საერთაშორისო კვლევა საჯარო დაწესებულებების ონლაინ გამჭვირვალობის შესახებ

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 27 სექტემბერი 2014

IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია, ინფორმაციის თავისუფლების ფონდის (რუსეთი) მიერ ინიცირებულ საერთაშორისო მონიტორინგში სახელმწიფო დაწესებულებების ღიაობის შესახებ. რუსეთისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა პროექტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელორუსის საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შესაძლებელია შეიქმნას პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასების საერთაშორისო მექანიზმები.


კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების ფონდმა, რომელიც 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დაწესებულებების ვებ-გვერდების გამჭვირვალობის აუდიტს ატარებს. აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია სხვადასხვა სახის პარამეტრებზე რომლებიც ექსპერტების მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იზომება (ხელმისაწვდომობა, სრულყოფილების ხარისხი, მუდმივი განახლების ხარისხი, ნავიგაციის (ძებნის) სიმარტივე და ა.შ.)


2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების ფონდმა შექმნა საინფორმაციო სისტემა - „ინფომეტრი“, რომელიც შესაძლო შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით, ვებ-გვერდების შეფასების ოპტიმალურ ვარიანტს გვთავაზობს. სისტემას საფუძველად უდევს ფონდის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა ღია კოდით, რომელსაც შეუძლია ვებ-კონტენტის ანალიზის სხვა კვლევის მეთოდოლოგიასთან ადაპტაცია და შესაბამისად, ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებისთვისაც. რუსეთის მაგალითზე სისტემამ გაამართლა და ახლა მისი შესაბამისობა საერთაშორისო, შედარებითი კვლევით შემოწმდა.


კვლევის პარამეტრების შემუშავებისას, ყურადღება მიექცა თითოეულ მონაწილე ქვეყნაში არსებულ პრაქტიკას. ინფორმაციის კატეგორიების შერჩევამდე გათვალისწინებული იქნა მათი აქტუალობა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ქვემოთ მოცემული ინფორმაციის თემატიკა აჩვენებს თუ როგორია ინტერნეტში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კულტურის განვითარების დონე პროექტში მონაწილე ქვეყნებში. ქვევით წარმოდგენილია ის მონაცემები, რომელთა ონლაინ განთავსების შემოწმებით შეფასდა თითოეულ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ხარისხი:

  • ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში ხმის მიცემის პროცედურის შესახებ 
  • ინფორმაცია მთავრობის სხდომების საჯაროობის შესახებ 
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 
  • ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივი შესყიდვების შესახებ 
  • კანონმდებლობის ხელმისაწვდომობა
  • სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა
  • ინფორმაცია იურდიული პირების დამფუძნებლების შესახებ 
  • ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ 
  • ინფორმაცია ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ 
  • ინფორმაცია თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ 
  • ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტუმრებისა და ვიზიტორების შესახებ 
  • დანაშაულის სტატისტიკა
  • ინფორმაცია არჩევნების შესახებ
  • ინფორმაცია სახელმწიფო არქივების შესახებ 
  • კარტოგრაფიული ინფორმაცია
  • სადისერტაციო, სამაგისტრო, საბაკალავრო ნაშრომების ხელმისაწვდომობა

 

იხილეთ მთლიანი კვლევა (ინგლისური ვარიანტი)

კვლევის შედეგები

 

საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  ყველა შეფასებული პარამეტრის მიხედვით ოთხივე ქვეყნის საშუალო ღიაობის მაჩვენებელმა 45.1% შეადგინა. მათ შორის :

  • აშშ - 63.4%
  • საქართველო - 51.6%
  • რუსეთი - 43.1%
  • ბელორუსი - 22.3%

 

აღნიშნულის მიუხედავად, კვლევის ავტორები ითვალისწინებენ, რომ საბოლოო მონაცემი შესაძლოა სრულად ვერ ასახავს ამ ქვეყნების პროაქტიული ღიაობის მაჩვენებლებს. ეს განპირობებულია პირველ რიგში იმ ფაქტორით, რომ კვლევაში ჩართული ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების მიხედვით, რაც შემდგომში კვლევის შედეგებზეც აისახება. მაგალითად: მაშინ როდესაც ინტერნეტს შეერთებული შტატების მოსახლეობის 87% იყენებს, რუსეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 59%-ს შეადგენს. კიდევ ერთი მაგალითი: რუსეთში თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულოა, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ასეთი სახის ინფორმაციის გამოქვეყნება კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით პრაქტიკაში იშვიათია.


