საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა და ბიუროკრატია

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 2 აგვისტო 2022

ბიუროკრატიული სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს სახელმწიფო სექტორში არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა წარმოადგენს. ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საჯარო სექტორში ადეკვატური და სამართლიანი შრომის ანაზღაურების არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას.

 

საჯარო სექტორში შრომის ადეკვატური ანაზღაურების არსებობა ანტიკორუფციული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, ის უზრუნველყოფს კერძო სექტორთან კონკურენციას და კვალიფიციური კადრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

 

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემის გარკვეულ მოწესრიგებას  ხელი შეუწყო 2018 წლიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამ. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა. ახალი კანონის პირობებში, პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შრომის ანაზღაურების სამართლიანი სისტემის ფორმირების პროცესში, გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა. აღნიშნული სისტემით დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის მოსამსახურეებისთვის/თანამდებობის პირებისთვის გასაცემი სარგოს კოეფიციენტები და მათი ზღვრული ოდენობები. თანამდებობათა იერარქიების მიხედვით განსაზღვრული კოეფიციენტის კატეგორიის მინიჭებას დასაქმებულ პირზე უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მრავლდება საბაზო თანამდებობრივ სარგოზე და აისახება საშტატო ნუსხაში.

 

2018 წლის შემდეგ, IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ახალი კანონის მოქმედების პირობებშიც თანამდებობის პირების უმეტესობას, თანამდებობრივი სარგოს სახით შეუნარჩუნდათ იმ ოდენობის შრომის ანაზღაურება, რაც წლების განმავლობაში გაიცემოდა ქაოტური სახელფასო პოლიტიკის პირობებში. ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდა მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე. მაგალითად, შსს-ის სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლებზე, ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე და სხვა.

 

2018 წელს, ახალი კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1,000 ლარის ოდენობით, რომელიც 2022 წლამდე არ შეცვლილა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო სარგო 10%-ით გაიზარდა და 1,100 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილების წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა,   მთავარ არგუმენტად კერძო სექტორთან შედარებით საჯარო სექტორში არსებული ხელფასების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაასახელა, რაც საფრთხეს უქმნიდა კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდებოდა, ხოლო 2022 წლის 1 ივლისამდე ჩამოყალიბდებოდა ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდებოდა საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა. 2022 წლის 18 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, რომ მთავრობის სხდომაზე განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები რომლის მიხედვით დარეგულირდებოდა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა. კერძოდ, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდებოდა დაახლოებით 10%-ით, ხოლო 2026 წლის შემდეგ კერძო სექტორში ხელფასების ზრდის პროპორციულად.   

 

წინამდებარე კვლევაში საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მიმოხილულია საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების ხარჯების პრაქტიკა. ამასთან, შეფასებულია საჯარო სექტორში დაგეგმილი ხელფასების ზრდის მიზანშეწონილობა და მისი გავლენა  ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთზე.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2026 წლამდე საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელია 2.55 მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 900 მილიონი ლარით (55%-ით) აღემატება 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს.

 

- საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის შედეგად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2%-ით გაიზრდება.

 

- 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

- დაქირავებით დასაქმებულებში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2021 წელს 36%-ს მიაღწია, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

- 2018-2021 წლებში, უცვლელი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა. მაგალითად, 2021 წელს წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

 

- 2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც  წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. მსგავსი ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

 

- 2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს.

 

- 2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

 

- მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები, ხელმისაწვდომია მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდში მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 61,401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში 37,142 თანამშრომელი.

 

დასკვნა/რეკომენდაციები

 

საჯარო სექტორში, 2022 წლიდან დაგეგმილი ხელფასების ზრდა მნიშვნელოვან სახელმწიფო რესურსს მოითხოვს, რაც წარმოშობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთის ზრდის აუცილებლობას.  

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება.

 

ბიუროკრატიული აპარატის არსებული ზომის შენარჩუნების პირობებში ხელისუფლების მიერ დაანონსებული  საჯარო სექტორის ხელფასების ყოველწლიური ზრდა, აჩენს ეჭვებს საჯარო სექტორის ლოიალურობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით. ბიუროკრატიული აპარატის მონაცემების ანალიზის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალი მაჩვენებლები და ამ უწყებებში დასაქმებულ პირთა ზრდის ტენდენცია. ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა და მათი ანაზღაურების ყოველწლიურად მზარდი ხარჯები. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში დაგეგმილი ხელფასების ზრდით მოსალოდნელი  ბიუჯეტის ტვირთის შემსუბუქებისათვის  და  სახელფასო ზრდის სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების გათვალისწინება:

 

- საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა განხორციელდეს იმ ზღვრული მოცულობით, რაც არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთის ზრდას. მათ შორის განხილულ იქნას ბიუროკრატიული აპარატის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, თანხების გამოთავისუფლების შესაძლებლობები.

 

- საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდოს  შრომის ბაზრის დეტალური შესწავლით გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით და არა ყველა დასაქმებულზე თანაბარი პროპორციულობით.  აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, განხილულ იქნას საბაზისო სარგოსთან ერთად,  კონკრეტული უწყებების დონეზე განსაზღვრული კოეფიციენტების / ყოველთვიური სარგოების შესატყვისი ცვლილებების  შესაძლებლობები. 

 

- საქართველოს ხელისუფლებამ (როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე) უზრუნველყოს ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს  სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალ მაჩვენებლებს, ხელშეკრულებით დასაქმების არსებულ პრაქტიკას და სხვა.

 

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაააქტიუროს საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგი,  მისი სათანადო ოპტიმიზაციის დონის მიღწევამდე.

 

 

/public/upload/00_studies/745634657623453456.pdf

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024