დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა 6 ნოემბერი 2020

 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხსა და შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

 

საქართველომ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში კორუფცია, რომელიც დაკავშირებული მაღალი თანამდებობის პირებთან, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია, კორუფციასთან ბრძოლის არსებული სისტემის რეფორმირება, რამდენადაც ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვლავ არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია, რომ 2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა და ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის ნეგატიურ ტენდენციებზე და მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალი დონის (ე.წ. „ელიტური“) კორუფცია სახელდება.

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინიციატივების პლატფორმებით სარგებლობა, სადაც საქართველოს, გარდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა, შეუძლია იტვირთოს კონკრეტულ სფეროში ცვლილებების განხორციელების ვალდებულება.

 

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების და რეფორმების გატარების საერთაშორისო პლატფორმაა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომლის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მათთან ერთად თანხმდებიან განსახორციელებელ ვალდებულებაზე. ღია მმართველობის პარტნიორობა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას რეფორმებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას; სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ანტიკორუფციული ვალდებულებები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს:

 

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,

ღიაობის დაცვა სახელმწიფო შესყიდვების სექტორში,

პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად  წარმართვა.

 

ამავდროულად, ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნები საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის შემცირების, კორუფციის აღმოფხვრისა და ეთიკის ქცევის წესების დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა ზომებს მიმართავენ. კერძოდ, მონტენეგროს 2012 წლის OGP-ის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი უწყების შექმნას ეთიკის კოდექსის დანერგვის მიზნით. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შევლენ საჯარო უწყებაში დასაქმებული პირები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. საბჭო უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დანერგვას საჯარო სექტორში, ორგანიზებას გაუწევს ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციებში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების აღმოჩენის მიზნით.

 

სერბეთის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არსებული ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებების გაზრდას და პასუხისმგებლობების დეტალიზაციას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებისა და მაღალი თანამდებობის პირების ქონებისა და შემოსავლის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი სააგენტოების არსებობა, როგორც წესი, დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-სოციალისტური სახელმწიფოებისთვის, სადაც კორუფციის რისკები მაღალია და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიული წყობილებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მაგალითად, უკრაინაში შექმნილია სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო (NABU), რომლის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საბჭო. ამავდროულად, უკრაინის ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის მიზნით ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კორუფცია დღემდე რჩება გამოწვევად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია პრობლემების აღმოფხვრისკენ და სახელმწიფო და კერძო სექტორში მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოების შექმნის მაგალითები უფრო ხშირია პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში, თუმცა დასავლეთ ევროპაშიც გვხვდება კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციონალური მაგალითები. ამ მხრივ აღსანიშნავია გაერთიანებული სამეფოს მაგალითი, სადაც მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში შექმნილია ანტი-კორუფციული სამსახური, რომლის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ხელს უწყობს სამსახურის დამოუკიდებლობას.

 

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა გარკვეულწილად ითვალისწინებდა არსებული ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას, თუმცა, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღიარებენ, რომ აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, რის შემადგენელი ნაწილიც არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევები მიუთითებს ასეთი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე. ამავდროულად, IDFI, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები პერმანენტულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. როგორც საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმების მახასიათებლებია დამოუკიდებლობა, დეტალურად განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები და კონტროლის განხორციელება მაღალი თანამდებობის პირების ინტერესთა კონფლიქტზე. შესაბამისად, ასეთი ანტიკორუფციული მექანიზმის განვითარება დამოკიდებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ისეთი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობას და ეფექტიან საქმიანობას.

 

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023