ყველზე საინტერესოა, კვლევაში მონაწილე ქვეყნების შედარებითი ანალიზი, სხვადასხვა სფეროებში გამჭირვალობის ხარისხის თვალსაზრისით. გთავაზობთ სხვადასხვა ასპექტებში შესწავლილი ქვეყნების ხელისუფლების ღიაობის ხარისხს გრაფიკების სახით.

 

 

 

 

საქართველო

 

კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ორგანიზაციის ანალიტიკოსი: თეონა ტურაშვილი

 

საჯარო ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველომ ბოლო პერიოდში სერიოზული პოზიტიური ცვლილება განიცადა. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში საჯარო დაწესებულებებს კანონით არ მოეთხოვებოდათ საკუთარი ვებ-გვერდების შექმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტული სახის ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე. გამომდინარე აქედან, საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარი ვებ-გვერდების ეფექტურად გამოყენება და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება მიიჩნეოდა მათ კეთილ ნებად და გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი მისწრაფების დემონსტრირებად. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. კერძოდ, 2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის #219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. სწორედ ეს ნუსხა ავალდებულებდა კონკრეტულ დაწესებულებებს საკუთარ ვებ-გვერდებზე გამოექვეყნებინათ სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია (მაგალითად: ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ, საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია, მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები და ა.შ).


საჯარო ინფორმაციის ღიაობის შესაფასებლად და არსებული ვითარების გასაანალიზებლად, საერთაშორისო მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კონკრეტულად, საქართველოში შემოწმდა შემდეგი ტიპის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე:

  • ინფორმაცია იურდიული პირების დამფუძნებლების შესახებ;
  • ინფორმაცია უძრავი ქონების მფლობელთა შესახებ;
  • ინფორმაცია თანამდებობის პირების შემოსავლებისა და ქონების შესახებ;
  • ინფორმაცია ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების გადასახადებისა და დავალიანებების შესახებ;
  • ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის შედეგების შესახებ;
  • მთავრობის სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია;
  • დისერტაციების ხელმისაწვდომობა;
  • სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობა;
  • საკანონმდებლო აქტების ხელმისაწვდომობა;
  • თვითმმართველი ორგანოების სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტუმრებისა და ვიზიტორების შესახებ
  • დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობა;
  • ინფორმაცია სახელმწიფო და მუნიციპალური შესყიდვების შესახებ;
  • სახელმწიფო არქივების ფონდების მიმოხილვა;
  • სახელმწიფო რუკის არსებობა;
  • ინფორმაცია არჩევნების შედეგების შესახე

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი თითოეული პარამეტრი შეფასებული იყო შემდეგი 4 კრიტერიუმის საფუძველზე:

  • სრულყოფილი ინფორმაცია;
  • აქტუალობა;
  • ნავიგაციური ხელმისაწვდომობა;
  • HTML ხელმისაწვდომობა.

 

დადებითი ტენდენციები

 

მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო იურიდიული პირების დამფუძნებლების, უძრავი ქონების მფლობელების, თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების შემოსავლების და ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით.
კერძოდ, პირველი სახის ინფორმაციის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდი www.napr.gov.ge შეიცავს იურიდიული პირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნულ რესურსთან დაკავშირებით ერთადერთი შეზღუდვა მდგომარეობს, იმაში რომ ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი არის გამოქვეყნებული ღია ფორმატით (HTML) (კერძოდ, იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, განმცხადებლის სახელი და მისამართი). შედეგად, რთულია იურდიული პირის სახელის მოძებნა, მისი დამფუძნებლისა და მეწილეების სახელების მითითებით, რადგან ეს ინფორმაცია განთავსებულია PDF ფორმატში.


მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ გაერთიანებულია სხვა განყოფილებებთან ერთად იმავე ელექტრონულ რესურსში, ამ შემთხვევაში მონაცემები თითოეული უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულია HTML ფორმატში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოცემული ინფორმაციის მარტივად მოძებნა და დამუშავება.


