ქალაქების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება და საქართველო

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 14 ივლისი 2017

 

ესეს ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ედიშერ ბაღათურია და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

---------- 

 

რა ნიშნავს ქალაქი და მისი მდგრადი ურბანული განვითარება?

 

სულხან-საბა ორბელიანი ,,სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს ქალაქს: ,,თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელდების, ვინათგან კაცი ერთ ჴმა ეყოფის თავსა თვისსა, არამედ რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ“. მართლაც, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები მიისწრაფოდნენ ქალაქებისკენ, რათა საერთო  თანაცხოვრებისა და თანაარსებობის პირობებში ინდივიდუალური  თუ ჯგუფური/საერთო/საზოგადოებრივი მიზნებისთვის მიეღწიათ. ქალაქი მუდამ იყო სხვადასხვა იდეების, ცოდნისა და გამოცდილებების თავმოყრის ადგილი, რომელიც იზიდავდა განსხვავებული მისწრაფებების, ინტერესებისა და სოციალურ-კულტურული ნიშნის ადამიანებს და ამასთან აყალიბებდა სპეციფიკურად ქალაქურ ღირებულებებს, აზროვნებისა და ქცევის ნორმებს. 

 

ქალაქების წარმოშობამ და თითქმის ერთდროულად, მათში ეკოლოგიური პრობლემების გაჩენამ, მოითხოვა კომპლექსურ ღონისძიებათა ჩატარება და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც საქალაქო გარემოს ბუნებრივი ელემენტების დაცვისა და გარემოზე ადმიანების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისკენ იყო მიმართული. ქალაქებისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ამგვარი ღონისძიებების მასშტაბებიც.


ქალაქმშენებლობაში ხელსაყრელი ბუნებრივი გარემოს შერჩევის, ეფექტური დაგეგმარების, ეკოლოგიური უსაფრთხოების და სწორი ურბანული მენეჯმენტის საკითხებს სხვადასხვა არქიტექტორ-თეორეტიკოსი თუ ინჟინერი შეეხო ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან. თუმცა ქალაქმშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 1920-30-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ჩამოყალიბდა ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომლებმაც დიდწილად განსაზღვრეს თანამედროვე ქალაქებისა და დასახლებების განვითარების ძირითადი თემები.

 

უკვე 1987 წელს, გაეროს გარემოს დაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ტერმინი ,,მდგრადი განვითარება“ საყოველთაოდ აღიარებული გახდა. მდგრადი განვითარება ქალაქების ისეთი მოდელის შექმნას გულისხმობს, რომელიც ახლანდელი თაობის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს ისეთნაირად დააკმაყოფილებს, რომ ამის შედეგად არ მოხდება მომავალი თაობების მოთხოვნილებების იგნორირება. მდგრადობა ქალაქგანვითარებაში ასევე აღნიშნავს მიდგომას, რომლის უმთავრესი ამოსავალი  წერტილი ადამიანია და თითოეული მოქალაქისა და სტუმრისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს, ღირსეული საცხოვრისის და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში ვითარდება ,,ინკლუზიური ქალაქის“ შექმნის კონცეფცია და ინერგება პრაქტიკა, როდესაც ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა საქალაქო რესურსით, მიიღოს მონაწილეობა ქალაქის დაგეგმარებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. წინ გამოდის ,,მწვანე ქალაქის“, ,,კრეატიული ქალაქისა“ და ,,გონიერი ქალაქის“ იდეები, რაც ენერგორესურსების დაზოგვაზე, გამწვანებული და ბუნებრივად/ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, მოსახლეობის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, მათ შემოქმედებითობისა და ინოვაციურობის ხელშეწყობაზე არის ორიენტირებული. ამ მხრივ საინტერესოა, კომპანია ,,ფილიპსის“ მიერ 2010 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევა, რომლის მიზანი იყო შეესწავლა, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას თავიანთ საცხოვრებელ გარემოში და როგორ შეიძლება ქალაქები ერთობლივი ძალისხმევით საცხოვრებლად უფრო ,,ვარგისიანები“ (livable) გახდნენ. კვლევის საბოლოო დასკვნაა, რომ ამის მიღწევა ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის უპრეცენდენტო თანამშრომლობით შეიძლება, რათა მოხდეს არსებული გარემო პირობების გაუმჯობესება და მოსალოდნელი გარემოს კრიზისის თავიდან არიდება.  

 

ქალაქების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება და საქართველო

 

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ისტორიულად ქართველებისთვის სოფელს უფრო მეტი მნიშვნელობა ქონდა ვიდრე ქალაქს, თუმცა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ქალაქის მოსახლეობამ ინტენსიური ზრდა დაიწყო და უკანასკნელი აღწერით ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 57% შეადგინა (სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი უახლოს მომავალში კიდევ გაიზრდება).


რეგულარულ ქალაქგეგმარებასთან, ეკოლოგიასთან, დამოუკიდებელ თვითმმართველობასთან და ა. შ. დაკავშირებული საკითხები საქართველოში XIX საუკუნეში შემოვიდა და გარკვეულწილად უკავშირდება ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ჰუმანური და ადამიანზე მორგებული იყო საბჭოთა ქალაქგეგმარებითი პრაქტიკაც. მაგალითად, ამ პერიოდის სოციალისტური ქალაქთმშენებლობის მკვეთრად გამოხატული მახასიათებლებია საქალაქო ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება და რაციონალურად განთავსებული ფუნქციური ზონების შექმნა, რის გარეშეც ნორმალური გეგმარება ქალაქების სწრაფი ზრდის პირობებში შეუძლებელი გახდა; 1934 წლის თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში ეკოლოგიური შემადგენელის გათვალიწინებას უდიდესი ყურადღება დაეთმო; ასევე თბილისი იყო პირველი ქალაქი საბჭოთა კავშირში, რომლის გენგეგმამაც გაითვალისწინა გეგმარების ზემოქმედება თბილისის მიკროკლიმატურ ცვლილებებზე. აღნიშნული პერიოდი საინტერესოა იმითაც, რომ თბილისის პარალელურად, გენერალური გეგმები მუშავდებოდა საქართველოს მთელი რიგი ქალაქებისთვის (ქუთაისი, ბათუმი, გორი, ცხინვალი).


