„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წლიურ სამიტზე, ლონდონში, ინიციატივის ოცდაჩვიდმეტმა მონაწილემ წარმოადგინა OGP-ის ფარგლებში გეგმები საკუთარი ქვეყნის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის შემდგომი განვითარებისთვის. ახალი ინიციატივები რამდენიმე სხვადასხვა სფეროს ეხება: ახალი საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება, ფინანსური გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
საქართველო იყო ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც წარმოადგინეს გეგმები შემდგომი წლებისთვის. 2013 წლის 8 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის სამდივნოს მინისტრმა, ფრენსის მოდმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა იმ განცხადების მოკლე შინაარსს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გააკეთებდა სამიტის დასასრულს. პასუხში ძირითადი ყურადღება დაეთმო საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობისა და ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის შემდგომ განვითარებას, რაც იყო 2012-2013 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი იმპლემენტაცია სრულად ვერ მოესწრო.
2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობა. საქართველოს მთავრობას სურს დამატებით განავითაროს ეს სფერო, და ამ მიზნით გეგმავს data.gov.ge პორტალის სრულ იმპლემენტაციას. ამ პორტალზე მოქალაქეებს ექნებათ პირდაპირი წვდომა სხვადასხვა დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზასთან, იქვე შეეძლებათ ელექტრონული ფორმით გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია. თეა წულუკიანის თქმით, პორტალი თავს მოუყრის საჯარო ინფორმაციას კონტენტის, და არა დაწესებულებების მიხედვით.
ვებ-გვერდი 2014 წელს ამოქმედდება. მასზე განთავსებული იქნება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის ინტეგრირებული სისტემა. ასევე, ჩატარდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის მიზანი იქნება მოქალაქეებისთვის პორტალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.