მაღალი შეფასება მიიღო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემამ - www.declarations.ge სადაც დეტალურად ქვეყნდება ინფორმაცია თანამდებობის პირთა ყოველწლიური შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, უძრავი ქონების, ხელშეკრულებების, საჩუქრების, ნაღდი ფულის, სამეწარმეო საქმიანობის, მოძრავი ქონების შესახებ.

 

მონაცემთა სრულყოფილების მაღალი ხარისხი აგრეთვე დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის შედეგებთან და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია კენჭისყრის შედეგების განყოფილება. ის მოიცავს API-ს (განაცხადის პროგრამირების ინტერფეისი), რაც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი პროგრამა დააკავშირონ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებთან. შედეგად, მონაცემთა ბაზაში შეტანილი ცვლილებები ავტომატურად აისახება API-ის მიერ.

 

„სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ შეფასებისას მისი ერთადერთი ნაკლოვანება იყო ის ფაქტორი, რომ კონტრაქტები და სხვა დოკუმენტაცია PDF ფორმატში იტვირთება.

 

არასრულყოფილად გამოქვეყნებული ინფორმაცია

 

საქართველოში შექმნილია და მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილებების ელექტრონული ბაზა, თუმცა ამ ბაზაში საჯაროდ ჯერ-ჯერობით არ ქვეყნდება სისხლის სამართლის საქმეების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ამ რესურსის შეფასებისას სისხლის სამართლის საქმისწარმოებისათვის სასამართლო აქტების პარამეტრი შეფასდა 0 ქულით. 

ამის მსგავსად, საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტუმრებისა და ვიზიტორების შესახებ (სახელი, გვარი, სტუმრის პოზიცია, მიღების თარიღი, ხანგრძლივობა და ვის შეხვდა). საქართველომ კარგ პრაქტიკად შესაძლოა გამოიყენოს შეერთებული შტატების მაგალითი. კერძოდ, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია თეთრი სახლის ვიზიტორების რეესტრი. მონაცემთა ბაზაში მოცემულია სტუმრის სახელი, ვიზიტის დღეებისა და სტუმრების რაოდენობა, შეხვედრის ადგილი, ოთახი და ა.შ.


ჩვენს მიერ აგრეთვე შეფასდა საქართველოს ეროვნული არქივის ვებ-გვერდი. საარქივო ფონდების შემთხვევაში მოთხოვნილი შვიდი ტიპის ინფორმაციიდან აღმოჩნდა, რომ ვებ-გვერდზე იძებნება მხოლოდ სამი სახეობის მონაცემი (ფონდის სახელი, დაცული ინფორმაციის ქრონოლოგიური პერიოდი, შემთხვევების რაოდენობა).

უარყოფითი შედეგები

 

კვლევის მიხედვით, ცალკეულ ასპექტებში საქართველომ დაბალი შეფასება (0) მიიღო, რადგან შეფასების პარამეტრით გათვალისწინებული ინფორმაცია ჩვენს ინტერნეტ სივრცეში ვერ მოიძებნა. პირველ რიგში, არ არსებობს ერთიანი რესურსი, სადაც ხელმისაწვდომი იქნებოდა დისერტაციების ტექსტები.
ამასთან, დაინტერესებული პირისთვის შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა რაოდენობის გადასახადებს იხდიდნენ ცალკეული მოქალაქეები თუ ორგანიზაციები უკანასკნელი 2 წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ გადამხდელს საკუთარი ანგარიში გააჩნია შემოსავლების სამსახურის ონლაინ ვებ-გვერდზე და საშუალება აქვს მიიღოს მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო.
საქართველომ დაბალი შეფასება დაიმსახურა წარმომადგენლობითი ხარჯებისა და ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.


უარყოფით ტენდენციად შეფასდა ის გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით, ჟურნალისტებს ხელი არ მიუწვდებათ მთავრობის შეხვედრების სტენოგრაფიულ ჩანაწერებზე, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს დანაშაულის სტატისტიკის ონლაინ რუკა, სადაც განთავსებული იქნებოდა თითოეული დანაშაულის ადგილის, თარიღის და ტიპის შესახებ ინფორმაცია.