1990-იანი წლების შემდგომ საქართველოს ქალაქები (მდგრადი განვითარების კონცეფციის თითქმის ყველა კომპონენტის ჩათვლით) მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს პრობლემები მჭიდროდ იყო/არის დაკავშირებული ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

 

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის აშკარა დამახასიათებელი გახდა მკვეთრი რადიკალიზმი, უკიდურესობები, რაც ქალაქგანვითარების არაერთ სფეროშიც გამოვლინდა. კერძოდ, თუ კომუნისტური რეჟიმის ქალაქმშენებლობისთვის დამახასიათებელი იყო მკაცრი დაგეგმარება და სისტემური რეგულაციები ზემდგომი ორგანოებიდან, 90-იანი წლებიდან, პირიქით, ის ძალიან ,,მოშვებული“, ქაოტური და დაუგეგმავი გახდა. ახალ სისტემაზე მოუმზადებელი გადასვლა პირველ რიგში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გარეშე განვითარებაში, მუნიციპალური მთავრობების მიერ მიწების უკანონო/დაურეგულირებელ გაყიდვებში, მშენებლობების კანონის დარღვევით გაცემულ ნებართვებში, საჯარო სივრცეების მასიურად ათვისების მცდელობებში, თბილისის კულტურული ძეგლების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებში და ა. შ. გამოვლინდა. თბილისი, საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, აღმოჩნდა სოციალურ-სივრცითი გარემოს მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე, რის ერთ-ერთი გამოხატულება ასევე გახდა ,,ფოლკლორული არქიტექტურა“ - უკანონო მინაშენები საცხოვრებელ კორპუსებზე და გარე ვაჭრობები, რომელიც ხელისუფლებამ ოფიციალურად დაუშვა და შემდგომში მისი აღკვეთა ძალიან ძნელი გახდა.


დღევანდელი საქართველოს ქალაქებზე საუბრისას ცალკე აღნიშვნის ღირსია გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც თბილისის მთავარი სამდინარო არტერიის - მტკვრის ანტისანიტარიას, ჰაერის დაბინძურებას და ქალაქში მწვანე გარემოს (ხელოვნური პარკები, სკვერები, რეკრეაციული ზონა) ფართობის კრიტიკულად შემცირებას ეხება. უკანასკნელი მონაცემებით, თბილისში, ერთ სულ მოსახლეზე 3 მ2 მწვანე საფარი მოდის, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამწვანების კოეფიციენტი მინიმუმ 9 მ2 უნდა იყოს.

 

სამწუხაროა, რომ უკანასკნელ ათწლეულებში ასევე დავიწყებულ იქნა ქალაქგანვითარების მხატვრული მხარე – ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი, სადაც წარმოსახვას და კრეატიულ აზროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს ჩამოყალიბებაში. თუ ადრე შეიძლებოდა გვესაუბრა ურბანული გარემოს ფორმირების პროცესში რაღაც არამატერიალურ ღირებულებებზე, ახლა მიღებულია უძრავი ქონების - მიწისა თუ შენობა ნაგებობის ფასებზე მსჯელობა ანუ ურბან-მენეჯმენტში ფისკალური ინტერესები უფრო დომინირებს, ვიდრე მოქალაქეების ინტერესები. შედეგად ქალაქის სივრცის მიმართ ტექნოკრატიული, ე.წ. ,,ბულდოზერულ“ დამოკიდებულება იკვეთება, რომელიც არ ეფუძნება ჰუმანიტარულ და აკადემიურ მიდგომებსა და ხედვებს.


მისასალმებელია, რომ საქართველოში ბოლო წლებში მოიმატა ქალაქური პრობლემატიკით, ურბანისტული საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისა და ორგანიზაციების რაოდენობამ. თუმცა, პროფესიონალი ურბანისტებისა და ქალაქმგეგმარებლების რიცხვი ქვეყანაში მაინც მცირეა. გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და მმართველი რგოლის არაეფექტურობის გარდა, ჯანსაღ ქალაქგანვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობის ინდიფერენტულობაც. ამ კონტექსტშია განსახილველია ,,ნიმბიზმის“ ფენომენი, რაც გამოხატავს ინგლისურენოვან აბრევიატურას - Not In My Back Yard  (,,სადაც გინდა, რაც გინდა შენდებოდეს, მაგრამ ჩემს სახლთან არა“). საქართველოში გავრცელებულ ამ სინდრომზე საუბრობს ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 90-იან წლებში, რომლის თქმით, ქართული საზოგადოების მზაობა თვითორგანიზებისთვის, საზოგადოებრივი სივრცის მართვისთვის თითქმის არ არსებობდა: ,,...თითოეული ცდილობს საკუთარი თავი გადაირჩინოს ნაცნობებითა და ნათესავებით სავსე განცალკევებულ ნავში. რისგან განცალკევებულში? რესპუბლიკისგან, respublica-სგან ანუ საერთო საქმისგან, საზოგადოებრივი სივრციდან...“.

 

ამ დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, შესაძლოა, საქართველოს ქალაქებისა და განსაკუთრებით თბილისის, მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი გახდეს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023