კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 დეკემბერი 2017

მსოფლიოს მასშტაბით, 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ეს დღე მნიშვნელოვანია კორუფციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრისთვის ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვისთვის. IDFI მონაწილეობს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების და მისი მონიტორინგის პროცესში და გთავაზობთ რამდენიმე საკითხის მიმოხილვას, რომელზეც 2017 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ დაბალი დონის კორუფციის და წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრის მიმართულებით მიაღწია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის მიერ საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის მეოთხე რაუნდის 2016 წლის ანგარიშის მეირ აღნიშნულია, რომ სხვა განვითარებული სახელმწიფოების მსგავსად, მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი დონის (ელიტური) კორუფცია. ამისათვის, ანგარიშში მოცემულია რამდენიმე მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც შემუშავებულია შეფასებები და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის პრევენცია, კორუფციის შესახებ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების აღსრულება.


OECD-ს მონიტორინგის ანგარიშისგან განსხვავებით, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GღEჩO) მონიტორინგის მეოთხე რაუნდის ანგარიში შეიცავს წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებს - კორუფციის პრევენცია საკანონმდებლო ხელისუფლებაში, კორუფციის პრევენცია სასამართლო სისტემაში და კორუფციის პრევენცია პროკურატურის სისტემაში. ამ მიმართულებების მონიტორინგის შედეგად მოცემულია სამომავლოდ გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, რომელთა შესახებ IDFI 2017 წლის განმავლობაში წერდა.


იქიდან გამომდინარე, რომ IDFI აცნობიერებს მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს, 2017 წელს ორგანიზაციის მიერ შემუშავებული იყო პოლიტიკის დოკუმენტი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია ის გარემოებები რაც განაპირობებს ასეთი ტიპის დამოუკიდებელი დაწესებულების შექმნის საჭიროებას. დოკუმენტში მოცემული ძირითადი რეკომენდაციებია:

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა;
  • სამსახურის ფუნქციებად განისაზღვროს კორუფციის პრევენცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი და კორუფციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

2017 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქცია, რომელიც სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავდა. მონიტორინგის ამ სისტემის შექმნა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით. IDFI ასევე აქტიურად იყო ჩართული სისტემის ჩამოყალიბების ზედამხედველობაში და წარმოადგინა შეფასება სისტემის გაუმჯობესებისთვის. მონიტორინგის სისტემა პირველად 2017 წელს ამოქმედდა და IDFI მომავალშიც გეგმავს მონიტორინგის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.


ტრადიციულად, IDFI მონაწილეობდა 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, რომელთაგან რამდენიმე შეთავაზება წარმატებით აისახა სამოქმედო გეგმაში. IDFI-ს რეკომენდაციები წარმოდგენილი იყო სამოქმედო გეგმის 15 პრიორიტეტულ მიმართულებაზე და მოიცავდა როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესებას, ისე კორუფციის პრევენციას ჯანდაცვის, თავდაცვის და სამართალდამცავ სფეროებში და ა.შ. გარდა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისა, IDFI სისტემატიურად მონაწილეობს სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესში და წარმოადგენს შეფასებებს გასული და მიმდინარე სამოქმედო გეგმების ვალდებულებების შესრულების შესახებ.


2017 წლის განმავლობაში IDFI ეწეოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის ადვოკატირებას, რომელის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად შემუშავდა. პოლიტიკის დოკუმენტში აღწერილია ის გამოწვევები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებში კორუფციის მაღალ რისკს ქმნის და ამავდროულად შემოთავაზებულია მართვის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რეკომენდაციების ადვოკატირებისთვის IDFI-მ და საია-მ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე თემატურ შეხვედრაში, სადაც მოხდა პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა.


ტრეინინგისა და კონსულტაციების ცენტრთან (ctc) და მმართველობის სისტემების განვითარების ცენტრთან (MSDC) ერთად და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, IDFI-მ 2017 წელს შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, სადაც შეფასებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი, წინასწარ შედგენილი ერთიანი მეთოდოლოგიის მიხედვით. ვინაიდან გამჭვირვალობა და მოქალაქეთა მონაწილეობა კორუფციის პრევენციისათვის აუცილებელი ფაქტორებია, IDFI და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რათა ადგილობრივ დონეზე მმართველობა უფრო ღია და მონაწილეობითი გახდეს.


2017 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თვალსაზრისით, რადგან ოქტომბერში საქართველო ერთი წლით გახდა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც მან საფრანგეთისგან გადმოიბარა. 2018 წელს საქართველომ უნდა უხელმძღვანელოს პარტნიორობას და განახორციელოს ღონისძიებები გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კორუფციასთან ბრძოლის, კეთილსინდისიერების, სახელმწიფო სერვისების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებისთვის. IDFI მონაწილეობდა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მსგავსად, წარმოადგინა სარეკომენდაციო ვალდებულებები, რომელთა ნაწილით წარმატებით აისახა სამოქმედო გეგმაში.


ანტიკორუფცული პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და მისი შესრულების მონიტორინგი IDFI-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კორუფციის პრევენციის ხელშეწყობისთვის, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებთან და ახორციელებს კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს. იმისათვის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური იყოს, აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024