საქართველოში გამოწვევად რჩება ისეთი სახის ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ეხება, როგორც იურდიული, ასევე ფიზიკური პირების გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე საჯარო დაწესებულებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს დანაშაულის სტატისტიკის ელექტრონული ბაზა და არსებული მონაცემების არასრულყოფილი ფორმით ქვეყნდება ცალკეული უწყებების ვებ-გვერდებზე (შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქსტატი და სხვა). შესაბამისად ყველა ამ პარამეტრის შეფასებისას საქართველომ ვერ მიიღო მაღალი ქულები.


მარტივი არ აღმოჩნდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ (მაგალითად, თავდაცვა, ჯანდაცვა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) ინფორმაციის მოძიებაც, რადგან ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია PDF ფორმატში და მოითხოვს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის ყურადღებით გადახედვას და არ არის ადაპტირებული ჩვეულებრივ მოქალაქეზე.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

მონიტორინგის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი დასკვნის გაკეთება: 

  • საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა, საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრისთვის, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის ფუნდამენტური რეფორმების თვალსაზრისით;
  • კვლევის მიხედვით, პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით გამოწვევად რჩება მთავრობის სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერების, საგადასახადო პოლიტიკისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დაბალი სტანდარტი. არ არის სრულყოფილად უზრუნველყოფილი დანაშაულის სტატისტიკისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
  • კვლევის ფარგლებში მონაცემების ღია და დამუშავებად ფორმატში ხელმისაწვდომობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მეტყველებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ უზრუნველყოფაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დაბალ მაჩვენებელზე.

 

რეკომენდაციები:

  • იმისთვის რომ, გაიზარდოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, მთავრობამ უნდა იზრუნოს ელექტრონული მონაცემთა ბაზების შემუშავებაზე და გამოქვეყნებაზე. კერძოდ, დანაშაულის სტატისტიკა უნდა განახლდეს დროულად და საზოგადოებას უნდა წარმოედგინოს მონაცემები დანაშაულის ტიპის მიხედვით. დამატებით, დანაშაულის რუკის შექმნა უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მეტ გამჭვირვალობას;
  • გარდა ამისა, ყველა ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უნდა გამოქვეყნდეს ღია ფორმატში;
  • საგადასახადო ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა და ადგილობრივად დანერგოს თანამედროვე სტანდარტები;
  • მოსახლეობას უნდა ჰქონდეს უფრო დეტალური ინფორმაცია საარქივო დოკუმენტებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტების შესახებ;
  • უნდა გაიზარდოს და მაქსიმალურად დეტალური გახდეს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. კერძოდ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თითოეულ თანამდებობის პირზე ცალკეული ტიპის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ასეთი მიდგომა და მათი დანახარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელება, დაამკვიდრებს გამჭირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტებს;
  • ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, არა მხოლოდ ახალი ელექტრონული სერვისების შექმნაზე, არამედ უნდა გააუმჯობესონ და განაახლონ უკვე შექმნილი სერვისები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ღია და სტრუქტურირებულ ფორმატში (CSV, JSON ან XML), რაც მათი ავტომატური დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივი

ორგანიზაციის ექსპერტი: ლორენ ჰარპერი

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კვლევამ ინფორმაციის გამჭირვალობაზე, ცხადყო, რომ გარკვეული მიმართულებით აშშ მაღალ პოზიციებს იკავებს. თუმცა, არის სფეროები, რომლებიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებენ.

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საინტერესო მაგალითები

 

1. სასამართლო გადაწყვეტილებები - ონლაინ ხელმისაწვდომია სამივე ტიპის (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები) სასამართლო გადაწყვეტილებების ტექსტები.


2. ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის ქვედანაყოფების ვებ-გვერდებზე განთავსებულია დანაშაულის რუკა, სადაც ნაჩვენებია დანაშაულთა სტატისტიკა, თითოეული შემთხვევის ადგილისა და დროის დაკონკრეტებით. მაგალითისთვის იხილეთ ბმული.  

3. აშშ-ის უზენაესი სასამართლო აქვეყნებს მოსმენების აუდიო ჩანაწერებს.

4. საარქივო დოკუმენტების მოსაძებნად მოსახერხებელი რესურსია შექმნილი. მასზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საარქივო ფონდების, პერიოდების, საკითხების შესახებ.

