საერთაშორისო კონფერენცია - “სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის (1937-1938) მასობრივი სამარხები ბათუმში, საქართველოში”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 9 ოქტომბერი 2023

2023 წლის 5-6 ოქტომბერს, ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია "სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში, ქ. ბათუმში“ გამართა.

 

კონფერენციის მიზანი საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა, კვლევა და ქვეყნის დეკომუნიზაციაში წვლილის შეტანა იყო.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, აკადემიური წრის წევრები და დარგის ექსპერტები.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელმა და პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა; მიეროშევსკის ცენტრის დირექტორმა, ერნესტ ვიჩიშკევიჩმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.

 

ლევან ავალიშვილმა, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრსა და პოლონეთის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და პოლონეთის საერთო მეხსიერების საკითხებს. 

 

“ჩვენი პასუხისმგებლობაა წარსულის სირთულეებთან გამკლავება, მისი სრულად გააზრება და რეპრესირებულთა ხსოვნის უკვდავყოფა. აღნიშნული კონფერენცია კი არის დიალოგის, რეფლექსიისა და მოქმედების პლატფორმა, რომელმაც კვლევებისა და დისკუსიების მეშვეობით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა განაპირობოს ბათუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების საკითხთან მიმართებით,”- ლევან ავალიშვილი.

 

მარიუშ მაშკიევიჩმა და ერნესტ ვიჩიშკევიჩმა საქართველოსა და პოლონეთის ინსტიტუტების ერთობლივი კოოპერაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ვიჩიშკევიჩმა IDFI-ის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიის დამახინჯებასთან ბრძოლა უკეთესი მომავლის შენების ქვაკუთხედია და ამისათვის საუკეთესო გზა ძალების გაერთიანებაა. მარიუშ მაშკიევიჩმა ისაუბრა პოლონელი და ქართველი ხალხის საერთო მეხსიერების საკითხებზე და თავისი მიმართვა დაასრულა სიტყვებით: “ერი მეხსიერების გარეშე - ეს არის ერი მომავლის გარეშე”.

 

კონფერენციაზე, 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციის, საერთაშორისო მემორიალის თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე, “როგორ ვისაუბროთ საბჭოთა რეპრესიებზე”, სადაც ისაუბრა საერთაშორისო მემორიალის ისტორიაზე, დიდი ტერორის მიზეზებზე, კომუნიზმის ბოლშევიკურ აღქმასა და ახალი თაობებისათვის რეპრესიების მეხსიერების გადაცემის სირთულეებზე.

 

კონფერენცია ოთხი ფართო სადისკუსიო პანელისაგან შედგებოდა.

 

სადისკუსიო პანელს “კომუნისტური დანაშაულების ისტორია საქართველოში”, უძღვებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, საფრანგეთის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის ასოცირებული მკვლევარი, გიორგი მამულია და კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარისონ კინგი. 

 

პირველ პანელს, სახელწოდებით “ბათუმის მასობრივი სამარხები: არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევები”, უძღვებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე. მოხსენებით წარდგნენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, მამა ილია ხინიკაძე; სასამართლო ანთროპოლოგი ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ლუკაშ შლეშკოვსკი; არქეოლოგები ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტიდან (IPN), ანჟელიკა სლოდკა და ტომაშ ბორკოვსკი. 

 

მეორე პანელს - “საბჭოთა ტერორის მსხვერპლები - დოკუმენტირების პრობლემები”, ხელმძღვანელობდა მიეროშევსკის დიალოგის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლუკაშ ადამსკი. Პანელის მომხსენებლები იყვნენ 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციის საერთაშორისო მემორიალის წევრი, სერგეი პრუდოვსკი; მოლდოვის არქივების ეროვნული სააგენტოს დირექტორი, იგორ კაშუ; მიეროშევსკის ცენტრის კვლევების კოორდინატორი, მაცეი ვირვა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე.

 

მესამე პანელს “მუზეუმების როლი საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ხსოვნაში”, უძღვებოდა მედიასაშუალება “ბათუმელების” ჟურნალისტი, ირმა დიმიტრაძე. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ციმბირის მეხსიერების მუზეუმის დირექტორი, ვოიცეხ სლეჟინსკი; მოლდოვის ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ლუდმილა დ. კოჟოკარუ; საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, მიხეილ წერეთელი და დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი, ნატაშა ლომოური.

 

 

მეოთხე პანელს სახელწოდებით “როგორ წავახალისოთ ცოდნა და როგორ გავიგოთ მეტი საბჭოთა რეპრესიების შესახებ” უძღვებოდა რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი, ნატაშა ლომოური. ასოციაცია Gulag.cz-ის თავმჯდომარე, საერთაშორისო მემორიალის საბჭოს წევრი, შტეფან ჩერნოუშეკი; საერთაშორისო მემორიალის თანამშრომელი, ვირტუალური მუზეუმის Perm-36-ის პროექტის მონაწილე,  იულია ბალაბანოვა; ცენტრი KARTA-ს რედაქტორი და წარმომადგენელი,  იუსტინა ავჩი, ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის წარმომადგენელი, ალინა კოუშიკი  და ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორიის კათედრის ასისტენტი, მელანი ჰუსინგერი.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას, პანელებს შორის, გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის სტუმრებმა რეპრესირებულთა შთამომავლებთან ერთად ბათუმში რეპრესიის მსხვერპლთა მასობრივი სამარხები მოინახულეს.

 

კონფერენციის დღის წესრიგს გაეცანით აქ.

 

ღონისძიება განხორციელდა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ფოტო გალერეა  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024