2022 წლის 10 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ათასწლეულის სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს თემაზე - „საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.
აღნიშნულ შეხვედრას 40-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო. საუბარი, ძირითადად, შეეხო რუსულ მასობრივ დეზინფორმაციას, გაყალბებული ისტორიული ნარატივების გამოყენებას რუსეთის იმპერიალისტური მიზნების გასამართლებლად და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენციებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით არა მხოლოდ კრემლის, არამედ საქართველოში მოქმედი მავნე აქტორების მიერ.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს სიტყვით მიმართა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მან დამსწრეებს გააცნო IDFI-ის მუშაობა და მიმართულებები, ისაუბრა რუსული დეზინფორმაციის გავლენებსა და შედეგებზე მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით. დასასრულს კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა თაობის ჩართულობასა და ინტერესს საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ.
IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ მოსწავლეებთან პრეზენტაცია გამართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისთვისაც დიდი გამოწვევაა ბოლო დროს გააქტიურებული, ანტიდასავლური გზავნილებით და ყალბი ამბებით გაჯერებული კრემლის პროპაგანდა. მან ისაუბრა უკრაინაში განხორციელებულ რუსულ სცენარზე და პარალელი გაავლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან, რომელთან მიმართებითაც, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს დაარწმუნოს როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკურ ნიადაგზე და მოსახლეობის „დასაცავად“ რუსეთი იძულებული გახდა საქართველოში “მშვიდობის იძულებისთვის” შემოსულიყო.
გიორგი კლდიაშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ შეხვედრაზე პარალელი გაავლეს ისტორიულ მოვლენებთან, რომლითაც რუსეთის ფედერაცია საკუთარ აგრესიას ამართლებდა და ამართლებს. ისაუბრეს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის და მისი ლიდერის მისწრაფებებზე - კვლავ გავლენის სფეროში მოაქციოს სსრკ-ის ყოფილი “მოკავშირე სახელმწიფოები” და არ მისცეს მათ თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა.
ათასწლეულის სკოლაში შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები თუ მოსაზრებები ღიად დაეფიქსირებინათ და გაემართათ დისკუსია IDFI-ის წარმომადგენლებთან ერთად.
_____
ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.