 

რუსეთის ფედერაცია

 

კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების ფონდი

ორგანიზაციის ექსპერტი: მიხეილ კარიაგინი

 

რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებლო ორგანოებზე ჩატარებული კვლევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება ინფორმაციის ღიაობის თვალსაზრისით. რადგანაც მონიტორინგის პარამეტრები დაჯგუფებული იყო თემატურად, გამოაშკარავდა რომ ზოგიერთი პარამეტრის ინფორმაცია წარმოდგენილი იყო საკმაოდ კარგად (მაგალითად: ანტი-კორუფციული პარამეტრი - თანამდებობის პირების შემოსავლებისა და ქონების შესახებ), მაშინ როდესაც სხვა პარამეტრები ძალიან დაბალი ნიშნულით შეფასდა (მაგალითად, უძრავი ქონებისა და მათი მფლობელების შესახებ ჩანაწერები).


ზოგადად, რუსეთის ფედერაციის მონიტორინგის შედეგები პოზიტიური აღმოჩნდა, რამდენ მცირეა იმ პარამეტრთა რიცხვი, რაზეც ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.

 

საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების საინტერესო მაგალითები

 

1) რუსეთის ფედერაციაში ხელმისაწვდომია უძრავი ქონების ამსახველი რუკა. რესურსის გამოყენებას აადვილებს ის, რომ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საკადასტრო ნომრების, მისამართების, ან ზუსტი კოორდინატების მიხედვით.

 

2) საკანონმდებლო ორგანოს „დუმას“ მიერ განხორციელებული საქმიანობების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აქ ხელმისაწვდომია ინფორმაცია პარლამენტის კენჭისყრის შედეგების, დეპუტატების მიერ სხდომების დასწრების სტატისტიკური მონაცემების შესახებ და ასევე, განთავსებულია კანონპროექტების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შესახებ ცნობები.

 

3) სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ბრძანებების შესახებ. რესურსი მნიშვნელოვანია როგორც პოტენციური კონტრაქტორისთვის, რომელსაც შეუძლია მოძებნოს ინფორმაცია ყველა კონკურსზე ერთ ვებ-პორტალზე, ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგისა და გამჭვირვალობისთვის. თუმცა, პორტალზე არ თავსდება სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების ორიგინალი ტექსტები.


4) რუსეთის ფედერაციის მთავრობის წევრების შემოსავლების, გაწეული ხარჯების, საკუთრებისა და დავალიანებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ბოლო ფისკალური წლისთვის (2013 წელი, 1 იანვარი-31 დეკემბერი) ხელმისაწვდომია ონლაინ, მიბმულ დოკუმენტში.

 

 

 ბელორუსის რესპუბლიკა

 

კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია: «Lawtrend» - „სამართლებრივი ტრანსფორმაციის ცენტრი“.

ორგანიზაციის ექსპერტი: ანდრეი სუშკო

შეჯამება

 

2014 წლის ივნისის დასაწყისში სამართლებრივი ტრანსფორმაციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა სამთავრობო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის შესახებ. კვლევამ ინფორმაციის ღიაობის მიმართულებით მეტად ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. ამგვარი შედეგები შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ვიწროა იმ საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელთა ონლაინ გამოქვეყნება საჯარო უწყებებს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ევალებათ.


გარდა ამისა, ბელორუსში დანერგილია რამდენიმე ელექტრონული სერვისი, თუმცა უმეტეს მონაცემთა ბაზაზე (ნუსხები, რეესტრები), მათ შორის სახელმწიფო საკანონმდებლო ელ-ბაზაზე, ინფორმაციის მოპოვება ფასიანია და ამიტომაც შეუძლებელია მას „ღია“ ეწოდოს. მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნების ამგვარი მიდგომა ამცირებს მთავრობის ღიაობას.
ამის მიუხედავად, საჯარო მონაცემების პროაქტიულად განთავსების რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც დაფიქსირდა.

