თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი (2017-2018 წლები)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 28 სექტემბერი 2018

წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე არსებული არასრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები.


საჯარო დაწესებულებებში არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა უსამართლობისა და მიკერძოებულობის განცდას იწვევდა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

 

- პრემიებისა და სახელფასო დანამატების უკონტროლო გაცემის ხარჯზე სხვადასხვა დაწესებულებაში იდენტური თანამდებობისათვის მნიშვნელოვნად განსხვავებული ოდენობის შრომის ანაზღაურების არსებობა;


- უკონტროლო პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯზე კონკრეტულ პოზიციებზე გაცემული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შეუსაბამობა მისი ზემდგომი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებასთან;


- საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელი პრემიების და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.


არსებული შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება საჭიროებდა საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და კანონმდებლობით აღნიშნული საკითხის დეტალურ რეგულირებას. 2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა. ახალი კანონის პირობებში, პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შრომის ანაზღაურების სამართლიანი სისტემის ფორმირების პროცესში, გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა. ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდა მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე.


წინამდებარე კვლევის მიზანია, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღების შედეგად, თანამდებობის პირების სახელფასო პოლიტიკაში არსებული ტენდენციების ანალიზი. ამ მიზნით, IDFI-მ შეისწავლა 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი სსიპ-ები) მიღებული საჯარო ინფორმაცია ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი საშტატო ნუსხების და თანამდებობის პირებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ. სამწუხაროდ, კვლევას ართულებდა ცალკეული უწყებების მიერ IDFI-ის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება ან არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება. ამასთან, კვლევის პერიოდში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საშტატო ნუსხების და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ხელმისაწვდომობა. მიუხედავად შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული გარკვეული პრობლემებისა, ჩვენს მიერ მოპოვებული და დამუშავებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის გავლენა თანამდებობის პირების ხელფასების ოდენობაზე.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საჯარო დაწესებულებების 2018 წლის საშტატო ნუსხების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალმა კანონმა ვერ დანერგა თანამდებობათა იერარქიის შესატყვისი ყოველთვიური სარგოების განსაზღვრის პრაქტიკა;

 

- სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების შემთხვევაში, ახალი კანონის პირობებშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის ყოველთვიური სარგო აღემატება ზემდგომი თანამდებობის პირის ყოველთვიურ სარგოს;

 

- თანამდებობის პირთა უმრავლესობას, შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრათ დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე იღებდნენ ჯამურად სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით;

 

- სამინისტროებს დაქვემდებარებული თუ სხვა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების სიდიდეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უწყების საქმიანობით მიღებული საკუთარი შემოსავლები;

 

- შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ უწყებებზე, (სახელმწიფო კომპანიები, მარეგულირებელი კომისიები და სხვა) რომელთა ხელმძღვანელი პირები საჯარო სექტორში ყველაზე მაღალ შრომის ანაზღაურებას იღებენ;

 

- ცალკეული საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/general/income_analyses_of_the_high_ranking_officials_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023