადგენილია კონკრეტული გამონაკლისები, როდესაც შესაძლებელია,შეიზღუდოს წვდომა. დაინტერესებულ პირებს აქვთ უფლება,მიიღონ საქმის მასალები.
2. შეზღუდული ხელმისაწვდომობა - სასამართლო გადაწყვეტილებები არ არის ხელმისაწვდომი სრული სახით, იფარება კონკრეტულ პირთა მაიდენტიფიცირებელი ყველა მონაცემი. გადაწყვეტილებათა გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა თანხმობით. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ასევე სისტემები,სადაც ხელმისაწვდომია მხოლოდ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებები შესაძლებელია,ხელმისაწვდომი იყოს როგორც სრული,ისე დაშტრიხული სახით.
3. შუალედური მიდგომა - სასამართლო გადაწყვეტილებათა ასლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი მოსამართლე ან/და საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალ სასამართლოებს აქვთ უფლება,საკუთარი შინაგანაწესით დაადგინონ რეგულაციები სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხზე. შესაბამისად,მოსამართლეს/სასამართლოს მინიჭებული აქვთ ფართო დისკრეცია განსაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემის საკითხი.
სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შესაძლებელია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა კერძო პირთა ინტერესებისა და უფლებების შელახვის გარეშე. შესაბამისად, მსგავსი სტანდარტის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში ის ვერ გახდება კრიტიკის საგანი, არამედ, აღქმული იქნება, როგორც სასამართლო სისტემის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ბუნებრივია, არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი არ ზღუდავს ხელმომწერ სახელმწიფოებს დაადგინონ საკუთარ ქვეყნებში სასამართლო სისტემის საქვეყნოობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. სხვადასხვა საერთაშირისო დოკუმენტის ტექსტი, ისევე, როგორ პრეცედენტული სამართალი, ხაზს უსვამს შესაბამისი ბალანსის დადგენის აუცილებლობას კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
მართლმსაჯულების სისტემისადმი საქართველოში არსებული მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის პირობებში, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს სასამართლო გადაწყვტილებებისა და პროცესების ხელმისაწვდომობის ზოგადად მაღალი სტანდარტი, როდესაც მისი შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტულ შემთხვევებში, გარდაუვალი აუცილებლობისას და შესაბამისი დასაბუთებით. სასამართლო გადაწვეტილება უნდა იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული წესიდან შესაძლებელია, დაიშვას მხოლოდ კანონით დადგენილი გამონაკლისები. სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური მონაცემების, კომერციული საიდუმლოებისა თუ კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მხარეთა მოტივირებული შუამდგომლობით ან მოსამართლის ინიციატივით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური თუ სხვა ინფორმაციის ნაწილობრივი დაფარვა ვერასდროს უზრუნველყოფს პირთა მონაცემების ანონიმურობის სრულ დაცვას, რადგან პირის თუ გარემოებების ირიბი იდენტიფიკაციის გამორიცხვა მაინც შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, ინსტიტუციურად შემდგარი ქვეყნებისგან განსხვავებით, ისეთი მყიფე დემოკრატიისა და სამართლებრივი სისტემის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საჯაროობის მაღალი სტანდარტის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებით შეიძლება ხელისუფლების ყველა შტოს შეცდომების თუ გადაცდომების პრევენცია და ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა.
/public/upload/IDFI_FOTOS_2016/international_practice_of_court_decisions.pdf