გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამის "საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2 აპრილს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში გაიმართა, ინტერფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან პარლამენტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, გუგული მაღრაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი. ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია შეიმუშავოს „საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ და ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობას „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ინიციატივაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი.
ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან შემდეგი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები: ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ჯამპსტარტ საქართველო, მსოფლიო ბანკი, ევროპის საბჭო, მსოფლიო ბანკი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება გამჭვირვალობის, მოქალაქეების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრია 2011 წლიდან. 2014 წელს საქართველოს გახდა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. OGP-ის ახალი მიმართულებაა საკანონმდებლო ღიაობა. საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან ექსპერტულ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.
2 აპრილს, პარლამენტის სასახლეში გამართული შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ინტერფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაწყების ორგანიზება და სამომავლო შეხვედრების დაგეგმვა.
შეხვედრას თავმჯდომარეობდა ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტში შემდგომი ღიაობის იმპლემენტაციის აუცილებლობას და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში პარლამენტის როლის გაზრდის საჭიროებას.
შეხვედრაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გამართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის შესახებ პრეზენტაცია, სადაც განიხილა საპარლამენტო ღიაობის საკითხები, სამომავლო ამოცანები და საპარლამენტო ღიაობის საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, ხაზი გაუსვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მზაობას, რომ დაეხმარონ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
სხდომის დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა დაასახელა სარედაქციო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ იმუშავებს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სარედაქციო ჯგუფის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ჩართულები იქნებიან ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინტეფრაქციული, სარედაქციო და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად (IDFI).
უახლოეს მომავალში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება ინტერფრაქციულ ჯგუფსა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში მოწვეულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
იხილეთ ფოტოალბომი