 

 

ყველაზე სრულყოფილად წარმოდგენილი პარამეტრები

 

გადახდილი გადასახადების საერთო რაოდენობა:
ფიზიკური პირების, ასევე, ორგანიზაციების მიერ გადახდილი გადასახადების საერთო რაოდენობა ქვეყნდება ფინანასთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ყოველთვიური და წლიური საბიუჯეტო ანგარიშის ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავენ სხვადასხვა სახის გადასახადების შესახებ ინფორმაციას. თუმცა გამოქვეყნებული მონაცემები ჩაშლილი არ არის რეგიონის ან სუბიექტის მიხედვით (ფიზიკური და იურიდიული პირები).

 

საკანონმდებლო აქტები:
ბელორუსის რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ეროვნული რეესტრი (შემდეგში მოხსენიებული როგორც ეროვნული რეესტრი) არსებობს 1999 წლის 1 იანვრიდან. იგი 1998 წლის 20 ივლისს მიღებული პრეზიდენტის #369 დადგენილების შესაბამისად შეიქმნა. ეროვნული რეესტრის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ბელორუსის ეროვნული საკანონმდებლო ვებ-პორტალის მეშვეობით. ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი ნორმატიული აქტი გამოქვეყნებულია PDF ფორმატში. ასევე, არსებობს ელექტრონული მონაცემთა ბაზა Etalon, რომელიც ფასიანია და მასზე ხელმისაწვდომია საკანონმდებლო აქტების საბოლოო ვარიანტები (ჩასწორებებთან ერთად), ასევე, უზრუნველყოფილია გაფართოებული საძიებო სისტემა.


სახელმწიფო შესყიდვები:
სახელმწიფო შესყიდვების გეგმების, პროცედურებისა და შედეგების გაცნობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიძლება. თუმცა პორტალს გარკვეული ხარვეზები გააჩნია. მაგალითად: შეუძლებელია შესყიდვებთან დაკავშირებული გაფორმებული კონტრაქტის მოძიება საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით. ასევე, ხშირ შემთხვევაში მითითებული არ არის დოკუმენტაციის ჩაბარების/ტენდერების დაწყებისა და დასრულების თარიღები.

 

ბელორუსის საკადასტრო რუკა:
2014 წლის აპრილში ეროვნულმა საკადასტრო სააგენტომ შექმნა ბელორუსის საზოგადოებრივი საკადასტრო რუკა. მასზე მოცემული იყო ინფორმაცია რეესტრებიდან და სახელმწიფო მიწის კადასტრების ნუსხიდან.

 

დასკვნა

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა თუ რა ტიპის ინფორმაცია იყო ნაკლებად ხელმისაწვდომი ოთხივე ქვეყანაში:

  • ინფორმაცია ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ: არცერთ მონაწილე ქვეყნის ინტერნეტ ვებ-გვერდებზე არ იყო ინფორმაცია ფიზიკური და იურდიული პირის მიერ გადახდილი გადასახადების რაოდენობის შესახებ. როგორც წესი, მოცემული იყო მხოლოდ ინფორმაცია ფიზიკური პირების მიერ გარკვეულ პერიოდში გადახდილი გადასახადების ჯამური ოდენობის შესახებ.
  • აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტრო) მიერ ოფიციალური ღონისძიებებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დახარჯული თანხის ოდენობა.
  • სადისერტაციო ნაშრომების სრული ტექსტების მოძიება მათი ავტორების სახელისა და გვარის მეშვეობით.
  • იურდიული პირების მოძებნა მეწილეების მეშვეობით: ამგვარი რესურსი პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.
    დადებითი პრაქტიკის თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაში იყო ცალკეული ტიპის ინფორმაცია პროაქტიულად გამოქვეყნებული:

 

მხოლოდ აშშ-ში:

  • სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა;
  • წლის განმავლობაში პოლიციის ქვედანაყოფის ნომრის მითითებით იმ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის მოძებნის შესაძლებლობა;
  • პოლიციის დანაყოფების უმეტესობის ვებ-გვერდებზე მოცემულია დანაშაულის ადგილი (მათ შორის ქუჩა), დრო და ტიპი.

 

მხოლოდ საქართველოში:

  • ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება მფლობელის სახელისა და გვარის მითითებით (იურდიული პირების სრული სახელის მითითებით)
  • თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა პოზიციის ან სახელისა და გვარის მითითებით.
  • თანამდებობის პირების მეუღლეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა თანამდებობის პირის პოზიციის ან სახელისა და გვარის მითითებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024